საქართველოს ხელისუფლების საინვესტიციო მოლოდინები არ მართლდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში სულ რაღაც 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. საერთო ჯამში, სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რაღაც 433 მილიონი დოლარის ინვესტიციამ მოიყარა თავი. არადა, 2010 წლის საპროგნოზო მაჩვენებლად მთავრობა 1,2 მლრდ დოლარს ასახელებდა.
იმისათვის, რომ რეალურმა ციფრმა დაგეგმილი ინვესტიციების რაოდენობას მიაღწიოს, წლის ბოლომდე საჭიროა კიდევ 767 მილიონი დოლარის მიზიდვა. ასეთი რამ 2007 წელსაც (როდესაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა) კი არ დაფიქსირებულა და ახლა ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მთავრობაში კი ისევ ირწმუნებიან, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ აქ ფულის დაბანდება მომგებიანია.
რეალობა კი ისეთია, რომ საქართველოს ინვესტორები ისევ გაურბიან. მესამე კვარტალში მხოლოდ 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვდა. ეს მაჩვენებელი მთავრობის გეგმების მეხუთედიც არ არის. ასე რომ, მთავრობის საინვესტიციო მოლოდინები არ გამართლდა, მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით ინვესტიციების მაჩვენებელი 37 მილიონი დოლარით შემციდა.
„საქსტატის“ წინასწარი ინფორმაციით, 2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 160 მმილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
წინასწარი ინფორმაციით, 2010 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობის ინვესტიცია საფინანსო სექტორში (31%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში (25%), უძრავი ქონებაში (21%) და ენერგეტიკაში (10%) შემოვიდა. სხვა დანარჩენ სფეროებში განხორციელბული ინვესტვიების მოცულობა კი 13%-ით განისაზღვრა.
ასეთი დაბალი საინვესტიციო მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ახსოვს. სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, 2010 წელს, ინვესტიციების თვალსაზრისით, ყველაზე კრიზისულმა 2009 წელმაც კი აჯობა. შარშან სამ კვარტალში 465 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 659.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2008 წელს - 1.56 მლრდ დოლარი. 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2006 წელს - 1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს - 449.8 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ უცხოური ორგანიზაციები ქართული ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რისკს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაურკვეველ მოცულობაში ხედავენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ უცხოური ინვესტიციები მთავარი ელემენტია მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიაში, თუმცა მათი მოცულობა ჯერჯერობით გაურკვეველია.
ექსპერტის შოთა მურღულიას განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკიას რეალურად დაეტყოს უცხოური ინვესტიციები, იგი მთლიანი შიდა პროდუქტის 20-30%-ის ფარგლებში მაინც უნდა იყოს. ამ შემხთვევაში აშკარა იქნება, რომ ჩნდება სერიოზული იმპულსი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღმავლობისათვის. ეს კი სულ მცირე 2,5-3 მილიარდი დოლარი მაინც არის წელიწადში.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი განმარტავს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა და მნიშვნელოვან ზრდას წლის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ.
„ინვესტიციებიდან უნდა ველოდოთ თანხას, რომელიც დაიწყებს ბრუნვას ეკონომიკაში და დამატებით ღირებულებას შექმნის. ყველა სხვა ტიპის თანხა, ეკონომიკური გაგებით, ეფექტის მომცემი არ არის. მაგალითად, როდესაც მშრალ ხიდზე ბინა იყიდება, ესეც ინვესტიციად ხომ არ უნდა ჩაითვალოს? ქვეყანაში საინვესტიციო რისკები კვლავ ძალიან მაღალია, ფული რეალურად არ შემოდის. ამჟამად რა კაპიტალდაბანდებებიც ხორციელდება, საეჭვო ელფერი დაკრავს, პოლიტიკური სუნით შეზავებული. თავისუფალი ფული არ შემოედინება და ეს ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებას“, - აცხადებს ხუხაშვილი.
არადა, სულ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ირწმუნებოდა, რომ საქართველოში 2010 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 6-6,5% იყო. ხელისუფლება ასევე ირწმუნება, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინვესტორებისთვის მიმზიდველია და ეკონომიკაც თვალდათვალ იზრდება.