საქართველოში ჩატარებული მსხვილი ტენდერები დიდი ხანია ქართული კომპანიების უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ახლა პრეტენზიას უკვე დიპლომატებიც გამოთქვამენ. ბოლო დროს ტენდერებში მხოლოდ ჩინური სახელმწიფო ორგანიზაციები იმარჯვებენ, არადა ფული ევროპიდან მოდის, ხოლო ძირითად სამუშაოს ჩინელების მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეები ასრულებენ.
პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა რამდენიმე დღის წინ პირდაპირ დაიჩივლა საქართველოს ხელისუფლების მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო. „მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია“, - აღნიშნა ელჩმა.
მაშკიევიჩი ასევე განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს და ამიტომ, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინური კომპანიების დაქირავება არა მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც აოცებს ევროკავშირის ელჩების კლუბში. სამუშაოს შესრულებისას გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს არა ფასი, არამედ - ხარისხი და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ საქართველოსთვის მაღალ ხარისხთან შესაბამისი „საიმედო“ ფასის შეთავაზება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არც ერთ უცხოურ საინვესტიციო კრედიტს არ აქვს პირობა, რომ პროექტი აუცილებლად ევროპულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა დონორს აქვს შესყიდვების პროცესის მარეგულირებელი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იმართება ტენდერები მათ მიერვე დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.
„სატენდერო წინადადება ფასდება არა მხოლოდ პრეტენდენტის ფასის, არამედ უამრავი ტექნიკური პარამეტრის, მათ შორის, პრეტენდენტის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით. ჩინურ კომპანიებს აქვთ რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება და ხშირ შემთხვევაში, მათ კონკურენციას ვერ უწევენ სხვა უცხოური თუ ქართული კომპანიები.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს, თუნდაც ჩინური კომპანიების მიერ მოგებულ პროექტებში მონაწილეობის და ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმების გზით, რათა მათ დააგროვონ გამოცდილება/კომპეტენცია და დროთა განმავლობაში შევიდნენ სათანადო კონკურენციაში, როგორც ჩინურ, ისე ევროპულ კომპანიებთან. მაგალითად, მხოლოდ 2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 7500 პროექტზე მუშაობდა 40 000-მდე ადამიანი და მათგან 70-80%-ზე მეტი საქართველო მოქალაქე იყო“, - განუცხადეს „ბიემს“ სამინისტროში.
ასეთ დამოკიდებულებას არ ეთანხმებიან არც ექსპერტები და არც ქართული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ვერა, მაგრამ უცხოეთში კი ხშირად იმარჯვებენ ტენდერებში. პაატა ტრაპაიძე სწორედ იმ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც პორექტებს საზღვარგარეთ ახორციელებს. იგი ადასტურებს, რომ უცხოურ საინვესტიციო კრედიტით დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინური სახელმწიფო კომპანიები ასრულებენ, ქართულ სახელმწიფო კომპანიებს კი მისი განმარტებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვთ. „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პირდაპირ ამბობს, რომ ადგილობრივ კომპანიებს განვითარების საშუალება არ ეძლევათ.
„ჩვენთან ტენდერებში მარტო ჩინური სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობენ. ჩინეთშიც არიან ძალიან კარგი კომპანიები, რომლებიც დიდი საქმეებს აკეთებენ, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ჩემთვის წითელი ხაზი არის ის, რომ ყველა კომპანია, რომელიც საქართველოში მუშაობს, არის ჩინური სახელმწიფო კომპანია. ბაზარზე ჩინური კომერციული კომპანია რომ შემოვიდეს, არანაირი პრობლემა არ არის. როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა კომერციულმა ორგანიზაციამ, კონკურენცია გაუწიოს სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს დავალებით აქვს პროექტები გაკეთებული. დღემდე ვერ დავადგინე როგორ იმარჯვებენ ჩინური სახელმწიფო კომპანიები, ამ კითხვით მივმართე მსოფლიო ბანკსაც, აზიის განვითარების ბანკსაც და ევროპის საინვესტიციო ბანკსაც - პასუხი ვერ მივიღე“, - განმარტავს პაატა ტრაპაიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა კი აცხადებს, რომ ჩინური კომპანიების განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული კომპანიების. ეს ფაქტი მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია. ხელისუფლება აქცენტს პიარ კამპანიაზე აკეთებს და ქვეყანაში მოკლევადიან, იაფი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
„თუ გინდა ინფრასტრუქტურული პროექტი იაფად და სწრაფად გააკეთო, მაშინ პროექტები ჩინურმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ, მაგრამ თუ გვინდა ხარისხიანად გავაკეთოთ, მაშინ არჩევანი ევროპულზე უნდა შევაჩეროთ. ინფრასტრუქტურული პროექტები ევროპული ფულით და ევროპულმა კომპანიებმა რომ განახორციელონ, უფრო სტაბილური შედეგებს მივიღებთ. მაგალითად, საბჭოთა დროინდელი ინფრასტრუქტურა დღემდე ექსპლუატაციაშია. მაშინ ჩინელებს მეტრო რომ გაეკეთებინათ, დღეს ჩვენ მეტრო არ გვექნებოდა. მთავრობა ყურადღებას პიარს აქცევს, ამიტომ მოკლევადიან, შედარებით იაფ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, მაგრამ საქართველოს ეს პროექტები ორმაგი ფასი უჯდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ კოდუამ.
„ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებლის აზრით, მთავარი იდეა ქართული კომპანიების გაძლიერება უნდა იყოს. ევროპული ფული ამ მიმართულებით უნდა ჩაიდოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ევროპული ფულის ჩინეთში გადინება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე უარყოფითად აისახება.