სვანეთში კრიპტოვალუტის ფერმების მიზიდულობის ადგილად რჩება. მიზეზი, რა თქმა უნდა, უფასო ელექტროენერგიაა. რამდენიმე თვის წინ პრობლემა თითქოს ჩაცხრა, მაგრამ ახლა თავიდან იფეთქა. როგორც კი ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, „მაინერებიც“ გააქტიურდნენ.
რამდენიმე დღის წინ, სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. დატაცების ფაქტის გამოვლენა მოხდა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ.
ინფორმაცია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ გაავრცელა, რომელიც სვანეთს ელექტროენერგიით უფასოდ ამარაგებს და ციფრული ვალუტის მაინიგის გამო ხარჯი ყოველწლიურად ნახტომისებურად ეზრდება.
„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო „ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით გაზრდილ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოჰყავს. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, სასტუმრო „ბანგურიანის“ ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ სასტუმროს ამ ფაქტთან არავითარი კავშირი არ აქვს:
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტის გამოვლენასთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სასტუმრო „ბანგურიანს“ ამ ფაქტთან არავითარი შეხება არ აქვს. აღნიშნული ფართი განთავსებულია სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და არ წარმოადგენს სასტუმროს საკუთრებას. ხაზგასმით უარვყოფთ სასტუმროს რამე სახის კავშირს კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების განთავსებასა და ნებისმიერი ფორმის კანონდარღვევასთან.
სასტუმრო „ბანგურიანს“ მისი არსებობის მანძილზე არასდროს ჰქონია იმ ოდენობის დენის მიწოდება-მოხმარება, რაც საჭიროა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების ფუნქციონირებისთვის და შესაბამისად, სიმართლეს არ წარმოადგენს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებაში მითითებული გარემოება, თითქოს სასტუმროს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს, მათი მხრიდან არ მომხდარა კომუნიკაცია სასტუმრო „ბანგურიანთან“ და სასტუმროს ამ კონტექსტში მოხსენიება საფრთხეს უქმნის მის საქმიან რეპუტაციას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ დააკორექტირებს მითითებულ განცხადებას, სასტუმრო „ბანგურიანი“ იტოვებს უფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები“, - ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საგრძნობლად მატულობს კრიპტოვალუტის მწარმოებელი მაინერების რიცხვი. განსაკუთრებით კი იმ რეგიონი, რომელიც დენის გადასახადისგან სრულიად თავისუფალია და მსურველებს უფასოდ შეუძლიათ ნებისმიერი რაოდენობის ელექტეროენერგია მოიხმარონ, რათა ბიტკოინებით შემოსავალი მიიღონ.
ტყემალზე გეთანხმები!
მაგრამ ის რომ ბატონი დანელიას სტატია არასრულყოფილია და რეალურ ინფორმაციას არ შეიცავს, ალბათ დამეთანხმები, რადგან ზოგადად არის ახსნილი რატომ არ აქვთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება, ვინ უშლის ხელს, ვინ არის ამ პროცესების მმართველი, ვინ დგას ხელისუფლებაზე და სახელმწიფოზე მაღლა?!