ჩილავერტის პარაგვაის პრეზიდენტობა სურს

ჩილავერტის პარაგვაის პრეზიდენტობა სურს

თუკი ვინმეს შეიძლება ლეგენდარული გოლკიპერი ეწოდოს, მათ შორის აუცილებლად მოსახსენიებელია პარაგვაელი კარის დარაჯი ხოსე ლუის ჩილავერტი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთში თავისი ძალმოსილი კვალი არამხოლოდ პარაგვაის საფეხბურთო ნაკრებში ჩაუქად გარჯის, არამედ არგენტინულ საფეხბურთო კლუბ “ველესჟ სარფილდში“ 10 წლიანი თამაშითაც დატოვა.

ახლა კი ლეგენდარულმა გოლკიპერმა განაცხადა, რომ ფეხი აუწყო ბოლო დროს მსოფლიოში არსებულ ფეხბურთელების დიდ პოლიტიკაში წასვლის ტენდენციას და კენჭს პარაგვაის პრეზიდენტის კანდიდატის პოსტზე იყრის. ხოსე ლუისმა სოციალურ ქსელში უკვე წინასაარჩევნო პლაკატიც გამოაქვეყნა წარწერით: “მეამაყება პარაგვაელობა!“.

აუცილებლად სათქმელია, რომ ჩილავერტი ფეხბურთელობის ჟამს ნამდვილად არ გამოირჩეოდა პოლიტიკოსისთვის (მით უმეტეს პრეზიდენტისთვის) ესოდენ საჭირო დიპლომატიურობით და მისთვის მწვანე მინდორზე დებოშის ატეხვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჰოდა, თუკი ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტი გახდა, მის ოპოზიციას წესით დიდი ნერვების წვეტა და ჯაფა მოელის წინ...