“ელიავას ბაზრობის ეპოპეა კვლავ გრძელდება.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“ 2 წლის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ (მმგ) პროექტის ირგვლივ განვითარებულ პროცესს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ არსებული დოკუმენტის შინაარსი, მისი მიღების ისტორია და იმ მხარეთა ინტერესები რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ დოკუმენტის ავკარგიანობით. მაშინ, ჩვენს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაგვანახა, რომ საკითხი არ იყო ერთგვაროვანი და მმგ-ს ირგვლივ აშკარად იკვეთებებოდა კონკრეტული ჯგუფების, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური ინტერესები.
ცნობისთვის, “სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა.
მიუხედავდ იმისა, რომ ჯერ კიდევ თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ „2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ , ეს პროცესი მთელი რიგი ხარვეზების და პრობლემების გამო კიდევ ორი წელი გაიწელა და თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი 2019 წლის 19 მარტს დაამტკიცა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის და შემდეგ მისი დამტკიცების პროცესში, გენგეგმის ავტორები ინტენსიურად აყენებდნენ საკითხს ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ, თუმცა საბოლოოდ დედაქალაქის მერიაში კერძო საკუთრების პრიმატის, თვითდასაქმებული ათეულ ათასობით მოქალაქის სოციალური ინტერესების და მთელი რიგი საერთაშორისო ქარტიების დებულებების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ბაზრობა თავის ადგილზე დარჩენილიყო, თუმცა მისი იერსახე უნდა შეიცვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ გენგეგმის საბოლოო დოკუმენტიდან ბაზრობის სხვა ადგილზე გადატანა გამოირიცხა, ეს პრობლემა დღემდის გადაუჭრელი რჩება.
ელიავას ბაზრობის ისტორია ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწყება, როცა ეს ადგილი სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელს წარმოადგენდა და ის უზარმაზარი ორმოებით იყო დაფარული. როდესაც ტერიტორიას კერძო მესაკუთრეები გამოუჩნდნენ, ნელ-ნელა დაიწყო ამ სივრცის მოწესრიგება. შემოტანილი იქნა უამრავი სამშენებლო ნარჩენი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ღორღი, რომლითაც ამოვსებული იყო ეს ორმოები და ასე მოსწორდა მიწის ზედაპირი.
თავდაპირველად ელიავას ბაზრობა არ იგეგმებოდა, როგორც ბაზრობა ამ სიტყვის მაშინდელი (არც დღევანდელი) გაგებით. იმ პერიოდში თურქეთის ექსიმბანკს გამოცხადებული ქონდა კონკურსი საქართველოში რამოდენიმე დიდი ბიზნეს პროექტის დაფინანსებაზე და სწორედ ამ კონკურსში გაიმარჯვეს მაშინ ამ ტერიტორიის მეპატრონეებმა. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტი გახდათ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და სწორედ ამ დაფინანსების წყალობით გახდა შესაძლებელი საქართველოში კოკა-კოლას წარმოების გახსნა. ელიავას მესვეურთა პროექტი ითვალისწინებდა ამიერკავკასიაში პირველი დიდი ჰიპერმარკეტის მშენებლობას და მის განხორციელებას თითქოსდა წინ არაფერი უდგა.
სამწუხაროდ ამ პროექტის განხორციელება მაშინ ვერ მოხერხდა, რადგან წარმატებული ბიზნეს პროექტში უკანონოდ მონაწილეობა ბევრმა, მაშინდელმა ხელისუფლების თუ „შავი სამყაროს“ წარმომადგენელმა მოინდომა და დაიწყო გაუთავებელი ბრძოლები ამ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად. პროცესში ჩართული იყო კორუმპირებული ბიუროკრატიული სისტემაც, რაც ელიავას ტერიტორიის განვითარების საქმეში გადაულახავ ბარიერად იქცა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ.
უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოიდგინოთ სიტუაცია, საკმარისია ელიავას ბაზრობის ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს დახედოთ წლების მიხედვით, დაუკვირდეთ მისი დანაწევრების ხასიათს, მესაკუთრეებს, პარალელურად ქრონოლოგიურად მივყვეთ თუ ვინ იყვნენ იმ დროს ქალაქის ხელმძღვანელები და თვალნათელი გახდება თუ რატომ ვერ მოხერხდა თურქული ინვესტიციით თანამედროვე ჰიპერმარკეტების ქსელის აშენება.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ადვილი წარმოსადგენია იმ პრობლემების მასშტაბი, რომელსაც შეეჯახა „ელიავა“ წინა ხელისუფლების დროს. მაშინ როდესაც პრობლემა უკიდურესად გამწვავდა, დედაქალაქის მაშინდელი მერიის წინ რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა და სოციალური პროტესტმა კინაღამ პოლიტიკურ კრიზისი გამოიწვია, რომლის განმუხტვა მხოლოდ კარდინალური საკადრო ცვლილების მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რაც დედაქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყენებაში გამოიხატა.
