„თუ მოიძებნა 30 მანდატი, რომელიც პარლამენტში შევა, ის შეიძლება იქცეს ბირთვად, რომელიც მესამე ძალის ამომრჩეველს გააერთიანებს“

„თუ მოიძებნა 30 მანდატი, რომელიც პარლამენტში შევა, ის შეიძლება იქცეს ბირთვად, რომელიც მესამე ძალის ამომრჩეველს გააერთიანებს“

საკმაოდ საინტერესო წელი გვქონდა, გაჯერებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებით. წლის დასასრულს კი ვიხილეთ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თანამდებობიდან გადადგომა, „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან ელენე ხოშტარიას გასვლა და „გირჩის“ გაყოფა, რის შედეგადაც, სახეზე გვაქვს ორი „გირჩი.“ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, For.ge ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ოპოზიცია მორიგი, მეხუთე რაუნდის გამართვის მოლოდინშია, თუმცა, უცნობია თარიღი, როდის გაიმართება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა.  როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ თუ არა პარლამენტში ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ამ დრომდე რჩება ბოიკოტის რეჟიმში?

- ძალიან უცნაური წელი გვქონდა. გვახსოვს, წელი დაიწყო ოპოზიციის და ხელისუფლების დაპირისპირებით, მაშინ საქმე საარჩევნო სისტემებს ეხებოდა, რისთვისაც ოპტიმალური ვარიანტი მოიძებნა და მხარეები შეთანხმდნენ. ახლა ისევ დაპირისპირებაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ისევ იმ პოლიტიკურ რეალობაში ვიმყოფებით, როდესაც ერთმანეთს, ფაქტობრივად, არ ელაპარაკება ოპოზიცია და ხელისუფლება. ის მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს, უფრო მოვალეობის მოხდას ემსახურება, ვიდრე ფიქრს, რომ რაღაცნაირად შედეგს მიაღწიონ.

არც ერთ მხარეს არ უნდა ნაბიჯი გადადგას ერთმანეთის შესახვედრად, კომპრომისისთვის არც ერთი მხარე არ არის მზად. წინ არის ერთი თვე და მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი კომპრომისი მოიძებნება. შედეგად, ქვეყანაში უფრო სტაბილური პოლიტიკური ვითარება ჩამოყალიბდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მალე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის მიღებას დაიწყებს. როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე აკეთებს თალაკვაძე ამ განცხადებას? ვიცით, რომ იგი ხელისუფლებას და ოპოზიციის შორის გამართული შეხვედრების უშუალო მონაწილეა.

- თუ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ეს მაქსიმუმ თებერვლის შუა რიცხვებისთვის უნდა მოხდეს, რომ პრობლემები მოგვარდეს და შეთანხმება იქნეს მიღწეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული იქნება, განიხილოს მათი განცხადებები მანდატების დატოვების შესახებ. ამ შემთხვევაში ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე საუბარი გამორიცხულია. არ მგონია, რომ ხელისუფლებამ დათმოს და ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს.

თუ კომპრომისზეა საუბარი, ასეთი კომპრომისი საარჩევნო სისტემის შეცვლაა, რასაც არ სჭირდება პარტიების პარლამენტში აუცილებელი შესვლა, თუმცა, სჭირდება 30 მანდატი, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციაში იქნას შეტანილი. შესაძლოა, აქვთ მოლაპარაკებები გარკვეულ ჯგუფებთან. რამდენიმე განცხადება ვნახეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა შევიდნენ პარლამენტში, თუმცა, ვნახოთ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი.

თალაკვაძეს შესაძლოა ეს ჰქონდეს მხედველობაში. თამასამ ძალიან მაღლა აიწია და ოპოზიციასაც საკმაოდ დიდი ნებისყოფა სჭირდება, სურვილის შემთხვევაში, რომ ამ მყარი წერტილიდან დაიძრას.

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. თქვენი აზრით, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა შიდა პარტიულ დაპირისპირებას?

- მიჭირს შიდა კონფლიქტზე საუბარია, თუმცა, როგორც თქვეს, იყო განსხვავებული შეხედულებები. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე „ევროპულმა საქართველომ“ ხოშტარიას ფიგურა სათანადოდ ვერ შეაფასა და ვერც გამოიყენა.

მეორე მხრივ, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, თუ არ მოხდება შეთანხმება და ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ქუჩაში დარჩება, ქუჩაში დომინანტი ისევ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე „ძალა ერთობაშია“. პატარა პარტიების ამომრჩეველი ძირითადად ორ პოლუსზე გადანაწილდება.

