სახალხო დამცველმა თავისი უფლებამოსილების ამოწურვის დღეს საქართველოს მთავარი პროკურორისგან, მამუკა გვარამიასგან აფრასიძეების საქმეში მონაწილე სამართალდამცავთა ქმედებათა გამოძიება მოითხოვა.
"საქმის მასალების გაანალიზებამ ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლების ქმედების ისეთ არაჯეროვან დაგეგმვას, რამაც სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების (ევგენი და ომეხ აფრასიძეების) სიკვდილი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა აფრასიძეების ოჯახში მყოფ ცხრა პირს", - აცხადებენ სახალხო დამცველის ოფისში.
სახალხო დამცველს განმარტება მისცა ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, მესტიის რაიონის სოფელ ეცერის მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ირკვევა, რომ ომეხ აფრასიძე დაიღუპა არა სპეცოპერაციის დროს გაწეული შეიარაღებული წინააღმდეგობისას, არამედ ის საქართველოს შს და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებმა შეიპყრეს, ხელები შეუკრეს და მხოლოდ ამის შემდგომ მოკლეს.