2010 წლიდან მოყოლებული ელიავას ბაზრობის დიდი ნაწილის მესაკუთრეებს ქონდათ არაერთი მცდელობა, როგორმე მოეწესრიგებინათ იქაურობა და თანამედროვე სახე მიეცათ არსებული სიტუაციისათვის, მაგრამ ყველა ეს წამოწყება კვლავ ბიუროკრატიულ ბარიერს და „ვიღაცის“ სურვილს, ხელში ჩაეგდო ეს ტერიტორია, ეწირებოდა.
დღესაც არსებობს თბილისი საკრებულოს მიერ დამტკიცებული ელიავას ბაზრობის 50%-ის განვითარების გენერალური გეგმა თუმცა არც ამ პროექტის განხორციელება არ ხერხდება ზემოთ ხსენებული ბიუროკრატიული და პირადი ინტერესების გამო.
კახა კალაძის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება ელიავას ბაზრობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტასაც ითვალისწინებდა, თუმცა როგორც ჩანს მისი მერობის პირველ ვადაში (მეორე ვადით მისი ამ პოსტზე ბალატირების შესახებ ჯერ არ არის ცნობილი) ეს საქმე მაინც ვერ იქნება ბოლომდე მიყვანილი.
„რამდენიმე წელიწადში ელიავა განახლებულ სახეს მიიღებს“ - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, 2020 წლის 25 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წარდგენისას დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან შეთანხმდა სატენდერო პირობები და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა ირაკლი ხმალაძეს ბაზრობაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
„ტენდერი დასრულდა და გვყვავს გამარჯვებული კომპანია. სატენდერო პირობებში მესაკუთრეები იმიტომ გვყვავდა ჩართული, რომ მათი და პირველ რიგში იმ მოვაჭრეების ინეტერესები, ვინც იქ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, ყოფილიყო გათვალისწინებული. რა დოკუმენტსაც შეადგენს გამარჯვებული კომპანია და შემდგომში გადაამუშავებს თბილისის მერია დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნება თქვენთან - თბილისის საკრებულოში და ერთად მოგვეცემა ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში ელიავა მიიღებს განახლებულ სახეს, სწორედ ისეთი სცენარით როგორსაც განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. ამ პროცესში ჩართულები იქნებიან მესაკუთრეები და პირველ რიგში დაცული იქნება მათი და კერძო მოვაჭრეების ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
2020 წლის 7 დეკემბერს სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა კონკურსი - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.“ პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 600.000 ლარია.
წინადადების მიღება დასრულდა 25 დეკემბერს და აღნიშნულ კონკურსში მხოლოდ ერთმა პრეტენდეტმა მიიღო მონაწილეობა, ესაა შპს არტსტუდიო-პროექტი, რომელიც სავარაუდოდ გახდება კიდეც კონკურსის გამარჯვებული.
როგორც საკონკურსო პირობებშია მითითებული შესყიდვის მიზანია ქალაქგეგმარებითი არეალის, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევებისა და საპროექტო ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს არეალის ეკონომიკური, ეკოლოგიური, ქალაქგეგმარებითი და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბაზრობის ძირითადი პროფილის უცვლელად. განახლებული ობიექტი უნდა გახდეს ეკონომიკური და საზოგადოებრივი მიზიდულობის კერა ქალაქის მასშტაბით. რევიტალიზაციის განხორციელებისას და მის შემდეგაც, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები იმ სფეროებში, რომელიც ქალაქის ძირითად ეკონომიკურ პროფილს წარმოადგენს.
"მოცემულ ეტაპზე გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, საკვლევი ტერიტორიის დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ე.წ ელიავას ბაზრობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რევიტალიზაციის გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით მოწესრიგებული გარემოს ფორმირებას. ამასთანავე, იგი თანხვედრაში იქნება ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებთან. იქცევა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად, გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და ფაქტიურად ახალ იდენტობას შესძინეს მათ. "-ვკითხულობთ საკონკურსო პირობებში.
