ინვესტიციები მცირდება, მაგრამ კლების ტემპი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. უფრო მეტად პრობლემაა ის, რომ გაურკვეველია მომავალი წლის პროგნოზი. პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, ხოლო რამდენიმე დღის წინ დაწებული ვაქციანციის შედეგი, ამ ეტაპზე, რასაკვირველია, უცნობია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. შარშან პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ 313.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მეორე კვარტალში - 236.6 დოლარი, მესამე კვარტალაში - 396.0 დოლარი. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, პანდემიის პირობებში ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. წელს პირველ კვარტალში 174.7 მილიონი აშშ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, მეორე კვარტალში - 241.6 დოლარის, ხოლო მესამე კვარტალაში - 302.6 დოლარის.
ინვესტიციების დიდად გაზრდა არც მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი, რადგან ასეთ მძიმე პირობებში ბიზნესმენები ფულის დაბანდებისგან თავს იკავებენ, განსაკუთრებით კი, იმ ქვეყნებში, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და შეზღუდვებია შემოღებული.
კლების მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები დადებითი ტენდენციით ხასიათდება. როგორც სტატისიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ინვესტიციები მაინც არ უნდა ჩავთვალოთ ჩვენი ეკონომიკური აქტივობის სუსტ რგოლად.
„ინვესტიციების მოცულობა უფრო მეტად რომ არ შემცირდა, ეს უნდა გაგვიკვირდეს, გლობალური მასშტაბით შედარებისას აღმოჩნდა, რომ ჩვენ საშუალო მსოფლიო დონესთან შედარებით გაცილებით ნაკლებად შეგვიმცირდა ინვესტიციები. მსოფლიოში თითქმის განახევრდა, 49%-ით არის შემცირებული, 2020 წლის პირველ ნახევარში. ჩვენთან 2,2-ჯერ უფრო ნაკლები ტემპით არის კლება. მძიმე მდგომარეობა არ გვაქვს, გასული წლის საშუალო კვარატლურ მონაცემებს თუ ავიღებთ, სადღაც 7%-ის ფარგლებშია კლება, წინა წელთან შედარებით, რაც 2-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საგარეო სავაჭრო ბრუნვის კლება იმავე პერიოდში“, - განმარტა სტატისტიკოსმა.
გარდა ამისა, ყველა სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლიდან - მშპ იქნება, საგარეო ვაჭრობა, ბრუნვის მოცულობა ქვეყნის შიგნით თუ სხვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აღმოჩნდა ერთადერთი, რომელსაც კვარტალიდან კვარტალამდე არ ჰქონია კლების ტენდენცია, სულ აღმავალი გზით მიდიოდა.
„ინვესტიციებში მეორე კვარტალი სჯობდა პირველ კვარტალს, მესამე - მეორეს, ეს ფაქტია. მნიშვნელოვანი გარემოებაა ასევე ინვესტიციების მატება სოფლის მეურნეობაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ დარგს გაცილებით მეტი როლის შესრულება შეუძლია მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაში, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი“, - განუცხადა არჩვაძემ „რეპორტს“.
დიდი ალბათობით, პირდაპირი ინვესტიციების ზრდას, 2021 წლის მეორე კვარტლიდან უნდა ველოდოთ, რადგან ჯერ კიდევ დიდია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ასეთ ტენდენციას ვარაუდობს ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე.
„2020 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციები 23.6%-ით ნაკლებია, მაგრამ წლევანდელ მეორე კვარტალთან შედარებით, 25.2%-ით მეტია. ინვესტიციების გაზრდა იქნება დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობაზე. ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს მსოფლიოში დაწყებული ვაქცინაცია. თუ ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ პანდემია დასრულდა, მაშინ თავისთავად ცხადია დაიწყება ეკონომიკის გამოცოცხლება. ასეთ შემთხვევაში კი, ინვესტიციების მოცულობა დადასტურებულად გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინამ ეფექტიანობა ვერ აჩვენა, მაშინ გვექნება ის შედეგი, როგორიც გვქონდა წელს“, - აღნიშნა ღაღანიძემ.