საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა საზოგადოების ინტერესისა და განსჯის თემა იმ დღიდან გახდა, რაც მისი ქუთაისში აშენება გადაწყდა, მაგრამ წინა კვირას, როცა მერვე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა, ვნებათაღელვა ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამძაფრდა. ადამიანს ფანტაზიის უნარს რა დაულევს და ახალი შენობა, ხან რას შეადარეს, ხან – რას. მათ შორის არის ლევან ბერძენიშვილიც, რომელიც შენობას აკვარიუმს ამსგავსებს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ქართველი პარლამენტარები როგორც იქნა „შებარგდნენ” იქ, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამომრჩეველთა ნდობის სამსახურში ყოფნა მოუწევთ.
ლევან ბერძენიშვილი: პარლამენტის ახალი შენობა ძალიან არ ჰგავს იმ შენობას, რომელიც თბილისში იყო. მოგეხსენებათ, ეს არის სრულიად სხვა ფორმის, შუშის, გამჭვირვალე, არქიტექტურულად ნამდვილად ვერ დაუდებ წუნს, პირიქით, ძალიან საინტერესო შენობაა. პირველ დღეებში სამუშაო კაბინეტებიც კი არ იყო მზად, მაგრამ ახლა უკვე მოგვიმზადეს. ავეჯი და ტექნიკაც გვერგო. რომელ კომიტეტს და რომელ ფრაქციას სად ექნებოდა სამუშაო კაბინეტები, ეს გადაწყდა წილისყრით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, რომლის წევრიც მე გახლავართ, მოგვიწია პირველი სართული, რომელიც რეალურად მეორე სართულს წარმოადგენს. ეს კარგ სართულად ითვლება, მოგეხსენებათ შენობას ახურავს დიდი ხუფი, ამიტომ აქ არც მზე და არც ქარი არ ემუქრება არც ერთ ოთახს.
ამიტომ შეადარეთ პარლამენტის ახალი შენობა აკვარიუმს?
– ჩვენი პარლამენტი თავისი გაქანებით მსოფლიოს არც ერთ პარლამენტს არ ჰგავს. ამერიკის კონგრესიც კი, მოკრძალებულია მასთან შედარებით. შენობა რომ იმ ფორმით იყოს დასრულებული, როგორც იდეაშია და ირგვლივ ტერიტორიაზე ვიღაცამ ერთი საცოდავი ხე მაინც დაგვირგოს, მერე შეიძლება, აქაურობა რაღაცას დაემსგავსოს. არ ვიცი, არის თუ არა ტერიტორია მზად იმისთვის, რომ ხეები აიტანოს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს ვინც დაგეგმა, არ ვიცი არქიტექტორმა თუ პირადად მიშა სააკაშვილმა, ბევრი რამ არ გაითვალისწინა. ჯერ ერთი, აქამდე არ მოდის ტრანსპორტის არანაირი სახეობა. მოქალაქე რომ მოხვდეს პარლამენტში, რაღაცნაირად უნდა მოაღწიოს აქამდე. ვთქვათ, აქამდე მოვიდა, ამის მერე მიდის საშვთა ბიუროსთან, რომელიც პარლამენტის შენობიდან თითქმის ერთი კილომეტრითაა დაშორებული. წარმოიდგინეთ, ქარსა და წვიმაში, მოქალაქე როგორ უნდა მოხვდეს პარლამენტში? ჯერ ხომ კილომეტრები უნდა იაროს, საშვთა ბიურომდე, იქიდან კი არც წვიმას და არც თოვლს არაფერი შეაჩერებს, ისე დაესხმება თავს მოქალაქეს, რომელმაც უნდა გაიაროს უზარმაზარი მანძილი იმისთვის, რომ გაარკვიოს: ახლა სასესიო კვირა არ არის, პარლამენტარები თბილისში არიან და მიღება არ აქვთ. მოქალაქის თვალით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ის მანძილი, რაც მათ აქ მოსაღწევად დაუწესეს და ის ქალაქი, რომელიც მათ შეურჩიეს, ნიშნავს, რომ აქ მთავარი ინტერესია – მოქალაქეს არ მოკრას თვალი პარლამენტარმა.
სამაგიეროდ, ჩამომსვლელი თუ იყო, დიდი მოედანი გაქვთ საპროტესტო აქციებისთვის.
– საშვთა ბიუროს აქეთ, ცოცხალი თავით ვერავინ გადმოვა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჰქონდათ განზრახული, ნაცები რომ ყოფილიყვნენ. პარლამენტიდან კილომეტრის რადიუსზე პროტესტის გამართვას რა აზრი ჰქონდა? ამას ჯობია, ქუთაისში შეკრებილიყვნენ, სწორედაც ხომ ამიტომ გადმოიტანეს პარლამენტი აქ, რომ ქუთაისში ძნელი იქნებოდა საპროტესტო ტალღის აგორება. ეს პარლამენტი გათვლილი იყო იმაზე, რომ არჩევნებს ნაციონალები მოიგებდნენ, მაგრამ სხვამ მოიგო.
თქვენ მოხსნით ამ ბარიერებს?
