სასმელი წყლით უმდიდრესი საქართველო ძვირფას რესურსს ვერ იყენებს

სასმელი წყლით უმდიდრესი საქართველო ძვირფას რესურსს ვერ იყენებს

საქართველო სასმელი წყლის უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ მისი გამოყენება საექსპორტოდ, პრაქტიკულად, ვერ ხერხდება. არადა, მსოფლიოში ამ მხრივ დეფიციტი სულ უფრო მწვავდება. საკითხი უკვე პარლამენტშიც დაისვა.

უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საქართველოს მთავრობას სასმელი წყლის სახელმწიფო პროგრამის შექმნა შესთავაზა. დეპუტატი ასეთი ინიციატივით ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე გამოვიდა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მოსმენა მიმდინარეობდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და ჩვენი რესურსი უნდა ავითვისოთ მაღალ დონეზე. გვაქვს ვეებერთელა, მთელ მსოფლიოში გამორჩეული რესურსი - სასმელი წყალი. ამ რესურსის კაპიტალიზაცია და საქმეში ჩაყენება დასაქმების მიმართულებითაც გამოადგება ქვეყანას და ინტელექტუალ მეცნიერთა დიდი ნაწილი მზად არის მთელ მთავრობასთან ურთიერთობისთვის და რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე, რომელიც მისი რეალიზაციის გზით, ძალიან კარგ პლატფორმას შექმნის, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ბიუჯეტმა დიდი შემოსავლები მიიღოს. ეს ყველაფერი კარგად იქნება რეალიზებული სოციალურ სფეროში“, - ჰკითხა ლადო კახაძემ გიორგი გახარიას.

გიორგი გახარია იდეას დაეთანხმა, მაგრამ საქმე შემდეგი დროისთვის გადადო. მისი აზრით, პირველ რიგში, უახლოეს 3-4 წელიწადში საქართველოს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მოწოდების საკითხი უნდა მოგვარდეს და გლობალური მიმართულებით ზრუნვა ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„სასმელ წყალს რაც შეეხება, ეს პრობლემა ჯერ ქვეყნისთვის უნდა მოვაგვაროთ. უამრავი სოფელია ქვეყანაში, სადაც ნორმალურ სასმელ წყალზე წვდომა პრობლემაა. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო სისტემური პრობლემა ხდება. თუ უახლოეს წლებში არ დავიწყეთ ამის მოგვარება, წყლის ექსპორტი კი არა, ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგება გახდება პრობლემა.

ასე რომ, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში აუცილებელი იქნება ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგების საკითხის მოგვარება, ამის შემდეგ კი შეიძლება უფრო გლობალურ საკუთხებზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა გახარიამ.

არადა, საქართველო სასმელი წყლის რესურსის მხრივ მსოფლიოში მართლაც უმდიდრესი ქვეყანაა და ამ რესურსის გამოყენება ქვეყანას მილიარდობით შემოსავალს მოუტანს. პროფესორ პაატა გიორგაძის ინფორმაციით, საქართველოს წელიწადში 50 მილიონი ტონა მზა პროდუქციის ჩამოსხმის შესაძლებლობა აქვს, რომლითაც ყოველწლიური ფულადი შემოსავლები 12 მილიარდი დოლარით გაიზრდება, ბიუჯეტი კი 3-დან 4 მილიარდ დოლარამდე შეივსება. სასმელი წყალი გაზსა და ნავთობზე ძვირფასი პროდუქტია.

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და შეუძლია სასმელი წყალი აქციოს საექსპორტო პროდუქტად, ამისთვის უნდა შეიქმნას ინდუსტრია და დასაქმდეს ხალხი. პროექტის - „წყალი ეროვნული სიმდიდრეა“ - ფარგლებში, წყლის რესურსული პოტენციალის საფუძვლიანი კვლევა ჩავატარეთ. მივედით იმ დასკვნამდე, რომ მტკნარი წყლის ექსპორტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაეროს წყლის პრობლემათა შემსწავლელი კომიტეტების მონაცემებით, 4,5 მილიადი ადამიანი 2015 წლიდან სასმელი წყლის მკაცრი დეფიციტის ზონებშია მოქცეული და ჯანსაღი სასმელი წყლის კრიზისს განიცდის. ამ დროს საქართველო უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანაა“, - განუცხადა „რეპორტს“ გიორგაძემ.

კონცეფცია-პროგრამის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალურ ერთეულებში ევროსტანდარტების შესაბამისი ათეულობით ჩამომსხმელ-დამფასოებელი საწარმო უნდა აშენდეს.

„საქართველო უნდა გახდეს სასმელი წყლის მწარმოებელი და მსოფლიო ბაზარზე დაფასოებული პროდუქციის გამტანი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. მტკნარი სასმელი წყლის საექსპლუატაციო რაოდენობა საქართველოში წამში 301 კუბური მეტრია, აქედან ხანგრძლივი პერიოდით გათვალისწინებული საექსპლუატაციო რაოდენობა მხოლოდ 2,5 კუბური მეტრია წამში. ჩვენი კონცეფციის თანახმად, საქართველოს აქვს პოტენციალი მტკნარი წყლის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ექსპორტიორად იქცეს. დღესვე, სპეციალური ინფრასტრუქტურის განვითარებამდე, საქართველოს აქვს პოტენცია 50 მილიონი ტონა წყალი გაატაროს“, - აღნიშნა გიორგაძემ.

dimpi ჰო, ეხლა ეგეც გაყიდეთ
3 წლის უკან
dimpi @წარმატებული@ ბიზნესმენების კონცეფციები
3 წლის უკან
dimpi ვაი თქვენ პატრონს
3 წლის უკან
არაგველი641 ეს თემა არახალია, ძველია და ბევრი ქარტეხილები აქვს გამოვლილი! როგორც მახსოვს ნავთობის მოპოვება-რეალიზაციაზეც კი უკეთესია, რადგანაც ნავთობის რესურსი მილევადია, წყალი კი არა.
3 წლის უკან