სტრატეგიაში, არ გამოვრიცხავ, რომ ხოშტარია თავისი შექმნილი ახალი პარტიით სწორედ იმ კოჰორტას შეუერთდეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ ჩამოყალიბებული „ძალა ერთობაშია“ ჰქვია. იგი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პოლუსი. თუ იქნება რიგგარშე არჩევნები, ხოშტარია აქტიური ქალია და შესაძლოა, მან ერთპროცენტიანი ბარიერი დაძლიოს, არ ჰქონდეს ვინმესთან გადასვლის აუცილებლობა. თუმცა, თუ არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნა, გაუჭირდება ამ ბარიერის დაძლევა.

ბოლო დროს „მოქალაქეებისთვის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. იგი მწვავედ უპირისპირდება „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს. მიდის თუ არა ოპოზიციაში დაყოფის პროცესი? შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში ცალკეული პოლიტიკოსების შესვლა ვიხილოთ?

- ძალიან გაუჭირდება ცალკეულ რომელიმე პარტიას პარლამენტში შესვლა, თუნდაც ელისაშვილს. ძალიანაც რომ უნდოდეს, ეს იქნება მისთვის უარესად წამგებიანი. თუ მოიძებნა 30 მანდატი, რომელიც პარლამენტში შევა, ეს შეიძლება იყოს სერიოზული ძალა უკვე შიგნით პარლამენტში და დიდი ალბათობით, შეიძლება იქცეს იმ ბირთვად, რომელიც მესამე ძალის ამომრჩეველს გააერთიანებს.

მიჭირს თქმა, ელისაშვილი ცალკე შესვლას გადაწყვეტს თუ არა, ალბათ, არ შევა და სწორიც იქნება. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ასე შემართებით იბრძვის „ევროპული საქართველო“ და მისი ლიდერები იმისთვის, რომ პარლამენტში კი არ შევიდნენ, ქუჩაში დარჩენენ, რა პერსპექტივა აქვთ? მათი ძალა, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის თუ ქუჩაში დარჩებიან, კი არ იზრდება, მცირდება. მისი ელექტორატი, რომელიც თავის დროზე გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი იყო, ისევ იქით წავა და არა მათკენ.

გაუგებარია მათი აქტიურობა მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაოაბა“ შედარებით მშვიდია. ალბათ, ამან გამოიწვია ელისაშვილის და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირება.

ოპოზიციაში მოხდება სერიოზული გადაჯგუფებები. ემოციები ნელ-ნელა ჩაცხრება და სიტუაცია დამშვიდდება. არსებული ვითარება ოპოზიციისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვისაც უფრო ლოგიკური და ახსნადი გახდება, ვიდრე დღეს არის.

ძია მიხო ოპოზიციის ბოიკოტის ნამდვილი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მათ არა აქვთ საკუთარი თავის იმედი, რომ საპარლამენტო უმცირესობის პირობებში მუშაობას შესძლებენ. მათ მხოლოდ უმრავლესობაში წარმოუდგენიათ თავი. ამიტომ ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აზრი არა აქვს. ოპოზიცია გაიძახის, ერთპარტიული პარლამენტი ჩინეთსა და ვიეტნამშია, ჩვენ ეს როგორ გვეკადრებაო! რატონ ჰგონიათ ნეტავ, რომ ჩინელებზე და ვიეტნამელებზე უფრო ჭკვიანები არიან? უმრავლესობაში ყოფნისას რას აკეთებდნენ სასარგებლოს? თამარ ჩუგოშვილის თქმით 2009 წელს პარლამენტის დარბაზი თითქმის ცარიელი იყო და სანოტარო ბიუროს უფრო ჰგავდა.
3 წლის უკან
ძია მიხო ვადამდელ არჩევნებს იმიტომ არა აქვს აზრი, რომ წინასწარ შეიძლება იმის თქმა ვინ გაიმარჯვებს. თუ შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში ხმების 42,49% (პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით) მოაგროვა, ვადამდელ არჩევნებში ისინი ბევრად ნაკლებს ხმებს მიიღებენ. ხალხმა დაინახა მათი აღვირახსნილობა და არც იმის მიხვედრაა ძნელი, რომელი უფრო მისაღებია მთავრობის თავმჯდომარედ, გიორგი გახარია თუ ნიკა მელია ან მიშა სააკაშვილი.
3 წლის უკან