ადგილობრივი წარმოება მძიმე დღეშია და არც მომავლის იმედი აქვს

ადგილობრივი წარმოება მძიმე დღეშია და არც მომავლის იმედი აქვს

ადგილობრივი წარმოება რთულ მდგომარეობაშია. მათი თავსატეხი პანდემიასა და შეზღუდვებთან ერთად, ლარის გაუფასურებაა, რომელიც უკვე უკიდურეს ზღვარზეა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეროვნულ ვალუტას წელს დეკემბრის ტრადიციული გამყარება არ შეხებია. ასე რომ, შემდგომი ოდნავი რყევა ბიზნესს მძიმე დღეში ჩააგდებს. მოსახლეობა კი ისედაც გამოუვალ მდგომარეობაშია, მისი მსყიდველუნარიანობა მინიმუმს დაბლაა და ამიტომაც მეწარმეები ყველა მხრივ ჩიხში მოექცნენ. ისინი რეალიზიციის მკვეთრ ვარდნას უჩივიან.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი უფრო გაღრმავდება. მისი აზრით, კარგი იქნებოდა მთავრობასთან ინდივიდუალურად კი არ ხდებოდეს პრობლემების გადაწყვეტა, არამედ მასშტაბურად, რადგან კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხო.

„წელს, შარშანდელთან შედარებით, წარმოება დაახლოებით 30%-ით გავზარდეთ, თუმცა, პროდუქციის მოხმარება შემცირდა და ეს ჩვენთვის პრობლემა აღმოჩნდა. კომპანია ტურიზმთან და სარესტორნო ბიზნესთან არის დაკავშირებული და ორივე გაჩერდა, რისი დანაკლისიც ჩვენზე პირდაპირ აისახა. გაყიდვებში, დაახლოებით, 20%-მდე კლება გვაქვს. 2021 წლიდან ფაქტობრივად ყველა გაღარიბებას დაიწყებს, მთავრობამ ეს პროცესი უნდა შეაჩეროს, თუმცა ამის გაკეთება ინდივიდუალურად შეუძლებელია.

მთავრობის პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ის ყველასთვის ერთნაირი იყოს. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია სასტუმროებმა, ერთი წლის განმავლობაში ქონების გადასახადი რატომ არ უნდა გადაიხადონ, რადგან კრიზისი რეალურად ყველას შეეხო, როგორც მომხმარებელს, ასევე, ბიზნესს. ჩვენ ამჟამად პროდუქცია არც ერთი თეთრით გაგვიძვირებია, თუმცა ეს დროებითია“, - განაცხადა „საქმის კურსში“ ვაშაკიძემ.

მწარმოებლები არ მალავენ, რომ ლარის მასშტაბური გაუფასურების გამო, დიდი დარტყმა ელით და შეიძლება ზოგიერთი კომპანიისთვის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდეს. საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მთავრობა, ასევე ბიზნესიც, პანდემიას ებრძვის, მაგრამ ასევე ჭირს გაუფასურებულ ლართან გამკლავება.

„არ ვიცი, როგორ უნდა გაუძლოს ბიზნესმა ამ მდგომარეობას. დევალვაციას და გაძვირებულ ტარიფებს თუ მივყვებით, წესით, პროდუქტი ისე უნდა გაძვირდეს, რომ მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მისი ყიდვა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, პირველ რიგში, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე.

სამომავლოდ ფასები, დიდი ლაბათობით, მაინც გაიზრდება. კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ, ბევრი შეიძლება გაკოტრდეს და ეს პროცესი გაზაფხულიდან გველის“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა და დასძინა, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობას არაფერი გაუკეთებია, რაც ადგილობრივი მეწარმეების მდგომარეობას შეამსუბუქებდა.

„ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. ერთი შეხედვით, მუდმივად შეღავათებზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, არანაირი შეღავათი არ დაწესებულა. ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ველოდით ცვლილებას, რამე შეთავაზებას გადასახადების მიმართულებით, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ რატომღაც მთავრობა ამ მდგომარეობას არ ითვალისწინებს, თუკი სამშენებლო ბიზნესს გარკვეული შეღავათი გაეწია, მეფრინველეობის სფეროს მიმართ არაფერი გაკეთებულა. უმძიმეს პირობებში გვიწევს საქმიანობა, რაც მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს, ბევრი კომპანია გაკოტრდება. ვინც დარჩება, წარმოებული პროდუქტის გაძვირება მოუწევსბ სხვა არჩევანი უკვე აღარ გვაქვს“, - განაცხადა ბიზნესმენმა.