– არ ვიცი, ეს რამდენად შესრულებადია არქიტექტურული თვალსაზრისით, მაგრამ ამაზე რომ ხაზს გავუსვამთ, ამას რად უნდა ლაპარაკი. ასევე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კომიტეტების აპარატის წევრებს გაეზარდოთ ხელფასები ან დანამატი მივცეთ, რომ მათ თავისი ჯიბიდან არ იხადონ უზარმაზარი თანხები, რაც ბინებში ექნებათ გადასახდელი. ქუთაისი თბილისი არაა და აქ წყალი გრაფიკითაა, მხოლოდ საღამოს. აქ მაღალ მატერიებზე ლაპარაკობენ, მაგრამ დილას თუ ვინმეს წვერის გაპარსვა, ტანის დაბანა და ასეთი რამეები სურს, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. ახალ პარლამენტში სხვა წმინდა ქართული პრობლემებიც არსებობს. ვიღაცამ ისე ააშენა შენობა, რომ არ გაითვალისწინა ქართველების უნარ-ჩვევები. მაგალითად, ამხელა შენობაში, სადაც 700 კაცი მუშაობს, არ არის ერთი კვადრატული მეტრი, რომელსაც ჰქვია სასადილო. საერთოდ არაა მსგავსი ადგილი. მე არ მაწუხებს ეს პრობლემა, ახალი გაკეთებული მაქვს ოპერაცია და ვერ ვჭამ, წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან დანარჩენი დეპუტატები, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გარეთ ვერ გადის. მძღოლი უნდა წავიდეს სადმე და მოუტანოს საკვები. ან ბუტერბროდები უნდა მოიტანონ სახლიდან. ერთი კვირა გაძლებ ბუტერბროდებზე, ერთი თვეც, მაგრამ ოთხი წელი, ძნელია. ერთდროულად 700 კაცს რომ მოუნდეს ჭამა, შენობაში ამისთვის ადგილი არ არსებობს.
კიდევ რა უნარ-ჩვევები „ითრგუნება” ახალ შენობაში?
– კილომეტრები უნდა იარო, რომ ტუალეტამდე მიხვიდე. ძირითადად, ჭამა-სმასთან და ფიზიოლოგიასთან არის პრობლემები. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებდა დიდი ხნით აქ ყოფნას, რომ ან ერთი დასჭირვებოდა, ან მეორე და ალბათ, ამაზეა გათვლილი, სხვებზე კი არ იზრუნა. ეს იქნებოდა პარლამენტის შესანიშნავი შენობა, ქუთაისში რომ არ იყოს აშენებული. პრობლემა მარტო ის კი არაა, რომ თბილისიდან შორსაა, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს დედაქალაქს აქვს სპეციფიკური ფუნქციები. პარლამენტს აუცილებლად სჭირდება ხელისუფლების სხვა შტოებთან ურთიერთობა, ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს დისტანციური და შორეული მანძილების გადალახვა არ უნდა სჭირდებოდეს. ამას იმასაც თუ დავამატებთ, რომ ქუთაისში ამდენი ხალხის შენახვა, პარლამენტარებისა და აპარატის წევრების, სულაც არაა იოლი საქმე, ეს ქვეყანას ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე თბილისში დაუჯდებოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან წამგებიანია. მოგეხსენებათ, იმის გამო, რომ პარლამენტი ქუთაისშია, თბილისელები და ბათუმელები ქუთაისელები ვერ გახდებიან. მთელი ბარგი-ბარხანითა და ოჯახით ვერავინ გადმობარგდება ქუთაისში. ამიტომ, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებს მოგვიწევს მუდმივი სიარული თბილისსა და ქუთაისს შორის. მე თბილისში ლექციებს წავიკითხავ, ქუთაისში პარლამენტში ვიმუშავებ, მაგრამ იმას რომ მომთხოვენ, ჩვეულებრივ დღეებში უნდა დაჯდე მანდ და მოქალაქე გეწვიოსო, ამის გადაწყვეტა, მე არ ვიცი, როგორ მოხდება. როცა თბილისში ლექციებს ვკითხულობ, მაგ დროს მოქალაქე ქუთაისში ვერ მომაკითხავს.
აბა, სად აპირებთ „დაბანაკებას”?
– მე უკვე დავბანაკდი ქუთაისში, დაქირავებული მაქვს ბინა პარლამენტის კიდევ ერთ წევრთან ერთად. ვაპირებთ აქ ვიყოთ კვირის ერთ ნახევარში, მეორე ნახევარში დავბრუნდეთ თბილისში და ასე ვიაროთ ზევით-ქვევით.
ოჯახს არ წაიყვანთ თან?
– არა, როგორ წავიყვან. ამას, ჩემი არ იყოს, ბევრი ჩემი კოლეგა ვერ შეძლებს. რომელიმე უცოლო პარლამენტარმა შესაძლოა, ქუთაისელი ცოლიც მოიყვანოს, კარგი იმერელი ქალი. ამას რა სჯობია, კარგადაც შეიძლება, წაადგეს უცოლო პარლამენტარს აქ გადმოსვლა, მაგრამ ჩემისთანების საქმე ასეა. მე რომ პარლამენტის წევრი გავხდი, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემმა ცოლ-შვილმა მუშაობა მიატოვონ და წამოვიდნენ ქალაქში, სადაც სამუშაოს ვერ პოულობს აკადემიკოსი? გასაგებია, რომ უნდა გაიყოს ოჯახები, ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს ნორმალურია, მე ასე არ მგონია.
