„დღეს არსებული ტარიფი ენერგოკომპანიების ოპერირებას შეუძლებელს გახდიდა“

„დღეს არსებული ტარიფი ენერგოკომპანიების ოპერირებას შეუძლებელს გახდიდა“

სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

კერძოდ, „თელასისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.498 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ - 26.537 თეთრამდე იზრდება.

რაც შეეხება „თელასის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტია.

ამასთან, „ენერგო პრო ჯორჯიას“ 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.494 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 21.707 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ - 26.227 თეთრამდე იზრდება.რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდეა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს დაასუბსიდირებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გაზრდილი ტარიფი სრულად დასუბსიდირდება თვეში ელექტროენერგიის 300 კვტ.სთ.-ის მომხმარებლებისთვის. ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდება.

ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მოსახლეობას კომუნალური გადასახადები არ მომატებოდა, იყო თუ არა სხვა გამოსავალი და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ქვეყანა ამ ტარიფს, for.ge-ს ამ კითხვებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი და ენერგეტიგის ექსპერტი, გია არაბიძე პასუხობს.

1 იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის საფასური 3.5 თეთრით გაძვირდება. პანდემიის ფონზე რამდენად იყო შესაძლებელი, რომ „თელასა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის საფასური არ გაეძვირებინათ?

- რეალურად ეს შეუძლებელი იყო, რადგან დღეს არსებული ტარიფი ამ კომპანიების ოპერირებას შეუძლებელს გახდიდა. 2020 წელი „თელასმაც“ და „ენერგო პრო ჯორჯიამაც“ საკმაოდ დიდი შეუსრულებელი ვალდებულებებით დაასრულეს.

კონკრეტულად შეუსრულებელ ვალდებულებებში რას გულისხმობთ?

- რას ვგულისხმობ - მათ შესასყიდი ელექტრო ენერგიის ფასი ძალიან სერიოზულად გაეზარდათ. მათ ვალდებულებები ჰქონდათ ინვესტიციის ჩადებისა, საბანკო მომსახურებისა, ხელფასების გაცემისა და ა.შ. ერთადერთი მათ რაც მოახერხეს, იყო ის, რომ მეტ-ნაკლებად ხელფასების საკითხი დაარეგულირეს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ სადგურების ვალი აქვს. ამიტომ, ამ ტარიფით ოპერირება შეუძლებელი იქნებოდა.

ტარიფი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი - ეს ტარიფი არ არის ის ტარიფი, რომ 1 იანვრიდან ჩვენ ელექტროკომპანიების საქმიანობაში რაღაც სერიოზული გარღვევები ვნახოთ. ეს ტარიფი არის ის მინიმალური ტარიფი, რომელიც აუცილებელია, როგორც დღეს ოპერირებენ კომპანიები, რომ ამ დონეზე მაინც ოპერირება გააგრძელონ, რათა ჩვენ არ შეგვიქმნას ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა. აი, ეს მოხდა ამ ტარიფის დაგეგმით.

უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს აუცილებელი პირობა იყო და აუცილებელი პირობის გამო მოხდა ტარიფის მომატება. თანაც მოხდა მინიმალური რაოდენობით. ამას, როგორც ექსპერტი ისე გეუბნებით.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც 200 კილოვატ ენერგიას მოიხმარს, სახელმწიფო 4 თვის განმავლობაში სუბსიდირებას აკეთებს და გადასახადი ეხსნებათ. 200 კილოვატი დაახლოებით 34 ლარია და ამ შემთხვევაში მოსახლეობა სუბსიდირებით როგორ ისარგებლებს? პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობაზე გაძვირებული ტარიფი არ აისახეობაო...

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 300 კილოვატამდე ვინც ელექტროენერგიას მოიხმარს, მას სხვაობას დღევანდელსა და ახალ ტარიფს შორის სახელმწიფო დაუფარავს. მაგალითად, ჩემი ოჯახი ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 250-270 კილოვატ ენერგიას მოიხმარდა და ამაში მე დაახლოებით 57 ლარს ვიხდიდი. ახლა ამ გადასახადზე დამემატება დაახლოებით 8 ლარი. ამ 8 ლარს სახელმწიფო მე დამიფარავს. თქვენ 300 კილოვატს არ გადააჭარბებთ, მაშინ სხვაობას სახელმწიფო დაგიფარავთ.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე სახელმწიფოს რამდენი ხანი ეყოფა რესურსი, რომ სუბსიდირება შეძლოს?

