ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ (0:3) წაგების შემდეგ ისაუბრა. „იუვემ“ ძალზე ცუდი ფეხბურთი აჩვენა და 2020 წელი, რომელიც მისთვის წარუმატებელი გამოდგა, საშინლად დაასრულა.
იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მოედანზე არასწორი დამოკიდებულებით გავიდა და ეს შედეგშიც აისახა. პირლომ აღიარა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტები „მილანი“ და „ინტერი“ არიან.
„ის, რომ „ნაპოლისთან“ გამარჯვება გაგვიუქმეს, საბაბი არ შეიძლება იყოს. შეხვედრა არასწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ და როცა ეს ხდება, ყველაფერი ცუდად მთავრდება. ჩვენ შვებულებაში ნაადრევად გავედით და ამიტომ, დავმარცხდით.
„ნაპოლისთან“ თამაშის პრობლემა არ გვაქვს, უფრო იმ გუნდების გამო ვწუხვარ, რომლებიც რეგლამენტს იცავდნენ და კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელების მიუხედავად ითამაშეს, ქულებიც დაკრგეს. ისინი სამართლიანად მოქმედებდნენ. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა იმ გუნდებთან მიმართებაში, რომლებიც კორონავირუსის მიუხედავად თამაშობდნენ.
კუდრადოს წითელი ბარათი სწორი იყო, მაგრამ შეიძლებოდა რამდენიმე ეპიზოდში გადაწყვეტილების ჩვენს სასარგებლოდ მიღება. ყოველშემთხვევაში მსაჯებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეპიზოდები მკაფიო იყო და ყველამ ნახა. აზრი არ აქვს ასეთი მატჩის შემდეგ, რომელშიც 10 კაცით დავრჩით, ტაქტიკაზე და ტექნიკაზე საუბარს. თამაში შეიცვლებოდა, მეორე ტაიმში მეტოქის ფეხბურთელი რომ გაეძევებინათ და პენალტი დაენიშნათ ჩვენს სასარგებლოდ.
მწვრთნელი მითითებებს იძლევა, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები გადიან, ზოგჯერ დავალებები ვერ სრულდება. ახლა მცირე შვებულება გვაქვს, უნდა აღვიდგინოთ ძალები, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები, შევაფასოთ სიტუაცია სატრანსფერო ბაზრისთვის. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც უნდა მივყვეთ.
ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ვართ, მაგრამ მილენელები ჩვენზე წინ არიან სატურნირო ცხრილში და ამ ეტაპზე ჩვენზე უკეთესები არიან. არ უნდა უარვყოთ, რომ ახლა ისინი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად წააგო, მაგრამ 13 თამაშში მხოლოდ 24 ქულა აქვს და ლიდერებსა, „მილანსა“ და „ინტერს“ შესაბამისად, 7 და 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დღეს თუ მილანური გრანდები მოიგებენ, ეს ჩამორჩენა გაიზრდება.