საქართველოში ფქვილი ისევ გაძვირდა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ერთი ტომრის ღირებულებამ 6-7 ლარით მოიმატა. ეს ისტორიული მაქსიმუმია. ფასის ზრდა 2021 წელსაც გაგრძელდება, რადგან რუსეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის კვოტირებას და საბაჟო გადასახადის გაზრდას გეგმავს. საქართველო კი მთლიანად რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული.
ხორბლისა და ფქვილის ფასის ზრდას იანვრიდან გაზის გაძვირებაც დაემატება და საბოლოო ჯამში აშკარად მძიმე სურათს მივიღებთ. მდგომარეობა ახლო მომავალში ვერაფრით გამოსწორდება.
„2-3 კვირის წინ პირველი ხარისხის ფქვილს 61-63 ლარად ვყიდულობდით. დღეს მივედით, რომ გვეყიდა ფქვილი და ის უკვე გაძვირებული დაგვხვდა. ერთი ტომარა ფქვილი „ალაფი“ 69 ლარი გახდა, „კარმენი“ კი 68 ლარი. 3 იანვრიდან გვიძვირდება გაზიც. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პატარა საცხობებზე, ან მოგვიწევს პურის გაძვირება, რაც გამოიწვევს რეალიზაციის შემცირებას ან კიდევ დახურვას. სხვა გზა არ არსებობს“, - განაცხადეს ერთ-ერთ საცხობში.
გაძვირებული ფქვილის შესყიდვა მოუწია თბილისში მდებარე კიდევ ერთ პურის საცხობსაც. ასეთ პირობებში მუშაობას სავარაუდოდ, ვეღარ გააგრძელებს და იანვრიდან საცხობის დახურვა მოუწევს.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ ხორბლისა და ფქვილის გაძვირება მომავლშიც მოსალოდნელია. ამიტომ საქართველოში არა მარტო საცხობების, არამედ სხვა ობიექტებსაც შეემქნებათ პრობლემა, რომლებიც ნედლეულად ფქვილს იყენებენ.
საქმე ისაა, რომ 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს. რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ცნობით, ამ პერიოდში მარცვლეულის საექსპორტო მოცულობა 17.5 მლნ ტონით განისაზღვრება. ამასთან, იგეგმება მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის გაზრდაც.
„მარცვლეულის ექსპორტის კვოტირების და მისი ექსპორტისას საბაჟო გადასახადის გაზრდის შესახებ მთავრობაში დადგენილების პროექტი შემოვიდა, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. დოკუმენტის მიხედვით, საექსპორტო მოცულობად 17.5 მლნ ტონა მარცვლეულია განსაზღვრული, ხოლო კვოტირების ფარგლებში საბაჟო გადასახადი 25 ევრომდე განისაზღვრება და კვოტირებული რაოდენობის გაზრდის მოთხოვნის შემთხვევაში მარცვლეული კულტურების ექსპორტის გადასახადი საბაჟო გადასახადის 50%-ს შეადგენს, თუმცა ეს არ იქნება 100 ევროზე მეტი“, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
შეზღუდვები არა მარტო ხორბალს, არამედ ქერს, ჭვავსა და სიმინდსაც შეეხება.
საქართველოში პურის გაძვირების საწინაააღმდეგოდ ხელისუფლების სუბსიდირება გახდა საჭირო. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ გაძვირება მოსალოდნელი არ არის.
„მოსალოდნელი არაა გაძვირება, რადგან დაიწყო სუბსიდირების პროგრამა და საცხობები, რომლებიც ქარხნული ტიპის პურს, ანუ ქვის პურს აწარმოებენ ამ სუბსიდირებას იმ პირობით იღებენ, რომ ფასს არ გაზრდიან პურზე. თუ ავიღებთ პატარა საცხობებს და თონეებს, მათზე სუბსიდირება არ კეთდება და შეიძლება ისინი ზრდიდნენ ფასს 10-20 თეთრით. წარმოების პროცესს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ბუნებრივი გაზის ფასის ზრდა პურის მწარმოებლებს არ შეხებიათ, რაც ხელშეწყობაა“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ დოლიძემ.
სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც დაახლოებით 10 მილიონ ლარი დაიხარჯება. შედეგად, 1 ტომარა ფქვილის ფასი მაქსიმუმ 53 ლარი იქნება.