„ვინც პარტიასთან შეუთანხმებლად მოქმედებს, ასეთი ადამიანების ადგილი პარტიაში არ არის“

„ვინც პარტიასთან შეუთანხმებლად მოქმედებს, ასეთი ადამიანების ადგილი პარტიაში არ არის“

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ზურაბ აბაშიძე, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტები არიან ჩანერგილები. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების ასეთი საჯარო ფორმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ თავად შეარჩია, რადგან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტიის დისციპლინისა და წესების დარღვევით მონაწილეობა მიიღეს იმ აქციაში, რომელიც პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართა.

„როგორც ამ ადამიანებთან საუბრიდან გაირკვა (მხედველობაში მაქვს აბაშის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები), მათი მოტივაცია აბსოლუტურად გულწრფელი იყო. მათ სურვილი ჰქონდათ, კოალიციის ლიდერის წინაშე აბაშის რაიონულ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. მაგრამ რა თქმა უნდა, თვითონ ფორმა „თავისუფალ დემოკრატებისთვის“ მიუღებელი იყო, რადგან ამ აქციაში მონაწილეობა პარტიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებელი იყო.

რაც შეეხება დათო საგანელიძის მიერ ამ ინფორმაციის გაჟღერების ფორმას, მოგეხსენებათ, მან ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს საკითხი შიდა რეჟიმში მოგვეგვარებინა“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ არ იყო ცნობილი, რომ მათი პარტიის წევრები ამ აქციაში მონაწილეობდნენ და საგანელიძეს მათთვის ეს ინფორმაცია რომ მიეწოდებინა, ამ საკითხს პარტიაშივე დაარეგულირებდნენ. ამასთანავე, აბაშიძის თქმით, მათი პარტია მსჯელობს, ამ პირების მიმართ რა სახის დისციპლინარული ღონისძიებებს გაატარებს. აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ იმ აქციაში მონაწილე პირების კეთილსინდისიერებასა და პარტიისადმი და კოალიციისადმი ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ მათ მოუვიდათ გადაცდომა, რადგან ისეთ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რის შესახებაც საკუთარი პარტია საქმის კურსში არ ჩააყენეს. ამისთვის კი არსებობს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც პარტიამ თავისი შინაგანაწესის თანახმად შეუძლია გამოიყენოს.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ახლა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სტრუქტურის ჩამოყალიბება მიმდინარეობს და ამ პროცესის განხორციელება კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პარტიები ამ პროცესში ჩარევას არ აპირებენ, თუ თავად „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არ ექნება მათ მიმართ რაიმე თხოვნა.

ბატონო ზურაბ, თქვენ ამბობთ, რომ მიღებული იქნება გარკვეული ზომები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ უკვე გარიცხულები არიან თქვენი პარტიიდან და ამის შესახებ არც კი იცოდნენ.

- ვინც პარტიასთან შეუთანხმებლად, პარტიის შინაგანაწესის დარღვევით მოქმედებს, ისე, რომ პარტიის ხელმძღვანელობა მათი საქმიანობის შესახებ არ არის ინფორმირებული, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების ადგილი პარტიაში არ არის. პარტიის სტრატეგიულ ხაზს და გეგმას პარტიის მთავარი პოლიტიკური ორგანო, გამგეობა განსაზღვრავს, ხოლო ვინც მას არ ემორჩილება, ბუნებრივია, პარტიაში საქმიანობას ვერ გააგრძელებს.

დღეს მანანა კობახიძეც გამოეხმაურაჩანერგილებისთემას და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისპარტიის დაფუძნებას ხელი არ შეუშალონ. გასულ კვირას ამ საკითხზე თქვენი პარტიისკენ გამოიშვირეს ხელი და მოგვარდა ეს საკითხი?

- დიახ და აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ მანანას, რადგან სწორედ ეს პათოსი მაქვს მეც. ყველა პარტიას მოვუწოდებთ, ამ პროცესში არავინ ჩაერიოს, რადგან ეს ბადებს ეჭვებს „ჩანერგილობასთან“ დაკავშირებით და ეს არავისთვის არის კარგი. რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, თემა ამოწურულია, კოალიციის შიგნით ლიდერების დონეზე ეს საკითხი მოგვარებულია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის დღეს პრიორიტეტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩამოყალიბება.

გასაგებია, რომ ლიდერების დონეზე ეს თემა ამოწურულია, მაგრამ შემოგზავნილების საკითხი თუ გადაიხედება თქვენს პარტიაში?

- ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება ვისაუბროთ იმაზე, რომ შეუძლებელია რომელიმე პარტიაში შემოგზავნილი პირები არსებობდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები თავიანთ საქმიანობას აგრძელებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ შესაძლოა აქვთ გულწრფელი მოტივი, რომ „ქართული ოცნება“ როგორც კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდეს და ამავდროულად ეს ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რა საქმეს აკეთებდნენ. შეიძლება სწორედ ეს იყოს ეჭვის საბაბი, რომ მათი ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. კონკრეტულს ფაქტს კონკრეტული ადამიანებთან დაკავშირებით, რომ ჩვენს პარტიაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არიან შემოგზავნილები, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. თუ ეს ადამიანები რაღაც ფორმით „ნაცმოძრაობასთან“ არიან დაკავშირებულები და კოალიციაში შემავალ რომელიმე პარტიაში არიან ასეთი ჩანერგილი ადამიანები, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ღიად ვისაუბრებთ.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომნაციონალური მოძრაობაოთხი წელი ვერ დაგელოდებათ და მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც თქვენი გუნდის დასუსტებას და ხელისუფლებიდან წასვლას დააჩქარებენ. ამასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?

- ძალიან მარტივად გაგცემთ პასუხს, მე ნაკლებად სერიოზული მგონია მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დეტალებში შესვლა და მისი განხილვა. ასევე არასერიოზულად მიმაჩნია, რომ თუ რაიმე გეგმა არსებობს, პოლიტიკური ძალის ლიდერი გამოდიოდეს და მასზე ასე საჯაროდ საუბრობდეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, პირველი რაც მის განცხადებებში ამოვიკითხე არის ის, რომ უახლოეს წლებში მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ არსებულ ხელისუფლებას რაიმე ზიანი მიაყენონ, ან ჩვენი მომხრეები თავის მხარეს გადაიყვანონ. პირიქით, მათი მიზანია, რომ დღეს თუ მომხრეები კიდე გააჩნიათ, ეს ადამიანები შეინარჩუნონ, რომ არ გაექცნენ. სწორედ ეს ამოვიკითხე მერაბიშვილის განცხადებაში და მის თვალებში.  

ქართული ოცნებისლიდერებისნაციონალური მოძრაობისმიმართ გაკეთებული მოწოდება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა, მოწმობს იმას, რომ კოალიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- კოალიციას რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამაში მე მგონი ახალი არაფერია. მართალია ჩვენ უმრავლესობაში ვართ, მაგრამ ეს არ არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუმცა ის ცვლილება, რომლითაც კოალიცია პარლამენტში შემოდის, გარდაუვალია და ეს ცვლილება უმრავლესობას კი არ სჭირდება, არამედ ეს საზოგადოებას, ქვეყანას და თავად უმცირესობას სჭირდება. 9 წლის მანძილზე ქვეყნის უმთავრეს კანონში, კონსტიტუციაში ეწერა, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, პარლამენტთან შეუთანხმებლად დანიშნოს მთავრობა, დაშალოს პარლამენტი და ა.შ. ეს არის დიქტატურის პირველი ნიშნები და სწორედ ამ ჩანაწერისგან გვინდა საქართველოს კონსტიტუცია გავანთავისუფლოთ. ამისათვის პრეზიდენტს შევთავაზეთ, ნებისმიერ დროს შეეძლოს პარლამენტის დათხოვნა, მაგრამ იმ მთავრობამ, რომელსაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა, შეასრულოს თავისი მოვალეობა და ამ პირობებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ეს არის ჩვენი შეთავაზება, მაგრამ მეეჭვება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის მზად იყოს. თუმცა იმედი მაქვს, უმცირესობაში საღი აზრი გაიმარჯვებს, რადგან ეს ცვლილებები ქვეყნისთვის არის საჭირო და ეს ცვლილებები ცხრა წლის წინ სააკაშვილმა სათავისოდ ჩაწერა კონსტიტუციაში.

სწორედ ამიტომ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ამ ინიციატივით, რომ გვქონდეს დაბალანსებული სახელმწიფო ინსტიტუტები და არავის ჰქონდეს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე ქვეყანას სჭირდება - არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს და არც პარლამენტს.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო კამპანია ჩატარდა, და თუ ვერ მოხერხდა ამ ცვლილებების გატარება, მაშინ რას მოიმოქმედებსქართული ოცნება“?

- პარლამენტი 5 თებერვლიდან იწყებს საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობას. დილის საათებში ჩატარდება იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც სწორედ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა იქნება წარმოდგენილი. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ბიუროზე შევალთ წინადადებით, რომ ეს საკითხი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებები სესიის დღის წესრიგში იყოს შეტანილი და 6 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება. რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვქონდა როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთანაც და იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხს მხარდამჭერები უმცირესობაშიც ეყოლება მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან არ უნდა მიხეილ სააკაშვილს.