ბინებიც ძალიან გაძვირებულა ქუთაისში.
– კი, ბინები ძალიან ძვირია. ყველა პარლამენტარს ეძლევა დანამატი ბინის ქირისთვის. თუ ორი-სამი კაცი გაერთიანდება ერთად, წესიერი ბინის დაქირავება ჯერჯერობით შეიძლება. თან, მარტო ჩვენ, პარლამენტარები ხომ არ ვართ, ვიღაცას მძღოლი ემსახურება, იმას ქუჩაში ხომ არ დავტოვებთ? იქ, სადაც 2-3 პარლამენტარიც დაეტევა და მათი მძღოლებიც, საშუალოდ 1 000 – 1 500 ლარი ღირს. მე გამიმართლა და კარგ ადგილას ვიპოვე ბინა. ახლა პაატა ზაქარეიშვილთან ერთად ვარ, მაგრამ მალე მის ადგილს ფრიდონ საყვარელიძე დაიკავებს. ჩემს გულში ორივეს ადგილია, მაგრამ ბინაში ფრიდონი დარჩება (იცინის). მე მირჩევნია, არ გადავიხადო არც ერთი თეთრი და ვიცხოვრო ჩემს სახლში, ვეჯინის ქუჩაზე. ეს ხარჯი ზედმეტია, ეს ხარჯი უწევს ყველას. ასე, ჩვენსავით იქირავა ბინები უმცირესობის ბევრმა წარმომადგენელმა. ისინიც ისევე შეწუხებულები არიან, როგორც ჩვენ. მაგრამ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უნდა აქონ და ადიდონ პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა. ისინი ორჯერ მეტად შავ დღეში არიან. მე გამოვდივარ გარეთ, მაღაზიაში შევალ თუ ბაზარში, ყველა მიღიმის და მეფერება. ისინი კი ჩიოდნენ დღეს, რომ ცუდად ხვდებოდათ ხალხი.
როგორია პრივატული ურთიერთობები პარლამენტართა შორის. რამდენიმე ტკბილი ამბორი ვიხილეთ პირველ სხდომაზე, მაგალითად, გოკა გაბაშვილსა და ენერგეტიკის ახალ მინისტრს შორის.
– ამაზე გაიხსენეთ ერთი ქართული ანეკდოტი, გარედან ასე ჩანს და ახლოს რომ მივედი, სხვა რამე იყოო (იცინის). სინამდვილეში, საქმე სხვანაირადაა, ურთიერთობები საკმაოდ მწვავეა და ფეთქებადსაშიში. მათ მართლა კი არ სჯერათ, რომ მათი მზე ამობრწყინდება, ვინც გონიერია, ძირითადად, დაღვრემილი სახით დადის. კარგი იქნება, თუ შევინარჩუნებთ თავაზიან ტონს, მაგრამ ზოგიერთ საკითხში ეს გაჭირდება. მე პირადად, ვისაც ვეუბნებოდი გამარჯობას, იმას ახლაც ვეუბნები, ვისაც არ ვეუბნებოდი, არც ახლა გამჩენია დიდი სურვილი, რომ მივსალმებოდი.
„გაბუტული” წყვილები პარლამენტში, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრია.
– სხვების პრივატული ურთიერთობების რა მოგახსენოთ, მაგრამ, მე რაც შემეხება, ზემოთ ხსენებულ გოკა გაბაშვილთან პრეტენზია მაქვს 2007 წლის ნოემბრიდან ჩემი ჯაშუშად მოხსენიების გამო. თუ მას რამე კავშირი აქვს იმ ფილმთან, ძალიან გამიჭირდება მასთან ურთიერთობა, სანამ არ ამიხსნის, რა და როგორ იყო. თუ არ ამიხსნის, იმდენ ხალხზე მაქვს უარი ნათქვამი, რამენაირად მაგასაც გადავიტან. პრობლემა კიდევ უფრო რთულადაა. თუ ვიღაცას ჰგონია, რომ თბილისელების ან ბათუმელების გაქუთაისელება მარტივია, ძალიან ცდება. თუ ღრმად შევხედავთ საქმეს, უკვე სერიოზულადაა გაფუჭებული. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან პარლამენტს ქუთაისში ვერ შეინახავს. ეს ფინანსურად ორჯერ უფრო ძვირი რომ ჯდება, ეს ნაღდია. ჩემი ანგარიშით ასე დავთვალე. მე ვარ ფილოლოგი, სხვები ამბობენ, რომ ეს კიდევ უფრო ძვირი ჯდება, თორემ ისე, მე ქუთაისშიც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჰავას და ხალხს კი არ ვუჩივი, ეს არის ჩემპიონი ქალაქი და აქ ასეთი პრობლემები არასდროს გაჩნდება.