პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრები მის დაცვაზე უარს ამბობენ

პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრები მის დაცვაზე უარს ამბობენ

საქართველოს პრეზიდენტის პირად დაცვაზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სპეცნაზის წარმომადგენლები უარს ამბობენ, რის გამოც, მიხეილ სააკაშვილს მათი ჩანაცვლება იმ პირებით სურს, რომელთაც კუდი-სა და სოდი-ს დეპარტამენტები ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლის შემდეგ, დატოვეს თუ დაატოვებინეს.

ამის შესახებ ინფორმაცია for.ge-ს სანდო წყარომ მიაწოდა.

მისი ცნობით, სდსს-ს თანამშრომლებს, იმ სამმართველოში მუშაობა არ სურთ, რომელიც უახლოეს მომავალში, უნდა ჩამოყალიბდეს და რომელმაც, ქვეყნის პირველი პირისა და მისი ოჯახის წევრების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

კერძოდ, საუბარია პარლამენტის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საკანონმდებლო ინიციატივის - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” მიერ დაწესებულ რეგულაციებზე, რომლის მიხედვითაც, სდსს პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის კომპეტენციაში გადავიდა, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს პრეზიდენტის ნაცვლად, თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისგან დამოუკიდებლად, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს.

ვინაიდან, ირინე იმერლიშვილის მიერ მომზადებულ ინიციატივას, პარლამენტში სერიოზული დებატები მოჰყა, კანონში პრეზიდენტთან დაკავშირებით, ზემოთ აღნიშნული  რეგულაცია ჩაიდო და ითქვა, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციების გამიჯვნის მიზნით, მთავრობის მიერ სპეციალური კომისია უნდა შექმნილიყო, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, უკვე შეიქმნა და რომელიც, მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

როგორც for.ge-ს ირინე იმერლიშვილმა განუცხადა, მთავრობის კანცელარიაში, კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა და კომისიის წევრები არიან - სდსს-ს ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი და ასევე - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული შემადგენლობით კომისიამ მუშა მდგომარეობაში, ამ სამსახურების გამიჯვნა უნდა მოახდინოს და პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დაცვისთვის, ცალკე სამსახური შექმნას.

იმერლიშვილის განცხადებით, სამსახურის რეორგანიზაცია  როგორ უნდა მოხდეს და პრეზიდენტის დაცვის სამსახური რამდენი პირით უნდა დაკომპლექტდეს, სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ, სამშაბათს ან ოთხშაბათს გაიმართება, საკუთარი ხედვები თემურ ჯანაშიამ უნდა წარადგინოს.

„პრეზიდენტის დაცვის სამსახურში რამდენი ადამიანი იქნება, არ ვიცი. საკუთარი ხედვები თემურ ჯანაშიამ უნდა წარმოადგინოს. შემდე კი, საკითხებს ერთიანად გავივლით“, - განმარტავს იმერლიშვილი.

სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, თემურ ჯანაშიას ხედვების გაცნობის მიზნით, for.ge-მ სდსს-ს ხელმძღვანელთან დაკავშირება სცადა, თუმცა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ ამ ეტაპზე, ჯანაშიას კომენტარის გაკეთება არ სურს. შესაბამისად, ჯანაშიასეული ხედვების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობი დარჩა.

რაც შეეხება პრეზიდენტის დაცვის სამსახურში მყოფი პირების განწყობას, წყაროს ცნობით, მათ მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურში ყოფნა არ სურთ და აცხადებენ, რომ თუ მათი პოზიცია არ იქნება გათვალისწინებული, ისინი პროტესტის ნიშნად, სამსახურს დატოვებენ.

„ამ გიჟთან ერთად სირბილი აღარ გვინდა“, - დასძენენ დაცვის წევრები. მათ მიერ წაყენებული მოთხოვნების ფონზე კი, „ნაციონალები“ იმ პირთა „შეკვრას“ ცდილობენ, რომლებიც კუდი-სა და სოდი-ს დეპარტამენტებიდან გაუშვეს თუ თავად წავიდნენ.

საკითხთან დაკავშირებით, ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, for.ge-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ პავლე კუბლაშვილთან დაკავშირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ჩვენს სატელეფონო ზარებს დეპუტატმა არ უპასუხა.

კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მაგრამ ვინაიდან, დაცვის სამსახურის ცალკე ქვედანაყოფის შექმნა ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვს, არ არის გამორიცხული, მთავრობისა და პრეზიდენტის პოზიციები ისევ ვერ შეჯერდეს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის რეორგანიზაცია კვლავ სპეკულაციების მიზეზი გახდეს, როგორც ეს, ცვლილებების განხილვისას მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთი გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დაცვას „ართმევდნენ“ და ის ძველი „ოპელით“ ივლიდა. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააღიზიანა, რომელმაც უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არსებული მოლაპარაკებების დეტალები გაახმოვანა. სპიკერის ინფორმაციით, კონსესუსის მიღწევა იმის გამო ვერ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი დაცვის უზრუნველსაყოფად - 50 ათას ლარს ითხოვდა, რასაც მთავრობა არ ეთანხმებოდა და მას სანაცვლოდ - 20 ათას ლარს სთავაზობდა. საბოლოო ჯამში კი, for.ge-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, სახელმწიფო დაცვის ცალკე სამსახურის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, პრეზიდენტი პარლამენტში ელჩების კანდიდატების წარდგენას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტი 50 მლნ ლარით არის განსაზღვრული, რომელსაც მაღალი რანგის თანანმდებობის პირების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების დაცვა ევალება. სამსახური კი, დაახლოებით 1800 პირისგან არის დაკომპელქტებული.