საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ახალი ტარიფების დადგენაზე მუშაობა დაიწყო. ეს იქნება 3-წლიანი ტარიფი და დადგინდება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური.
„სემეკის“ თავმდჯომარე დავით ნარმანია დეტალების გამხელისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ახალი ტარიფი წლის ბოლომდე დაზუსტდება. გამოკვეთილი მოლოდინი არც ტარიფის გაზრდის და არც შენარჩუნების კუთხით არ არსებობს.
„ჩვენ დავადგინეთ ქსელში დანაკარგების ნორმა, დავამტკიცეთ საინვესტიციო გეგმა. ჩატარებულია მათი ხარჯების აუდიტი, რომლის განხილვაც კომპანიებთან ერთად მოხდება და საბოლოოდ, ამ ნაწილშიც გარკვეული თანხები დაიწურება. ასევე ეტაპობრივად სხვადასხვა პარამეტრს ვამტკიცებთ, რომელიც გასათვალისწინებელია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის. ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარი, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური. ეს დეკემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი“ - განაცხადა ნარმანიამ.
კონკრეტულად სატარიფო კალკულაციაზე მსჯელობას სემეკი რამდენიმე დღეში დაიწყებს. მარეგულირებელმა დაამტკიცა საინვესტიციო გეგმა, ჩატარებულია კომპანიების ხარჯების აუდიტი და სემეკი ამ ნაწილშიც ელის გარკვეული თანხის გამოთავისუფლებას.
მერეგულირებელმა ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ არც ერთ კომპანიას სემეკისათვის ტარიფების მატების მიზნით არ მოუმართავს. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, თუ რა მოცულობის საინვესტიციო პროექტები უნდა განახორციელონ 2025 წლის ჩათვლით ენერგოკომპანიებმა. მომავალ 5 წელიწადში ამ პერიოდში 1.26 მილიარდი ლარის ინვესტიციების განხორციელება იგეგმება. ეს თანხა როგორც გამანაწილებელი ქსელის გაფართოებაზე, ასევე ელექტროსადგურების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკული კომპანიების საინვესტიციო პროექტები ასეთია:
1) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სულ 464 199 775 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. სემეკთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად განხორციელდება შემდეგი პროექტები: ორჯაჭვა 220 კვ ეგხ „ოდიში 1,2“ (ჯვარი-ხორგა 60 სმ სიგრძის ხაზი, ორჯაჭვა 220 კვ ეგხ შუახევი-ახალციხე, 90 კმ სიგრძის ხაზი, 500 კვ ეგხ ლაჯანური-წყალტუბო, 220/110 კვ ქ/ს „ოზურგეთი“ და ა.შ).
2) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 424 693 211 მლნ ლარის ინვესტიციებს განახორციელებს. გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების მშენებლობას, რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას, რაც აუცილებელია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის.
3) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ (რიონჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი) 2020-22 წლების საინვესტიციო მოცულობა 112 195 987 ლარს შეადგენს. გეგმის ფარგლებში გენერაციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
4) შპს „ენგურჰესის“ 2020-22 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ ლარამდეა. სემეკთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაზე. შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2020-22 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12 800 00 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს ჰიდროაგრეგატების და ტრანსფორმატორების შეცვლა-განახლებას.
5) სს „თელასი“ 2021-25 წლებში სულ 87 358 462 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
6) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული „ჟინვალჰესის“ 2020-22 წლების ჯამური საინვესტიციო გეგმა 10 337 954 ლარია. საინვესტიციო პროექტებით განსაზღვრულია როგორც ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია, ისე ჰიდროაგრეგატების კაპიტალური შეკეთება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ძალოვანი დანადგარების შეცვლა-განახლება.