ამ კანონპროექტში პარლამენტის თბილისში გადმოტანაც შედის?

- არა, ამ შემთხვევაში მხოლოდ პრეზიდენტის უფლება-მოსილების საკითხის განსაზღვრაზეა საუბარი.

ამ კვირაში პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს და საინტერესოა, როგორი იქნება ამ დღის ფორმატი? ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას სირცხვილის დერეფანი უნდა მოუწყონ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ჩვენ არანაირ სირცხვილის კორიდორს არ ვგეგმავთ, თუმცა მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატონ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც არის გარკვეული ღონისძიებები ორგანიზებული და სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საპარლამენტო ურმავლესობა ამ შემთხვევაშიც არაფერ შუაშია, ამ აქციებთან არანაირი კავშირი არ გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მოგვწონს სააკაშვილი და მისი მმართველობა. მიგვაჩნია, რომ იგი უკვე აღარ არის პრეზიდენტი, რადგან მას უკვე ვადა გაუვიდა. სხვა საქმეა ის ჩანაწერი, რომელის ამასთან დაკავშირებითი კონსტიტუციაში არსებობს და ჩვენ გვიწევს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოვექცეთ.

რაც შეეხება პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას, მისი მოსვლა 8 თებერვალს არის დაგეგმილი. მან ყოველწლიური ანგარიში უნდა წარმოადგინოს. რეგლამენტში ზუსტად არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ეს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ცხადდება შესვენება, შემდეგ იმართება დებატები და ა.შ. ეს ყველაფერი სამშაბათს, როდესაც ბიუროს სხდომა ჩატარდება, დეტალურად იქნება უმცირესობის წარმომადგენლებთან განხილული.

რა კითხვები შეიძლება დაუსვან უმრავლესობის წევრებმა მიხეილ სააკაშვილს?

- მოგეხსენებათ, კითხვები ძალიან ბევრია და მისი მმართველობის წინააღმდეგ ჩვენი პოზიცია არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მას სრულიად სხვა გარემოში მოუწევს პარლამენტის წინაშე გამოსვლა. მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში მას პარლამენტში ჰყავდა უმრავლესობა. ამ შემთხვევაში კი ის მოდის, როგორც ოპოზიციის ლიდერი და ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან ასეთ ფორმატში მისი გამოსვლა ჩვენთვისაც ახალია. ჩემი პირადი სტრატეგია არის ის, რომ ავეწყობი იმაზე, თვითონ რას ილაპარაკებს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში. ოპოზიციაში რომ ვიყოთ, წინასწარ გვეცოდინებოდა, რა კითხვები უნდა დავსვათ. ახლა კი, მიმაჩნია, რომ ჯერ უნდა მოვისმინოთ მისი მოხსენება და შემდეგ გადავწყვიტოთ, რა კითხვები დავუსვათ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მე მგონია, საზოგადოებაში სააკაშვილის მიმართ მაინცდამაინც კითხვები აღარ არსებობს, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელია.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია ოპოზიციაში წასვლას და ახალი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- უკანასკნელ პერიოდში ბევრი საინტერესო ვერსია მოვისმინე, მაგრამ ეს ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია ოპოზიციაში წასვლას აპირებს, ჩემთვის სრულიად ახალია. არავინ აპირებს ოპოზიციაში წასვლას. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არის ერთიანი ორგანიზმი, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ნდობა მოიპოვა, რომელსაც საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და გეგმავს, რომ დანაპირები შეუსრულოს ხალხს. რაც შეეხება პარტიის შექმნას, ირაკლი ალასანია არის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და არ მგონია, რომ მას სხვა რაიმე პარტიის შექმნა სჭირდებოდეს.

პოლიტპატიმრები ითხოვენ, რომ მოხდეს მათი საქმეების სასამართლოს მიერ გადახედვა და ამ საქმეებისთვის გრიფისაიდუმლოს“ მოხსნა. ამაზე რა აზრის ხართ?

- შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იურისტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და კონკრეტული პატიმრების საქმეების შესწავლის შედეგად შეიმუშავებს დასკვნებს, რომლებიც სასამართლოს გადაეგზავნება განსახილველად. სასამართლო კი ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას მიიღებს. პარლამენტმა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დადგენილება უკვე მიიღო და დამატებით რაიმე დოკუმენტის მიღება აღარ იგეგმება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ქალბატონ ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, ამგვარ საკითხებზე აღარ იმუშავებს.