მკაცრმა შეზღუდვებმა, ლარის მერყეობამ და ზამთრის დადგომამ ინფლაციაზე წნეხი გაზარდა. განსაკუთრებით სურსათზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ვითარება კიდევ კარგა ხანს არ გამოსწორდება და მომავალი წლის ზაფხულამდე, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
ანალიტიკოს ნიკა შენგელიას აზრით, ინფლაციის ნიშნულთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები არ შეინიშნება, რაც ეკონომიკისთვისაც დიდი საფრთხის მატარებელია და დადებით პროცესებს ვერ გამოიწვევს.
„ვხედავთ, რომ საკმაოდ გაზრდილია ფასები, 2021 წლის მარტი-აპრილში, ამ მხრივ დადებით პერსპექტივას ვერ ვხედავ, ინფლაცია მიუახლოვდება თუ არა ისევ 3%-იან ნიშნულს, ფასები მაინც მაღალი დარჩება. ამას ვერაფერი უშველის, თუ ეკონომიკაში სერიოზული ძვრები არ მოხდება, ხოლო ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. ამ ეტაპზე ინფლაცია იკლებს იმიტომ, რომ ფასები მომატებულია და მეტის გაზრდას უკვე აზრიც არ აქვს, მიზნობრივი მაჩვენებელია 3% თუ მეტი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ქვეყანაში არ იკარგებოდეს სამუშაო ადგილები.
ვხედავთ, რომ დასაქმება მცირდება. მთავრობის ფისკალური პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, განსაკუთრებით მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, რომ 750 ლარს ქვემოთ შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით, მინიმუმ 1 წლის განმავლობაში არ დაიქვითოს. რეალურად საშიშია არა ინფლაცია, არამედ უმუშევრობის ზრდა, კომპანიების გაკოტრება და ამას უნდა მიექცეს ყურადღება“, - განაცხადა ფინანსისტმა.
შენგელიას აზრით, ინფლაციის ყველაზე დიდი საფრთხე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება. ამიტომ სებ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კომერციული ბანკების წლიური საპროცენტო განაკვეთები 8%-ს არ აჭარბებდეს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო უცხოურ ვალუტაში 4-5%-ს არ აღემატებოდეს.
„ეროვნულ ბანკს ხელს არაფერი უშლიდა, რომ საპროცენტო განაკვეთები თუნდაც 6%-ზე დაეყვანა ან შეემცირებინა დამატებით 1%-ით და ასეთი თანმიმდვევრული ცვლილებით 4%-ზე ჩამოეყვანა. შესაბამისად, ბანკები 15%-იან საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებდნენ. სებ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კომერციული ბანკების წლიური საპროცენტო განაკვეთები 8%-ს არ აჭარბებდეს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო უცხოურ ვალუტაში 4-5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სხვა შემთხვევაში, ეკონომიკაში მდგომარეობის გამოსწორება რეალურად შეუძლებალია“, - განუცხადა „რეპორტს“ შენგელიამ.
ახალი შეზღუდვების ფონზე, იმპორტიორთა ნაწილი ადასტურებს, რომ პროდუქტებზე ფასის შენარჩუნება გაჭირდება. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ შემოტანილ საქონელს ეროვნული ვალუტის გაუფასურება აძვირებს. როგორც სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ პრეზიდენტი და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, ფასის ცვლილება ბოლო კვირებში ლარის მერყეობიდან გამომდინარეა.
„კურსის ვარდნა გამოიწვევს ცვლილებას. ლარზე ზეწოლა არის ძალიან მაღალი, რადგან ზამთრის პერიოდში იმპორტირებული საქონელი გაცილებით მეტი მოიხმარება. აქ იგულისხმება ყველაფერი გაზი და ელექტროენერგიიდან დაწყებული არასეზონური პროდუქციით დასრულებული. შესაბამისად ლარზე ზეწოლა მაღალია. როდესაც კურსი უფასურდება, ფასებიც იმატებს“, - განაცხადა ჭყონიამ.
არსებული პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან (3%) ახლოს იმოძრავებს. სებ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ მინიმუმ წლის პირველ ნახევარში გაცვლთი კურსის სტაბილურობისთვის ეროვნული ბანკი ინტერვენციებს გააგრძელებს.