დღეს უკვე მთავრობის წევრებიც და დეპუტატებიც ერთ ხმაში საუბრობენ, რომ მომავალი წელი ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება საკმაოდ რთული. პანდემიის ფონზე საქართველომ რაც კი შესაძლებელი იყო, თითქმის ყველანაირი დახმარება მოიზიდა. რა რესურსი დარჩა მომავალი წლის პრობლემების დაძლევისთვის?
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე პირდაპირ ამბობს, რომ 2021 წელი რთული იქნება და ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას, სერიოზული გამოწვევები ელოდება. წინა ხაზზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია და მათ დასაძლევად პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ბევრი მუშაობა მოუწევთ.
„ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას, მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებების მოზიდვა, რომლებიც მიმართული იქნა საბიუჯეტო დანაკლისების შესავსებად და ცენტრალური ბანკის რეზერვებში.
ფაქტია, პანდემიიდან გამომდინარე, მომავალი წელი რთული იქნება, მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ იქნება მარტივი წელი, რაც შემოტანილი ბიუჯეტის პარამეტრებიდან ჩანს. წინა ხაზზე გამოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და მათი დაძლევის გზები, პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს ამ მიმართულებით ბევრი მუშაობა მოუწევთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ასე მხოლოდ დეპუტატები არ ფიქრობენ, დაახლოებით იგივე შეხედულება აქვთ მთავრობაშიც. მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები, რომლებმაც პანდემიური შემოტევა კარგად შეისწავლეს ამბობენ, რომ მთავარი სირთულე წინ არის.
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება. შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება.
„ამ პერიოდის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება როგორც ჩვენი საერთო გამოწვევა, ასევე ახალი შესაძლებლობაც“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის მექანიზემები, მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს პრიორიტეტების განსაზღვრაში, დაიხვეწოს პროექტების შესრულების ხარისხის მართვა და მეტი ყურადღება დაეთმოს მენეჯმენტის ხარისხის და ეფექტიანობის ზრდას.
„სამინისტროს პრიორიტეტებში გათვალისწინებულია რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მიმართულება. ჩვენ მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი, საერთო ჯამში, ემსახურება რეგიონის გაძლიერებას, ქვეყნის რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ასეთ რთულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობამ რაც კი შესაძლებელი იყო, თითქმის ყველანაირი დახმარება მოიზიდა. ასე რომ, ამ მიმართულებით დიდი რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ამიერიდან კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას. ასეთი პოზიცია დააფიქსირა მან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შემთხვევაში ეკონომიკურ დიპლომატიას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ეს არის უბრალოდ აუცილებელი დახმარება ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ქვეყანას უნდა გაუწიოს განსაკუთრებით პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში, ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება და ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი ან მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში.
გლობალური კონკურენცია იქნება სხვაგვარი, გლობალური ეკონომიკა იქნება სხვაგვარი და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვეცადოთ, დავინახოთ ქვეყნისთვის შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება მოულოდნელ სფეროებში, ან მოულოდნელ დედაქალაქებში გაიხსნას და ამას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური დიპლომატია არის ქვეყნისთვის აუცილებელი დახმარება, რომელიც საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა გაუწიოს, განსაკუთრებით, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში.