წინასახალწლო „სიურპრიზი“ ბიზნესს და მოსახლეობას

წინასახალწლო „სიურპრიზი“ ბიზნესს და მოსახლეობას

24 დეკემბრიდან შეზღუდვების პრაქტიკულად იგივე დოზით დატოვებამ საზოგადოებაში და ბიზნესში უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით იმედგაცრუებულნი არიან ბაზრობების მეპატრონეები, რადგან სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება დართეს, ხოლო მათი ბიზნესი ისევ აკრძალვის ზონაშია. შესაბამისად, ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება შერჩევითი მეთოდით მოხდა.

ეკონომიკის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მაგრამ უმთავრესი არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„არის ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ეკონომიკა, დასაქმება და იცით, რომ სავაჭრო სეგმენტი ძალიან დიდი დამსაქმებელია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს არის გეგმაზომიერი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნა და საახალწლო დღეებში მუშაობა იქნება დიდი პასუხისმგებლობის აქტი და პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა.

„თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. დარღვევების შემთხვევაში ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობო და შეუქცევადი და როგორც კი პირველი ნიშნები გამოჩნდება, რომ ესა თუ ის სავაჭრო ობიექტი არღვევს დაწესებულ შეზღუდვებს, სრული უფლება გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მხოლოდ სავაჭრო ცენტრების მიმართ დათმობით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ ბაზრობის და სხვა სავაჭრო ობიექტის მფლობელები. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ჯოხი მათზე გადატეხა.

ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მმართველი კომპანიის, „ჯითის“ დირექტორ თეა ანდრიაძის განცხადებით, მისთვის, როგორც ბაზრობის წარმომადგენლისთვის, მთავრობის მიერ შეზღუდვების მხოლოდ სავაჭრო ცენტრებისთვის მოხსნა მოულოდნელი იყო. თუ მათ დართეს გახსნის უფლება, გარკვეული შემსუბუქება ბაზრობებზეც უნდა გავრცელებულიყო.

„არსებობს როგორც მაღაზიის ტიპის ბაზრობები, ასევე არის დახლური ბაზრობა. რადგან მაღაზიებს ხსნიან, შესაძლებელი იყო დიფერენცირება, რომ ელიავას ბაზრობაზეც გახსნილიყო მაღაზიები და არ გახსნილიყო დახლები, რადგან ისინი უფრო მჭიდროდ არის განლაგებული ერთმანეთთან. ელიავაზე 90% მაღაზიებია, ხოლო 10% - დახლები. ვფიქრობ, შეიძლებოდა, ამ მაღაზიების მფლობელებისთვის შეღავათი მიეცათ“, - განაცხადა თეა ანდრიაძემ და დასძინა, რომ ე.წ. მოლების გახსნის გადაწყვეტილება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის და 15 იანვრიდან ყველანაირი ტიპის სავაჭრო ობიექტის გახსნას კითხვის ქვეშ აყენებს.

„მინდა გითხრათ, რომ დიდ დახურულ სივრცეში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი სავაჭრო ობიექტების გახსნით ვირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს და თუ ველით, რომ ბაზრობები 15 იანვარს გაიხსნება, შესაძლოა, ეს უკვე ასე აღარ მოხდეს და გახსნის პერიოდმა კიდევ გადაიწიოს“, - თქვა კომპანია „ჯითის“ დირექტორმა.

მთავრობის მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არც სავაჭრო სახლ „საბას“ შეხებია. როგორც „საბას“ დირექტორი პაატა კაჭარავა „ბიზნეს მედიასთან“ აღნიშნავს, ობიექტი არ სარგებლობს სავაჭრო ცენტრის ან მოლის სტატუსით, შესაბამისად, შეზღუდვები მათთვის არ მოხსნილა. ამასთან, საგადასახადო კოდექსში სავაჭრო ცენტრების ტერმინი საერთოდ არ არის და კაჭარავას ვერ გაუგია, როგორ მიიღეს მოლებმა გახსნის უფლება, მათ კი - არა.

„სავაჭრო ცენტრის ან მოლის სტატუსი საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ არსებობს. 26-ე მუხლში გაწერილია ბაზრობის სტატუსი - თუ ბიზნესსუბიექტი ფართს 10-ზე მეტ სუბიექტზე აქირავებს, მაშინ მას ბაზრობის სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, ბაზრობის სტატუსის ქვეშ ვართ როგორც ჩვენ, ასევე - მოლებიც“, - განმარტავს პაატა კაჭარავა.

მისი ინფორმაციით, გასულ კვირას ის იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრების და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე და ჰქონდა მოლოდინი, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მათაც შეეხებოდათ, რადგან „საბაში“ რეგულაციებს იმაზე მეტად იცავდნენ, ვიდრე ამის მოთხოვნა იყო.

„ნათია თურნავასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა დაცვის საშუალებები გვქონდა „საბაში“. „საბას“ კოვიდ-რეგულაციები მაქსიმალურად ჰქონდა დაცული. კერძოდ, გაფილტრული დაიონიზირებული ჰაერი მიეწოდება დიდ სავაჭრო სივრცეს, სადაც ჩვენ 40 000 მ2 გვაქვს და ცალკე ინდივიდუალური მაღაზიებია. ჩვენთან 40 მ2-ზე 1 ადამიანია გათვალისწინებული. ამასთან, უფასოდ მიეწოდებათ ნიღბები და სადეზინფეციო ხსნარები. გვაქვს მომხმარებლის შემოწმების ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც პირბადის კონტროლს ახდენს და კარს არ აღებს თუ პირს პირბადე არ უკეთია. ხდება, ასევე, ტერიტორიის დეზინფიცირება. შრომის ინსპექტირების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ უსაფრთხოების ზომები ჩვენთან სამაგალითო იყო.

შეხვედრის შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ გაგვხსნიდნენ, მაგრამ ვინაიდან ბაზრობის სტატუსი გვაქვს, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ჩვენზე არ გავრცელდა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია იგივე შეზღუდვები როგორც ვრცელდება მოლებზე“, - განუცხადა „ბიემს“ „საბას“ დირექტორმა.

პაატა კაჭარავას თქმით, წლიური გაყიდვებიდან 40% სწორედ ნოემბერ-დეკემბერზე მოდის და სავაჭრო ცენტრში, რომელსაც ბაზრობის სტატუსი აქვს, 1 000-მდე ადამიანია დასაქმებული.