მთავრობა ირწმუნება, რომ გაისად აღმავლობის წელი იქნება, მაგრამ ასე არ ფიქრობენ ეკონომისტები. პირველ რიგში კი, ამის საშუალებას არ იძლევა ვირუსი, რომლის დამარცხება ჯერ ვერ ხერხდება. მხოლოდ გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენა სიტუაციას არ ცვლის იმ ფონზე, როცა ინფიცირების მასშტაბები ყველგან იზრდება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არაორდინარულ გარემოში უწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მეთეურს სჯერა, რომ მომავალი წელი განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი იქნება.
„გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ყველა ამ გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ. ვერ გავაჩერებთ ქვეყანას მარტივი მიზეზის გამო - ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ჩვენი მოხუცები და პენსიონერები.
მიუხედავად ყველაფრისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე - გლობალურად“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერიც და მინისტრებიც ეკონომიკურ წისვლას წინასწარმეტყველებენ, მაგრამ ასე სულაც ფიქრობენ ეკონომისტები. მათი დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ პანდემია არც 2021 წელს მოგვასვენებს, შესაბამისად საჭირო იქნება შეზღუდვები, ნაწილობრივი ლოქდაუნიც კი, რაც ეკონომიკურ აღმავლობას გამორიცხავს.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ 2021 წელსაც საჭირო იქნება მკაცრი შეზღუდვების დაწესება და ამ რეალობიდან ჯერჯერობით ვერ გამოვალთ.
„ეკონომიკაში რთული მდგომარეობაა, უჭირს მოსახლეობას და ბიზნესსაც. დაკეტილია მცირე ობიექტები და ზოგადად ყველგან პრობლემაა. ჩემი აზრით, სრული ლოქდაუნი შეიძლებოდა იანვარში, ანუ იმ დროს, როცა ხალხი სამსახურშიც ნაკლებად დადის, ეკონომიკა ნაკლებად აქტიურია, ფაქტობრივად, იმ პერიოდში დოვლათი არ იქმნება და შეიძლება მთავრობამ ეს მომენტი სრული ჩაკეტვისთვის გამოიყენოს.
ყველა შეეგუოს, რომ ადვილი არ იქნება ეპიდემიურ მდგომარეობასთან გამკლავება, ეს სიტუაცია გაგრძელდება. სამწუხაროდ, 2021 წელსაც გვექნება ლოქდაუნები, ამ რეალობიდან ჯერჯერობით ვერ გამოვალთ“, - განუცხადა „რეპორტს“ ნიკა შემგელიამ და დასძინა, რომ წინასაახალწლო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები საკმაოდ მკაცრია, რაც წამგებიანი ყველასთვის. შესაძლოა, ვირუსის შეკავების მხრივაც ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ მკაცრ შეზღუდვებს 2021 წელსაც უნდა ველოდოთ.
„მგონია, რომ 2021 წელს ლოქდაუნი არა, მაგრამ მკაცრი შეზღუდდვები სავარაუდოდ, გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად გაზაფხულზე გამოსწორდება სიტუაცია. შესაბამისად, აბსოლუტურად გონივრულია ვთქვათ, რომ შესაძლოა, მომავალ წელს მესამე ტალღა იყოს და კიდევ გახდეს საჭირო ნაწილობრივი ლოქდაუნის აუცილებლობა. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე ისევ აღმოვჩნდეთ. ასეთ პირობებში ეკონომიკის წინსვლაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.