მეწარმეებს ახალ სალარო აპარატებთან ერთად ინტერნეტის გაყვანაც მოუწევთ

მეწარმეებს ახალ სალარო აპარატებთან ერთად ინტერნეტის გაყვანაც მოუწევთ

მთავრობა მეწარმეებისაგან ფულის ამოქაჩვას იწყებს, 2010 წლამდე ისინი ახალი სალარო აპარატებით უნდა შეიარაღდნენ. მართალია, ფინანსთა მინისტრმა პირობა დადო, რომ აპარატების ფულს სახელმწიფო გადაიხდის, მაგრამ მთავრობის წევრების ფიცის უკვე აღარავის სჯერა. აპარატების გარდა, მეწარმეებს ინტერენეტის ხარჯებიც დაემატებათ, ვინაიდან ახალი სუპერ სალარო აპარატები ინტერნეტში უნდა ჩაირთოს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის პირველი ივლისიდან სალარო აპარატის გამოყენება ყველა ტიპის სავაჭრო და მომსახურების ობიექტისთვის სავალდებულო გახდება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ბაინდურაშვილის უწყების მიერ ახალი აპარატების შემოტანა სწორედ ამას უკავშირდებოდეს. ახალი ტიპის სალარო აპარატებით მეწარმები მომავალი წლის ბოლომდე უნდა აღიჭურვონ.

 

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სალარო აპარატების შეძენა მეწარმეებს არ მოუწევთ და მის ღირებულებას სახელმწიფო დააფინანსებს.

 

„აქამდე სალარო აპარატების კონტროლისას დამოკიდებული ვიყავით საგადასახადო ინსპექტორებზე და ამ მიზნით ყოველდღიურად სამი ათასამდე ინსპექტორს უწევდა მუშაობა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ავტომატიზებული სისტემა არ გვქონდა, რომელიც დასავლეთში აპრობირებულია. სწორედ ამის გამო გადაწყდა GPAR-ის სისტემის აპარატების შემოღება. რითაც საგადასახადო ორგანო უწყების შესაბამის ცენტრალურ ოფისთან იქნება დაკავშირებული და ყველა „ამორტყმულ“ ჩეკზე ინფორმაცია ავტომატურად მიეწოდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

ბაინდურაშვილს არ დაუკონკრეტებია თუ რა დაუჯდება მეწარმეს ან თუნდაც სახელმწიფოს ახალი სალარო აპარატების შეძენა.

 

ექსპერტი ლევან კალანდაძე საინფორმაციო სააგენტო „პირველთან“ საუბარში ახალი ტიპის სალარო აპარატების დანერგვას დადებითად აფასებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ სისტემის დანერგვისთვის საჭირო ფინანსური ტვირთი მეწარმეთა ზურგზე არ გადაივლის.

 

„ახალი ტიპის სალარო აპარატების შემოტანა და აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული ქსელის დანერგვა ცუდი იდეა არ არის, მაგრამ მთავარი მისი პრაქტიკაში განხორციელების ფორმებია. საქართველოში ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ინოვაციური იდეების რეალური განხორციელება მტკივნეული ფორმებით ხდება“, - ამბობს კალანდაძე.

 

მისი თქმით, აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით სამი ძირითადი საკითხი დგება: შეასრულებს თუ არა სახელმწიფო თავის პირობას, ყველა მეწარმეს საკუთარი ხარჯებით შეუძინოს ახალი აპარატები, რამდენად გამართულად იმუშავებს ახალი სისტემა, რადგან მაგალითად, წლის ბოლოს ხშირია შემთხვევები, როცა ელექტრონული სისტემა იტვირთება და ადამიანები დეკლარაციების შევსებას ვერ ახერხებენ. მესამე პრობლემა კი ისაა, რომ მეწარმეებისთვის მხოლოდ სალარო აპარატების შეძენა სისტემის დანერგვისთვის საკმარისი არაა.

 

„სალარო აპარატები ინტერნეტ-ქსელში უნდა ჩაირთოს და ჯერჯერობით გაურკვეველია, რა დაუჯდება მეწარმეს აღნიშნული მომსახურება ყოველთვიურად“, - განაცხადა კალანდაძემ.

 

ექსპერტის ავთო სილაგაძის განცხადებით, თუ მთავრობამ ძველი აპარატების გამოცვლა მეწარმექს საკუთარი ხარჯებით მოსთხოვა, ცხადია, რომ მას ზედმეტი ხარჯების გაწევა მოუხდება, ამ თანხის ამოღებას კი მეწარმე პროდუქტის გაძვირებით შეეცდება.

 

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ქვეყანაში გარე და შიდა ფაქტორების გამო ისედაც ყველაფერი გაძვირებულია და კიდევ ამ აპარატების გამო ფასების აწევა, მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. ამიტომაც საჭიროა, რომ ამ საკითხისადმი მთავრობის მიდგომა იყოს ფრთხილი“, - ამბობს ავთო სილაგაძე.

 

რაც შეეხება სალარო აპარატების გამოყენებას ბაზრობებსა და ბაზრებზე, ეს ვალდებულება ძალაში 2011 წლის პირველი ივლისიდან შევა. შეგახსენებთ, რომ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ყველა ტიპის სავაჭრო და მომსახურების ობიექტისთვის პარლამენტმა 2005 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებით დაადგინა.

 

ამ მოთხოვნის დარღვევისთვის პარლამენტმა საკმაოდ მკაცრი სანქციები დააწესა, სალარო აპარატის გარეშე მუშაობა პირველად აღმოჩენის შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდებოდა, განმეორებით შემთხვევაში - 5 000 ლარით, ხოლო კვლავ განმეორების შემთხვევაში - 10 000 ლარით.

 

შეგახსენებთ, რომ სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებას 2007 წლის გაზაფხულზე მოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამიტომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2009 წლის ბოლომდე გადაწია. თუმცა წვრილი მეწარმეები აპარატებს 2010 წელსაც გადაურჩნენ. მთავრობამ საარჩევნოდ მოვაჭრეებს კიდევ ერთი სატყუარა გადაუგდო და სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება წელსაც დაივიწყდა.

 

მომავალ არჩევნებამდე კი 3 წელია, შესაბამისად, ხელისუფლება მეწარმეების მიმართ წინა წლებში მიცემულ შეღავათებს გაისად ერთბაშად აინაზღაურებს. ასე რომ, 2011 წელს საგადასახადო სფეროში იმდენი ცვლილებები ტარდება, რომ ბიზნესმენებს კარგი დღე ნამდვილად არ ელით.