2021 წელს მოსახლეობა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფით შეხვდება. სემეკის მიერ 3,5 თეთრით გაძვირებული ტარიფი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. გიორგი გახარია მოსახლეობას ჰპირდება, რომ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაასუბსიდირებს ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს 300 კვტ.სთ- ის მომხმარებლებისთვის.
შეიძლებოდა თუ არა, რომ ამ უსიამოვნო სიურპრიზის გარეშე შეხვედროდა მოსახლეობა ახალ წელს, ამის შესახებ for.ge- ს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა ესაუბრა.
ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ობიექტური მიზეზებით მოხდა, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, თუ სუბიექტურით? ნუთუ არ შეიძლებოდა ტარიფის ზრდის თავიდან აცილება?
- ტარიფის ზრდის თავიდან აცილება არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან სამი წლის წინ იყო დადგენილი ეს ტარიფები, ახლა ამ ყველაფერს ვადა გაუვიდა, შეიცვალა საბაზისო მონაცემები, ამიტომ აუცილებელი იყო ტარიფის გადახედვა და მისი კორექტირება. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ნაწილობრივ გაიზარდა ტარიფები და ეს მოჰყვა იმ ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია ლარის კურსთან, ინფლაციასთან და მრავალ სხვა ფაქტორთან. ეს არ ყოფილა ხელოვნური ღონისძიება.
ფაქტია, ტარიფების ზრდა არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელდა. ესეც შემთხვევითი დამთხვევაა?
- 1- ელ იანვრამდე აქვთ ვადა, ტარიფებს გადახედონ. არჩევნები სად იყო? სამი წლის წინ ამ არჩევნების შესახებ არაფერი არ იყო ცნობილი, ზუსტად სამი წლის წინ მოხდა მაშინდელი ტარიფების დადგენა. ეს ქრონოლოგიურადაც იყო გაწერილი, რომ სამი წლის შემდეგ, ანუ 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ძალაში უნდა შესულიყო ახალი ტარიფი, ანუ საუბარია 1- ელ იანვარზე. ამიტომ არავითარი პოლიტიკური სარჩული ამას არ ჰქონია. ეს ბიზნესაუცილებლობიდან, ეკონომიკური საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარეა. რაც შეეხება, როდიდან უნდა ამოქმედდეს ეს ტარიფი, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც სოციალური ფონი მძიმეა, მოსახლეობა უმუშევარია, ტარიფის გაზრდა ფსიქოლოგიურად მოქმედებს, მაგრამ მეტ-ნაკლებად სიმშვიდის გარანტია, რომ ხელისუფლება სუბსიდირებას აკეთებს ნამატზე და საკმაოდ მაღალი, 300-კილოვატიანი მოხმარების ფარგლებში დაფარავს ამ ნამატს ერთი წლის განმავლობაში. თუმცა არსებობს შიში და მოლოდინი იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდეს, სუბსიდირება შეწყდეს და ხალხს გაზრდილი ტარიფით მოუწიოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, ამ ერთი წლის განმავლობაში დავლაგდებით, ტურიზმიც, ეკონომიკური საქმიანობაც, ინდმეწარმეების, მცირე ბიზნესის საქმიანობაც გაძლიერდება, ასეთ შემთხვევაში, ამ საფასურის გადახდა არ იქნება ტრაგედია, როგორც ეს დღეს აღიქმება.
ოპოზიცია შეახსენებს ხელისუფლებას, რომ წინასაარჩევნოდ მისი დაპირება ტარიფების განახევრება იყო. შალვა ნათელაშვილი კი ამბობს, რომ ელექტროენერგიის სამთეთრიანი საფასური 35 თეთრი გახადეს, ანუ 12- ჯერ გააძვირეს.
- მაპატიეთ, მაგრამ ჩამოწერილი პოლიტიკოსების, არანორმალური ხალხის მოსაზრებები აბსურდულია. შალვა ნათელაშვილი აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს, ის არაპროფესიონალია. როგორ შეიძლება, ტარიფების განახევრება? თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ტარიფების განახევრების დაპირება თუ გასცა, მას შეეშალა, რადგან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ტარიფების განახევრება, წყლის უფასოდ მიწოდება, ელექტროენერგიის საფასურის განახევრება შეიძლებოდა. ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა სამეურნეო საქმიანობაში, მაშინვე მიხვდება, რომ ეს იყო ბლეფი და პოლიტიკური აქცია, რომელიც გამიზნული იყო ხალხზე ზემოქმედებისთვის. ფაქტობრივად, ტარიფებს ძვრა ვერ უყვეს და ვერ შეძლეს ტარიფების განახევრება კი არა, საგრძნობლად შემცირებაც კი. იმდენი დამატებითი სირთულეები ახლდა ამ პროცესს და იმდენი ძველი ცოდვები იყო დაკისრებული იმ დროისთვის მოქმედ ტარიფებზე, რომ მისგან გათავისუფლება ასე ადვილი არ იყო. სემეკმა ბოლო 4- 5 წლის განმავლობაში, მხედველობაში მაქვს მილორავას და ახლა უკვე ნარმანიას პერიოდი, შეძლო არამიზნობრივი მდგენელებისგან გათავისუფლება, რომელიც ტარიფში შედიოდა და ტარიფს ამძიმებდა.
არამიზნობრივ მდგენელში რას გულისხმობთ?
- ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციების ანაზღაურებასთან, ასევე, მიწოდების, განაწილების სირთულეებთან, ქსელის მდგომარეობასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო სავალალო და კატასტროფული. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, მოქმედებდა ტარიფის სიდიდესა და მაჩვენებლებზე. მაგალითად, დანაკარგების შემცირება მოხერხდა, მდგრადობის და საიმედოობის ამაღლება მოხერხდა, სიხშირის დასტაბილურება მოხერხდა, ეს ყველაფერი მოქმედებდა ტარიფსა და ელექტროენერგიის ხარისხზე. საერთოდ, ისეთი სისტემები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუბალანსებელია. დაბალანსებული სისტემის დროს სიმძლავრეების სათანადო რაოდენობა, თავისუფალი სიმძლავრეები და მოხმარების გარკვეული დონეები ერთმანეთთან თანაფარდობაშია, ეს საკითხიც მოგვარდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ირთვებოდა სინათლე ძველად, ავარიები ხდებოდა სისტემაში, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა სემეკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. დღეს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თელასის სისტემა მოწესრიგებულია.
რეალურად, რამდენია ელექტროენერგიის თვითღირებულება, რომ არ ყოფილიყო გაბერილი ტარიფები?
- 3-თეთრიან ტარიფს როცა ახსენებს ნათელაშვილი, ასე უნდა გავიგოთ, რომ, ალბათ, 3-კაპიკიანი ტარიფი აქვს მხედველობაში, რომელიც ძველად გვქონდა, ანუ 2,3 და 4- კაპიკიან ტარიფებს ვგულისხმობ. ალბათ, მაშინდელი კაპიკები ახლანდელ თეთრში ერევათ. სამთეთრიანი ტარიფი არასდროს არ ყოფილა ჩვენთან. თავის დროზე გაძვირება ხელოვნურად კი არ მოხდა, არამედ ეს იყო უცოდინრობით გაკეთებული. უცოდინრობის დოღი რომ იყო, იმ პერიოდში ვინ რას გამოკრა ხელი, მან მოახერხა რაღაცეების შენარჩუნება და რაღაცეების წაგლეჯა სახელმწიფოსგან, მაგრამ, რაც დაარსდა ეს ორგანიზაცია - სემეკი და მეტ-ნაკლებად მარეგულირებელი ორგანო, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩაცხრა, გაიფილტრა და მივიღეთ დღეს მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ კვალიფიციურია.
როგორ ფიქრობთ, სემეკის ინტერესებში არ უნდა იყოს ტარიფების ზრდა, რადგან სემეკში საკმაოდ მაღალი ხელფასებია? ტარიფის მატების ნაცვლად, რა შეიძლება ყოფილიყო ელექტროენერგიის ოპტიმალური საფასური?