- ძალიან სერიოზული საკითხი დასვით. ეს პრობლემა გახლავთ. როდესაც ვსაუბრობდი ტარიფებზე, მუდამ ვამბობდი, რომ სახელმწიფომ მოწყვლად მოსახლეობაზე და მოწყვლად ეკონომიკის დარგებზე უნდა იზრუნოს. ბუნებრივია, ბიუჯეტს საკმაოდ დიდი პრობლემები ექნება, რადგან სუბსიდირების თანხა მცირე არ იქნება. სახელმწიფო დილემის წინაშე დადგა, ვინაიდან პანდემიის პირობებში მოსახლეობის შემოსავლები ძალიან დაბალია, ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირება მოეხდინა. აქ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

თუმცა, ერთ ვარიანტს კი ვხედავ, ეს ჩემი აზრია და მეტი არავის. სახელმწიფოს მხოლოდ მოწყვლადი მოსახლეობისთვის დაეფარა ეს ელექტროენერგიის სხვაობა. ის კი სწორად მიმაჩნია, რომ 300 კილოვატზე მეტს ვინც წვავს, მათზე არ ხდება სხვაობის გადახდა, რადგან მიმაჩნია, რომ მათ აქვთ საშუალება დახარჯოს და გადაიხადოს. რისი თქმა მინდა იცით, ეს ბიუჯეტი არ მინდა დაიხარჯოს შეძლებულსა და გაჭირვებულს შორის ერთნაირად. ანუ, შეძლებულსა და გაჭირვებულს სახელმწიფო ერთნაირად არ უნდა ეხმარებოდეს.

ენგურჰესი სარემონტოდ 4 თვით გაჩერდება. ამუშავების შემდეგ რამდენად იმოქმედებს ენერგეტიკის მიწოდებაზე და პრობლემების მოგვარებაზე?

- ჩვენს ელექტრონულ კალათაში ძალიან შემცირდა იაფი ელექტროენერგიის რაოდენობა. იაფი ელექტროენერიგიაა ენრგურჰესი და სხვა ჰესები, რომლებიც გამომუშავებულ ელექტროენერგიას დაბალ ფასში გვაძლევს. ენრგურჰესის გაჩერების შედეგად 4 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 90 მილიონის ელექტროენერგიის ყიდვა დაგვჭირდება. აქ სხვა გამოსავალი არაა. ენგურჰესი რომ არ გაგვეჩერებინა, შეიძლება მერე სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა. პრობლემებში ვგულისხმობ იმას, ჩვენს ენერგოკომპანიებს ოპერირება გასჭირვებოდათ. ამას დაემთხვა პანდემია და ეკონომიკური კრიზისიც, ამიტომ არის საშინელი კოლაფსის წინაშე რომ ჩავვარდით. პანდემია და ეკონომიკური კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი იოლად გადაივლიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნილებები საკუთარი გენერალიზაციის ხარჯზე. საკუთარი გენერალიზაცია არის ჰიდროელექტრო ენერგიის მშენებლობა. საქართველოში უნდა აშენდეს ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც ენერგეტიკულად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად იქნება კარგი. ყველაფერზე პროტესტი არ შეიძლება. რისი აშენების შესაძლებლობაც არის, უნდა აშენდეს.

რამდენ ხანს შევძლებთ ამ ტარიფის შენარჩუნებას?

- ეს არის 5-წლიანი ტარიფი. საერთოდ, ტარიფი რაც უფრო გრძელვადიანია, გაცილებით მომგებიანი და უკეთესი იქნება. მაგრამ, ივლისის თვეში ჩვენთან ბაზის ახალი მოდელი უნდა დაინერგოს და ეს გარკვეულ კორექციას გამოიწვევს. ვერ ვიტყვი, რომ სამომხმარებლო გადასახადში მოემატება ან დააკლდება, თუმცა, ამ საკითხების გავლა კიდევ ერთხელ მოხდება. თუ ჩვენთან ახალი ბაზრის მოდელი სრულყოფილად ამუშავდა, შემდეგ სამომხმარებლო ტარიფი იქნება დასადგენი მხოლოდ მოსახლეობისთვის და მცირე ბიზნესისათვის. სხვა დანარჩენი კომერციული მომხმარებლები შევლენ ბაზარზე და თავად ივაჭრებენ - ზოგი ძვირს გადაიხდის და ზოგი იაფს. ამიტომ, სემეკს სიტუაცია ცოტა შეუმსუბუქდება. კომერციული ობიექტების ტარიფს სემეკი აღარ დაადგენს. მე არ ვამბობ იმას, რომ 6 თვის შემდეგ ამ ტარიფს დააკლდება რამე ან პირიქით მოემატება, უბრალოდ, სხვა რეალობა დადგება.