საქართველოსთვის სიღარიბე უცხო არასდროს იყო, მაგრამ პანდემიამ ვითარება ძალიან დაამძიმა. ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, პრობლემა გაუჩნდათ თვითდასაქმების მხრივაც, რადგან შეზღუდულია გადაადგილება და ქვეყანა გადასულია ონლაინ რეჟიმზე. ასეთ პირობებში თავის რჩენა სულ უფრო მეტ მოქალაქეს უჭირს და სიტუაციას ვერ შველის მთავრობის კომპენსაციებიც.
ამიტომაც ბოლო პერიოდში ადამიანებმა საშუალო ფენიდან ღარიბთა კატეგორიაში დაიწყეს გადასვლა, ხოლო ღარიბებმა ღატაკებში გადაინაცვლეს. მდგომარეობა რთული იყო 2020 წლამდეც, ხოლო ბოლო თვეებში კიდევ უფრო დამძიმდა.
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, არსებობს უკიდურესი სიღარიბეც და მათ ის ადამიანები მიეკუთვნებიან, რომლებიც დღიურად დათვლით 1.90 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ, რაც ფასთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ნომინალურად დაახლოებით 60 ცენტია, ანუ 2 ლარი, თვეში - 60 ლარი. ასეთ უკიდურეს სიღარიბეში, აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართელოს მოსახლეობის 3.6%, ანუ 133 000 ადამიანი ცხოვრობდა.
მსოფლიო ბანკის კვლევით, პანდემია და კოვიდრეგულაციები იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც დღიურად 1.90 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ, 150 მლნ-ით გაიზრდება. მართალია, ეს მძიმე სცენარი ძირითადად აფრიკისა და აზიის ქვეყნების ნაწილს ეხება, მაგრამ მათ შორის იქნებიან ასევე საქართველოს მოქალაქეებიც.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა მოსახლეობაზე მძიმედ იმოქმედა და ამიტომ სიღარიბის მაჩვენებელი გაუარესდა.
„რა თქმა უნდა, კორონავურუსის პანდემიამ ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ მეტად გააუარესა და ხალხი გააღარიბა. ყველას გაუჩნდა დამატებით პრობლემა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე. კორონავირუსის პანდემიამ ალბათ, მოსახლების 98%-ზე მოახდინა გავლენა. ხალხს შემოსავლები მასობრივად შეუმცირდა. არის 1-2 გამონაკლისი, რომლის ფინანსური მდგომარეობა ამ ვითარებაში გაუმჯობესდა, მაგრამ საერთო ფონი ძალიან მძიმეა“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.
„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში საქართველოში ყველა კატეგორიის საარსებო მინიმუმი გაიზარდა. ახალი კალკულაციის თანახმად, ხუთსულიანი ოჯახის ახალი ოფიციალური საარსებო მინიმუმი 377.7 ლარია. ეს წინა თვესთან შედარებით 3 ლარით მეტია. საბაზო საარსებო მინიმუმი, რაც შრომისუნარიანი მამაკაცის ერთი თვის საარსებო მინიმუმს ასახავს 1.8 ლარით არის გაზრდილი და ის 189.5 ლარს შეადგენს. წლიურ ჭრილში ეს რიცხვი 6 ლარით არის შემცირებული, თუმცა „საქსტატის“ ანგარიშს არ ახლავს წერილობითი განმარტება თუ რა ფაქტორების გამო შემცირდა წლიურ ჭრილში საარსებო მინიმუმი.
საქსტატის თანახმად, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი -189.5 ლარი;
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 268.6 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 302.2 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 335.7 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 377.7 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 446.5 ლარი.
რასაკვირველია, ეს ძალიან შეუსაბამო მაჩვენებლებია, ამიტომაცაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე გამუდმებით ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას. 3.7 მლნ-იან ქვეყანაში, ოქტომბრის მდგომარეობით, სოციალურ დახმარებას, რომელიც სულზე 60 ლარს შეადგენს და ასევე გათვალისწინებულია სხვა მცირე შეღავათები კომუნალურ გადასახადებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, უკვე 510 ათასი ადამიანი იღებს. თებერვლიდან დღემდე ეს რიცხვი 70 ათასით გაიზარდა.
იანვრიდან ნოემბრამდე დახმარების მოთხოვნელთა რაოდენობამ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 921 ათასიდან 994 ათასამდე მოიმატა. ყოველი 100 ადამიანიდან 27 სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და მათგან 14 ამ დახმარებას იღებს.
მაი ამბავი პატივცემულო ეკა, დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, შემდეგ "დამოუკიდებელ" საქართველოში დღემდე დიდი "წარმატებით" გრძელდება და ასე გაგრძელდება ვიდრე კანონის უზენაესობა არ იზეიმებს, უმრავლეს შემთხვევებში ჩაწყობები, საზღვარგარეთული "განათლებით" გამოუცდელი შვილების, გოგოშკა-ბიჭუშკების, ოჯახის წევრების, ბებია-ბაბუების, ახლო ნათესავების, სიდედრ-სიმამრების, საყარლებ-შეყვარებულების, დეიდა-მამიდებისა და ა.შ. თანამდებობებზე შეტენვა-
დანიშვნა არ დასრულდება!