იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში ლიდერებს შორის სტატუსქვო შენარჩუნებულია, „იუვენტუსის“ გამარჯვებას, „მილანმა“ და „ინტერმა“ გამარჯვებითვე უპასუხეს.
სტეფანო პიოლის გუნდი „სასუოლოს“ ესტუმრა და განახევრებული შემადგენლობის მიუხედავად, გამარჯვება მოიპოვა. „როსონერი“ მე-7 წამზე იგებდა. რაფაელ ლეაომ გაიტანა და „მილანი“ დააწინაურა. ეს სერია A-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია და პორტუგალიელმა პაოლო პოჯის 2001 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. სხვათა შორის, როგორც იტალიური მედია წერს, გოლი წესის დარღვევით გავიდა, რადგან „მილანის“ ფეხბურთელი თამაშში ბურთის შეყვანამდე მეტოქის ნახევარზე იმყოფებოდა, თუმცა, ფაქტია გოლი ჩაითვალა და ლეაო ისტორიაში შევიდა. „მილანმა“ უპირატესობა პირველი ტაიმის შუაში გაზარდა და თამაში გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. დომენიკო ბერარდის გოლი მატჩის მიწურულს „სასუოლოსთვის“ ძალზე დაგვიანებული იყო და მეტი ვეღარაფერი მოახერხა. „მილანმა“ 31 ქულა დააგროვა და ისევ ლიდერია.
მოიგო „ინტერმაც“, რომელმაც „სპეციას“ უმასპინძლა და უფერული თამაშით, მაგრამ 3 ქულა მოიპოვა. აჩრაფ ჰაკიმისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით დამაჯერებლად იგებდა, ბოლოს გაუშვა და ანტონიო კონტეს გუნდმა მოკრძალებულად, 2:1 მოიგო. რაც მთავარია იმარჯვა და თანაქალაქელთან ისევ ერთადერთ ქულას აგებს.
„რომა“ „ატალანტას“ ესტუმრა და მესამე წუთზე ედინ ჯეკოს დაწინაურდა. რომაელები სასურველ ანგარიშს 59-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ შემდეგ მათთვის სრული ფიასკო მოხდა და 26 წუთში ერთბაშად 4 გოლი გაუშვეს. როგორც „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ თქვა, მისმა გუნდმა მეორე ტაიმი ბავშვებივით ითამაშა. შედეგად, „ჯალოროსი“ 1:4 დამარცხდა და „იუვენტუსს“ ჩამორჩა.
ტურის დასკვნით მატჩში რომის „ლაციომ“ წარუმატებელი სერია დაასრულა და „ნაპოლის“ ჩირო იმობილესა და ლუის ალბერტოს გოლებით აჯობა. ჯენარო გატუზოს გუნდმა ამასობაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და ლიდერს უკვე 8 ქულით ჩამორჩება.
იტალიაში მიმდინარე წელს კიდევ ერთი ტური გაიმართება, რომელიც სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩატარდება, მერე კი მცირე პაუზას აიღებენ, მოედანზე კი 3 იანვრიდან დაბრუნდებიან.