- რთული კითხვაა, რამდენად შეიძლება გაზრდილიყო ან შემცირებულიყო დღეს არსებული ხარჯები. ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება ამას და მრავალი კომპონენტისგან შედგება. ენერგო-პრო ჯორჯია რომ ავიღოთ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფლობს რამოდენიმე ობიექტს და მთელ სისტემას, რომელიც მოუწესრიგებელია. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ხვდება მას მდგომარეობის სტაბილიზაციისა და სისტემის მდგრადობისთვის. თელასმა ეს უკვე გააკეთა, წყლის სისტემაც თბილისში უკვე ამ გზაზე დგას, მაგრამ ენერგო-პრო ჯორჯია ჯერ შორს არის ამ მიზნების განხორციელებისგან და მას დღეს დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ ის ფული, რომელიც ინვესტიციების სახით მოდის, დაიხარჯოს და დაბრუნდეს და მერე, როდესაც დანაკარგები, ელექტროენერგიის ხარისხი, ძაბვა, სიხშირე წესრიგში მოვა, შეიძლება ტარიფი გადაიხედოს და შემცირდეს.
რამდენი თეთრით შემცირებაზეა საუბარი?
- ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, დღეს ამის თქმა თვითონ სემეკსაც არ შეუძლია, რამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო ტარიფი. ფაქტობრივად, დღეს სემეკი რაც შეიძლება ათავისუფლებს ტარიფს ზედმეტი დატვირთვებისგან, რომელიც უკავშირდება კომპანიის საქმიანობას, ეს იქნება კეთილდღეობა, ადამიანთა ანაზღაურება, შენაძენები, არამიზნობრივი ხარჯები და ა.შ.
მაგრამ ყველაზე მაღალი ხელფასები ტრადიციულად სემეკშია.
- ამაშია საქმე. ამ ყველაფერს სათანადო შეფასება სჭირდება. დღეს ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი სადღაც 600-700 ლარის ფარგლებშია, ამ სიტუაციაში ენერგოკომპანიებში მომუშავე ორგანიზაციების ხელფასი რომ მიზნობრივი გავხადოთ და ვისწრაფოდეთ ამ საშუალო ხელფასისკენ, ეს სწორი არ იქნება, რადგან მათი შრომა არალიმიტირებული, არანორმირებულია და ამიტომ მათი შრომა უნდა დაფასდეს, ისინი 24 საათის განმავლობაში მუდმივი საფრთხის, მუდმივი წინააღმდეგობის ქვეშ არიან. ამიტომ მათი ხელფასები უნდა იყოს უფრო მაღალი, მაგრამ ის, რომ საშუალო ხელფასი ორგანიზაციაში 3-4-ჯერ დაბალია, ვიდრე უფროსის ხელფასი, ასე არ უნდა იყოს. ზოგიერთ ორგანიზაციაში ზოგს 37 ათასი აქვს ხელფასი და ზოგს 40 ათასი, მხედველობაში მაქვს საპარტნიორო ფონდის უფროსი. ასეთი ანომალიები არის, მაგრამ ამის შემცირებას დრო სჭირდება.
იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგია რამდენად ამძიმებს დენის ტარიფს?
- იმპორტირებული ელექტროენერგია რომ უფრო ძვირია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ჩვენ ადგილობრივი წარმოება უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე შემოტანილი ელექტროენერგია. ეს ბუნებრივია. იმპორტის წილი რაც უფრო მაღალი იქნება, ეს ტარიფს მით უფრო აწვება. იმპორტირებულ ენერგიაზე ორიენტირებული პროდუქციაც ძვირია და არ გაიყიდება. მოსახლეობას არ უნდა არც დიდი, არც საშუალო, არც მცირე ჰესების აშენება იმ მოტივით, ეკოლოგიურად მიუღებელიაო. მხედველობაში მარტო ჰესები არ მაქვს, არამედ თბოსადგურები, ქარის, მზის ენერგიის, თერმული წყლების გამოყენება, ეს ყველაფერი რაღაც პროპორციით უნდა გამოვიყენოთ ენერგეტიკაში. თუ ჩვენ სითბურ ენერგიას ცხელ წყალში მომარაგებისთვის გამოვიყენებთ, თუ გამოვიყენებთ სათბურებისა და მოსავლიანობის გაზრდისთვის, ეს გამოათავისუფლებს ელექტროენერგიის მოხმარებას და შეიქმნება მატერიალური დოვლათი. ეს იმოქმედებს ტარიფზეც, პროდუქციის თვითღირებულებაზეც.
რამდენად მიზანშეწონილია, პოლიტიკური აქტი ისევ გაგრძელდეს და აფხაზებს ჩვენს ხარჯზე უფასოდ მივაწოდოთ კოლოსალური რაოდენობით ელექტროენერგია?
- მოგეხსენებათ, ენგურჰესის მშენებლობა ჩემს კისერზეა გადასული, უშუალოდ ვმონაწილეობდი ენგურჰესის პროექტირებაშიც, მშენებლობაშიც, ექსპლუატაციაშიაც, ასეთი დამკვიდრებული ტრადიცია იყო, რომ ელექტროენერგია, რომელიც წარმოიშობა ენგურის გამომუშავებით, თანაბრად ნაწილდებოდა მთელ საქართველოზე, მათ შორის, აფხაზეთზე, რომელიც საქართველოს ნაწილია. არსებობდა ერთიანი სისტემა, რომელიც ელექტროენერგიას ანაწილებდა რეგიონებში, მათ შორის, აფხაზეთშიც. დღესდღეობით აფხაზეთი ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ არის, მაგრამ ვერ ვეტყვით აფხაზებს, ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგია თქვენი არ არისო და ვერ შევუწყვეტთ ელექტროენერგიას, ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან აფხაზეთის ტერიტორია ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ გვევალება, ვიზრუნოთ ელექტროენერგიით მათ მომარაგებაზე, მაგრამ ის, რომ აფხაზები უყაირათოდ ხარჯავენ ელექტროენერგიას, მრიცხველები არ აქვთ, შეშას არ იყენებენ და თავიდან ბოლომდე ელექტროენერგიის ხარჯვაზე არიან გადასულნი, დიდი დანაშაულია. ეს ვნებს არა მხოლოდ თვითონ აფხაზებს, არამედ მთელ ქვეყანას და მთელ ეკონომიკას. თქვენ წარმოიდგინეთ, თელასს გამრიცხველიანება რომ არ მოეხდინა, თვითდინებაზე მიეშვა ელექტრომომარაგების საკითხები, ხომ გახსოვთ, როგორ იწვებოდა ჩვენი ტრანსფორმატორები, როგორ ქრებოდა სინათლე მთელ უბნებში, ახლა ზუსტად იგივე მდგომარეობაა აფხაზეთში, ამიტომ წესრიგი უნდა დავამყაროთ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებაში. ელექტროენერგიის ყაირათიანობა ნიშნავს იმას, რომ აფხაზებმა საფასური უნდა გადაიხადონ და აღრიცხვიანობა უნდა მოწესრიგდეს, ამისთვის ისინი არავითარ ნაბიჯებს არ დგამენ. გამოდის, გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-45% ჯამურად, წლიურ ჭრილში ხმარდება აფხაზეთს, დანარჩენს იყენებს მთელი საქართველო.
თავისუფალი ეკონომიკური ზონებიც დიდწილად უყაირათოდ მოიხმარენ ელექტროენერგიას. ტარიფის სიძვირეს ესეც განაპირობებს?
- თავისუფალი ეკონომიკური ზონები ნიშნავს იმას, რომ იქ შეღავათებია დაწესებულებული საგადასახადო კუთხით, რაც ელექტროენერგიაზეც ვრცელდება. რა თქმა უნდა, ეს აწვება ჩვენს ხალხს. თავისუფალ ეკონომიკურ ზონას შეღავათს უწესებენ იმისთვის, რომ წარმოება გაფართოვდეს და პროდუქციის რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ ამ სიკეთეს ჩვენ ვერ ვგრძნობთ. ამიტომ, ალბათ, გარკვეული კონტროლია საჭირო, თავისუფალი ეკონომიკური ზონების საქმიანობა უნდა გაანალიზდეს, არ შეიძლება, მუდმივად შეღავათი ვუკეთოთ ყველას და სათანადო უკუგება არ მოგვცეს ამ შეღავათებმა. შეღავათი უკუგების გარეშე არ არსებობს.