იბრაჰიმოვიჩი:

იბრაჰიმოვიჩი: "შვედეთში შვილები მენატრება, მაგრამ პიოლი მეუბნება, რომ "მილანში" 25 შვილი მყავს"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მილანში 25 შვილი ჰყავს. მან „როსონერის“ ფეხბურთელები იგულისხმა და აღნიშნა, რომ სკუდეტოს მოგების უნდა ირწმუნონ, ჰქონდეთ საკმარისი გამბედაობა, რომ ამაზე მუდმივად იფიქრონ.

„როდემდე ვითამაშებ? ყველა მეკითხება და პასუხი ყოველთვის ერთია: გავაგრძელებ მანამ, სანამ ვეღარ გავაკეთებ იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში? ეს ვის არ სურს... თუ დარჩენა შემეძლება, ამასაც გავაკეთებ.

ჩემი ოჯახი შვედეთშია და ძალიან მენატრება. ძალაგამოცლილი ვარ, ვეღარ ვითმენ. მინდა ჩემს მეუღლესთან და ჩემს შვილებთან, მაქსიმილიანთან და ვინსენტთან ყოფნა, რომლებიც 14 და 13 წლისები არიან და შვედეთში ცხოვრობენ. ვცდილობდი მათ სანახავად წასვლას, მაგრამ პიოლიმ მიპასუხა, რომ ვერ წავალ, რადგან ოჯახი მილანელოშიც მყავს: ის ამბობს, რომ იქ 2 ბიჭი მყავს, მაგრამ მილანში 25 შვილი მყავს და მათ ვჭირდები.

სკუდეტო? უნდა გვქონდეს გამბედაობა, რომ ამაზე ვიოცნებოთ. მე ვამბობ, რომ შეგვიძლია და კიდევ უფრო მეტის გაკეთება გვინდა. ახლა 2021 წელი კარგად უნდა დავიწყოთ, თამაშიდან თამაშამდე ვიფიქროთ, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს. მშიერები უნდა ვიყოთ, ყოველდღე, ყოველ წუთს“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Corriere Della Sera-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ს 14 ტურის შემდეგ 34 ქულით ლიდერობს და „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს.