საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ბიზნესასოციაციები ეხმაურებიან „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაზის კომერციული ტარიფი 0.24 ლარით გაიზარდა და პასუხს კომპანიასთან ერთად, მთავრობასაც სთხოვენ.
3 იანვრიდან, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი ძვირდება, გამონაკლისი პურის საწარმოებია. თუ დღეს კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიან, შემდეგი წლიდან 24 თეთრით ძვირის გადახდა მოუწევთ - ტარიფი 1 ლარი და 10 თეთრი ხდება.
„რამდენიმე დღის წინ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვისთვის ცნობილი გახდა, რომ გაზმომარაგების კომპანიამ „თბილისი ენერჯიმ“ ბიზნეს-სუბიქტებისთვის (ე.წ. კომერციული სექტორი) გაზმომარაგების ტარიფის 0.24 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით.
გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, „თბილისი ენერჯი“ იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს.
გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც ეს საყოფაცხვრებო მომხმარებელი მყისიერად იგრძნობას საკუთარ ჯიბეზე, და მეორე, ამ ე.წ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ახლა დამატებითი უზრმაზარი ხარჯი უჩნდებათ. შესაბამისად, ეს კოპმანიები იძულებულნი იქნებიან კიდევ უფრო შეამცირონ ან დასაქმებულების რაოდენობა ან მათი ხელფასები, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ეს პროცესი მთელს მოსახლეობას შეეხება და მნიშვნელოვნადაც დააზარალებს.
მოვითხოვთ თბილისი ენერჯის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან განმარტებას შემდეგ 2 საკითხზე:
- რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით - 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება
- წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში.
ასევე მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დროულად ჩაერიოს ამ საკითხის მოგვარებაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ უაღრესად საზიანო პროცესის დასარეგულირებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბუნებრივი აირის გაძვირებით გაღიზიანებულნი არიან ბინესმენები. სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელი თამარ ბარდავაძე ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და სექტორებთან საკითხზე შესაბამისი კომუნიკაცია არ ყოფილა. ახლა სასტუმრო სექტორი ფასებს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ გაზრდის, იმიტომ რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა ისედაც არაა, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში გაძვირება მოხდება.
„დამცინავია ის, რომ გაფრთხილებისა და შეთანხმების გარეშე გავიგეთ, რომ 24 თეთრით გვეზრდება გაზის გადასახადი. აუცილებლად აისახება ჩვენს საქმიანობაზე გაზის ზრდა იმიტომ, რომ სასტუმროებს გაზის ისედაც ძალიან დიდი გადასახადი უწევს, ვგულისხმობ ოთახების გათბობას. ჯერ ბიზნესი ვერ გააძვირებს მომსახურებას. ეს იმიტომ, რომ ტურისტი არ არსებობს ქვეყანაში და არც მომავალი წლის გაზაფხულამდე შეიცვლება რამე“, - ამბობს სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელი.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ პირობა დადო, რომ მთავრობა კერძო კომპანიასთან გაარკვევს, რის გამოისობით გადაწყვიტეს ტარიფის გაზრდა. ჯერჯერობით მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.