დღგ-ს გადახდის სქემაზე მთავრობა და ბიზნესი ისევ ვერ თანხმდებიან. ამასთან დაკავშირებით კამათი და მსჯელობა კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ორივე მხარე ჯიუტად თავის პოზიციაზეა.
ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავრიანმა დღგ-ის გადასახადის სტრუქტურის ცვლილების მოთხოვნაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა სხვადასხვა გადასახადების კუთხით, იქნებოდა ეს საშემოსავლო თუ ქონების გადასახადები, და ასევე სუბსიდირების საკითხები. მისი თქმით, იმპორტის შემთხვევაში დღგ-ის სტრუქტურის ცვლილება „ფუნდამენტურად არასწორია“.
„რაც შეეხება დღგ-ს განსაკუთრებით იმპორტიორებთან დაკავშირებით, 2019 წელს გავაუქმეთ ე.წ. ოქროს სია, როდესაც ყველა კომპანიას გადასახადების გადახდა იმპორტირებისას მოთხოვეთ. ეს ძალიან რისკიანი გზაა. ის აჩენს ხვრელებს. მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ეს პრაქტიკა არ აქვს, შესაბამისად იმპორტის შემთხვევაში დღგ-ს გადავადება არ იგეგმება, ჩვენ გვაქვს სხვა ინსტრუმენტები, რომ დავეხმაროთ ბიზნესს და არა ისეთი, რომ გავაჩინოთ ხვრელები, რომელიც სამომავლოდ ისე ფართოვდება, რომ ვერანაირ კონტროლს ვერ ექვემდებარება. ეს პრინციპული და კონცეპტუალური საკითხია, რომელიც არაერთხელ გავიარეთ ბიზნესთან. ეს არ არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა, ან გვენანება დახმარება, უბრალოდ ეს ფუნდამენტურად არასწორია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
თავის დროზე სამინისტრომ დღგ-ს სტრუქტურაში რეფორმაც გაატარა, რაც დადებითად შეფასდა ეკონომისტების მიერაც. აფბა-ს ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა აღნიშნა კიდეც, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც სამინისტრომ გადადგა, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა იყო.
„მიმაჩნია, რომ დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, რაც ბოლო წლებში გატარდა ფისკალური პოლიტიკის ჭრილში. 2019 წელს კერძო სექტორიში დაბრუნდა დაახლოებით 600 თუ 620 მილიონი ლარის დღგ, 2020 წელს პანდემიის დროს დაბრუნდა 1 მილიარდი ლარი, რაც კერძო სექტორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, რადგან ფინანსების მოძიების თვალსაზრისით კერძო სექტორი უფრო ელასტიური იყოს“, - აცხადებდა გვიდიანი.
ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიდგომა დღეს უკვე უკმაყოფილების მიზეზი ხდება ბიზნესის წარმომადგენლებში. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია მაჭავარიანის პოზიციას „ხისტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დაზარალებული ბიზნესის მიმართ ასეთი მიდგომა არასწორია.
„ფინანასთა მინისტრმა გააგრძელა ის ნეგატიური კურსი, რაც აქამდე იყო. ჩვენ არ ვითხოვდით დღგ-ს შემცირებას, მოხსნას ან გადავადებას. ჩვენ ვითხოვდით დღგ-ს გადასახადის გადახდას პროდუქციის გაყიდვის შემდეგ. ცოტა გასაკვირი იყო მისი ტონი. ხისტი საუბარი, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც კოვიდისგან ყველა ბიზნესი დაზარალებულია და სერიოზული პრობლემები წინაშე არიან, არ არის სწორი.
მე ვერ გეტყვით რა ხვრელები შეიძლება გაჩენილიყო ამ შეღავათების გაწევით. ბიზნესთან კონსულტაციები რომ გაიარონ, როგორ და რა შეიძლება იყოს, გაცილებით უფრო გამარტივდებოდა სიტუაცია. მესმის, რომ ახალდარეგისტრირებულ კომპანიაზე საფრთხე მაღალია და ახალმა კომპანიამ შეიძლება თავი შეიკავოს დღგ-ს გადახდისგან, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც წლებია ოპერირებენ და მნიშვნელოვანია, რომ მათ გააგრძელონ მუშაობა.
კომპანიები მოგებაზე ვერ გადიან. საკვები პროდუქცია უფრო სწრაფად ბრუნვადია, მაგრამ ტანსაცმლის, ავეჯის, ჭურჭლის მაღაზიები დაკეტილია. კომპანიებმა პროდუციის საკმაოდ დიდი მარაგები შეიქმნეს და ახლა ვერ ყიდიან, ამ დროს ამაში წინასწარ მილიონობით ლარის დღგ აქვთ გადახდილი, რაც ბიზნესს ჭედავს“, - განაცხადა დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ბიზნეს გაერთიანებებს დღგ-ს გადასახადის გადახდის სტრუქტურის შეცვლის შესახებ არაერთხელ მიუმართავთ ხელისუფლებისთვის, თუმცა ამ საკითხზე კომუნიკაცია სახელმწიფოსთან არ ჰქონიათ.
ხალხი მშიერი გეხოცებათ, გესმით თქვენ?