რევიტალიზაციის შემოთავაზებული კონცეფცია უნდა მოიცავდეს:
- სავაჭრო, საწარმოო, კომერციული და სარეკრეაციო ფუნქციების გადანაწილებას, ბაზრის და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საკადასტრო ერთეულების რეორგანიზების გადაწყვეტებს, საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო ერთეულების ფართობის პროპორციული ცვლილების/შემცირების გზით;
- სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამის გეგმარებით გადაწყვეტებს, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
- გამართულ სატრანსპორტო ლოჯგისტიკურ გადაწყვეტებს, როგორც საქალაქო/საუბნო დონეზე, ასევე ბაზრობის შიდა ტერიტორიისთვის;
- გამართულ სატრანსპორტო და საპარკინგე ინფრასტრუქტურას; ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მექანიზმებს, მათ შორის გამწვანებული და სარეკრეაციო სივრცეების რაოდენობრივი ზრდისა და ბუნებრივი ვენტილაციის შესაძლებლობების გამოყენების კუთხით; გამწვანების კოეფიციენტის (კ3) დაცვის პრინციპით;
- ბაზრობის ერთიან სივრცით-მოცულობით/არქიტექტურულ გადაწყვეტას, განაშენიანების ინტესივობის ფაქტობრივი კოეფიციენტის (კ2) მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე.
პროექტის პირობები ითვალისწინებს კონსულტაციებს ბაზრობის მესაკუთრეებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა საბოლოო დოკუმენტში შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იყოს მათი პოზიციაც და მაქსიმალურად შეჯერებული იქნეს საჯარო და საზოგადო ინტერესები.
შეგახსენებთ რომ ე.წ. ელიავას ბაზრობა ქალაქის ცენტრში 15 ჰექტარ ტერიტორიას იკავებს, ამ ტერიტორიას ათეულობით დიდი და პატარა მეპატრონე ყავს და იქ 15 000-მდე ადამიანია დასაქმებული.
მიუხედავად თბილისის ვიცე-მერის განცხადებისა, რომ ქონდათ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ბაზრობის მეპატრონეების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ მერიის მხრიდან, კონკურსის პირობების შემუშავების ეტაპზე მათი მოსაზრებები არ ყოფილა გაზიარებული.
საკონკურსო პირობებით პროექტი უნდა დამთავრდეს 9 თვეში, რის შემდეგაც მიღებული იქნება ე.წ. საპროექტო დავალება, რომელიც მერე უნდა დაამტკიცოს თბილისის საკრებულომ და მხოლოდ ამის შემდგომ გახდება შესაძლებელი ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებმა წარადგინონ თავიანთი პროექტები.
აღნიშნული პროცედურებს მინიმუმ 2-2,5 წელი მაინც დაჭირდება და თუ შემდგომი მშენებლობის ვადებსაც გავითვალისწინებთ, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის თანამედროვე სტანდარტებით მოწესრიგებას მინიმუმ 4 წელი მაინც დაჭირდება. ამ დროის განმავლობაში სხვა სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტები დიდი სისწრაფით ვითარდებიან და 4 წლის თავზე, შეიძლება ელიავას ბაზრობის დღევანდელი ბიზნეს პროფილი, უკვე აღარც კი იყოს კონკურენტუნარიანი და იქ სულ სხვა სახის განვითარება ვიხილოთ.
ელიავს ბაზრობის 28 წლიანი ეპოპეა კვლავ გრძელდება და მას ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს თვითმმართველობა მისი კლასიკური გაგებით. არსებული რეალობა ვერანაირად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. თვითმმართველობის და მმართველობის ფუნქციების აღრევა, სუსტი და არაფრის მომცემი კანონი თბილისის შესახებ, მოუქნელი ბიუროკრატია, მშენებლობის თუ სხვა სახის ნებართვების გაცემის ძველი საბჭოთა სისტემა, რომელიც ვერ პასუხობს მოქალაქეების და ბიზნესის მოთხოვნებს, საბოლოო ჯამში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე აისახება უარყოფითად.
ჩვენი ორგანიზაცია, კვლავ აპირებს მონიტორინგი გაუწიოს ამ პროცესს და მოვლენების განვითარების შესაბამისად პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას“.