24 დეკემბრიდან მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება ვეღარ მოხერხდეს. ამაზ სულ უფრო აქტიურად საუბრობენ როგორც მთავრობაში, ასევე სამედიცინო წრეებშიც. ხელისუფლება კიდევ ერთი კვირა დააკვირდება და საბოლოო სიტყვას ამის შემდეგ იტყვის.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყება მსჯელობა და კომუნიკაცია კერძო სექტორთან. მისი თქმით, რეგულაციები მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კომპონენტის ფონზე.
„მნიშვნელოვანი სტაბილიზაციაა ინფექციის გავრცელების კუთხით, რაც მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად იყო შერჩეული რეგულაციები, რათა მოგვეხდინა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შემცირება. ჩვენ დამატებით კიდევ ვიმსჯელებთ ამ კვირის განმავლობაში, ვინაიდან, რა თქმა უნდა, მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე საჭიროა ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მიიღებს თუ არა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქმედი შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა.
ამჟამად დამტკიცებული გეგმის მიხედვით, 24 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები დროებით გაიხსნება. ამოქმედდება ასევე მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. შეზღუდვების შემსუბუქება 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის აზრით, 24 დეკემბერს ერთბაშად ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება. რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება.
„ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ. არ შეიძლება, როცა ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი... რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში... აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი. მომავალი ერთი კვირა გვაჩვენებს, თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს“, - განაცხადა იმნაძემ.
ჯანდაცვის სპეციალისტებიც მთავრობას შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ურჩევენ. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მომხრეა ილიუნის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილიც, რომელიც თვლის, რომ ეკონომიკა რეგულაციების მკაცრი დაცვით უნდა გაიხსნას.
„მნიშვნელოვანია, ფრთხილად მოვეკიდოთ არსებულ ეპიდსიტუაციას, რაც არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ამასთან, მეორე მხარეს არის ბიზნესი და აქედან გამომდინარე, უნდა გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, მაგრამ ეტაპობრივად, რეგულაციების მკაცრი დაცვით. მაგალითად, თუ მოხდება სავაჭრო ცენტრში 5-10 ადამიანის დაშვება, მკაცრად პირბადის ტარების გაკონტროლება და დისტანციის მართვა. ეს მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, ბიზნესმა იმუშაოს და მეორე მხრივ, არ მოხდეს ეპიდემიის გართულება.
ასევე, 10 დღით გახსნაც არის დიდი პრობლემა, რაც ართულებს სიტუაციას. იხსნება, მერე ისევ იკეტება... თუ ვიხსნებით წესების დაცვით, კიდევ დაკეტვა დარტყმის ქვეშ აყენებს ბიზნესს“, - განაცხადა მირზიკაშვილმა.
ეკონომისტები კი აშკარად შეზღუდვების შემსუბუქების უჭერენ მხარს. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშლიძის აზრით, შეზღუდვები და გადაადგილებასთან დაკავშირებული აკრძალვები უნდა მოიხსნას. მათ შორის, საერთაშორისო რეისები აღდგეს და ინვესტიციების სტიმულირება მოახდინონ. ასე თუ არ მოხდება, ფული ვერ შემოვა და ადამიანები ვერ აღიდგენენ სამუშაო ადგილებს, ცხადია, სიღარიბის მაჩვენებელიც გაიზრდება.
„თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილების მომენტია. შეზღუდვების მოხსნით მეტ ადამიანს ექნება საშუალება, რომ თავს მიხედოს. ახლანდელი ვითარება ხელოვნურად არის შექმნილი. ამიტომ გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც შეზღუდვების დაწესებას მოიცავს და იგი ნაკარნახევი იყო წინა შეცდომებით, რაც ეპიდემიის პირველ ეტაპზე დაუშვა მთავრობამ. ამით აჩვენა საზოგადოებას, რომ სირთულესთან გამკლავება არ შეუძლია. ჯანდაცვა იყო არასწორად ორგანიზებული და ვერ გაუმკლავდა გამოწვევებს. საქმე საქმეზე მივიდა და ვნახეთ, რომ ეპიდემიური სიტუაცია ვერ გამოსწორდა. ამიტომ ახლა საჭიროა შეზღუდვების ჯერ შემსუბუქებაზე, ხოლო შემდეგ მოხსნაზე ფიქრი“, - აღნიშნა შეშელიძემ.