სამშენებლო სექტორს ვერაფერმა უშველა და ისევ შეღავათებს ითხოვს

სამშენებლო სექტორს ვერაფერმა უშველა და ისევ შეღავათებს ითხოვს

წლის ბოლო დადგა და სამშენებლო ბიზნესის პრობლემები უფრო აშკარა გახდა. იპოთეკური სუბსიდირების პროგრამა დასრულდა და მასთან ერთად იმის იმედიც, რომ დეველოპერული ბიზნესი როგორმე ფეხზე დადგომას მოახერხებდა. ვითარება ისევ რთულია, ამიტომ მშენებლები ისევ შეღავათს ითხოვენ.

2020 წლის ზაფხულიდან მთავრობამ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის დახმარების პაკეტის ფარგლებში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი აამუშავა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 5 წლის განმავლობაში მსესხებლებს სესხის 4%-ს დაუსუბსიდირებს. პროგრამა ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სულ დღემდე 6 317 სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა, თუმცა გაგრძელდება თუ არა აღნიშნული პროექტი შემდეგ წელს უცნობია. 2020 წლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უკვე ამოწურულია.

უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2021 წელს დარგს ჩამოშლა ელის, თუკი შეღავათები არ გაგრძელდება. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის ვარაუდით, იანვრიდან ბინების რეალიზაცია შეიძლება საერთოდ გაჩერდეს და უძრავი ქონება გაიაფდეს, რაც მომიჯნავე დარგებზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.

„საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მან დეველოპერული ბაზარი ჩამოშლისგან გადაარჩინა. დაახლოებით 400 ათასი ოჯახია თბილისში, რომლის უძრავი ქონება დაახლოებით 15 მილიარდი ლარის ღირებულებისაა, აქამდე ფასებიც შევინარჩუნეთ და ეს ქონება არ გაიაფდა. სახელმწიფოს გამოყოფილი 70 მილიონი ლარით, რა რესურსიც პროგრამაში ჩაიდო, შესაძლებელი გახდა, რომ მილიარდნახევრიანი ზარალი აგვეცილებინა. ახლა კი საფრთხეა, რომ ქონება გაიაფდეს.

მთავრობის სწორი გადაწყვეტილებით და ნაბიჯებით შევინარჩუნეთ ბიზნესი, თუმცა ისევ დიდი რისკის წინაშე ვართ. სუბსიდირების პროგრამა გათვალისწინებული იყო არა კომპანიებისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, რომ შეეძინათ ბინები და გაყიდვების სტიმულირება მოეხდინათ. ჩვენი პრობლემა ირიბად სხვებისთვისაც გადამდები იქნება, ეს მთელი ჯაჭვია, რომელიც მომიჯნავე დარგებსაც ჩაითრევს. თუ პროგრამა არ გაგრძელდება, კომპანიების დიდი ნაწილი გაკოტრდება. ეს პროცესი ისედაც დაწყებული იყო და ახლა, როცა გაჭირვების დიდი ტალღა წამოვიდა, რეალიზაცია შეიძლება საერთოდ გაჩერდეს“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

იგივე მოსაზრებისაა კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორიც. ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელია.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო, რომლის გარეშე თვითონ სექტორს ალბათ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებოდა. ანტიკრიზისული გეგმის ამ ნაწილმა ფაქტობრივად სექტორი გადაარჩინა. მართალია რეალიზაციის კუთხით შემცირება საკმაოდ დიდია, თუმცა ბოლომდე რომ არ ჩამოიშალა სექტორი, პროგრამის დამსახურებაა. არა მარტო ჩვენ, მოსახლეობას მიეცა საშუალება შეეძინათ ბინები დაბალ პროცენტში, რაც მანამდე არ იყო.

ეს პროექტი მომავალში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი რა გადაწყდება.

მთავრობის მხრიდანაც რომ შევხედოთ ამ საკითხს, ეს არის ფინანსურად კარგი ინვესტიცია, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ბიუჯეტისთვის ინვესტიციაა, ანუ თანხას აბანდებს იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოუვიდეს. ბიუჯეტი ამ სუბსიდირებით ფულს სწორად ხარჯავს, ამიტომ მსგავსი პროექტის გაგრძელება აუცილებელია“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბესო ორთოიძემ.