„თუ ოცნებამ დანააპირები არ შეასრულა...“

„თუ ოცნებამ დანააპირები არ შეასრულა...“

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც ქართულ სამართლებრივ სივრცეში გარდატეხა უნდა მოახდინოს, უკვე მომზადებულია და საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენითაც დაამტკიცა, თუმცა როგორც გაირკვა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ როგორც განაცხადა, წუხს, რომ ამნისტიის კანონი დაამტკიცეს მანამ, სანამ მიიღებდნენ მათ მოსაზრებებს.

„მაგრამ ამასთან, მესმის იმ ხალხის მდგომარეობის, რომლებიც ციხიდან გაათავისუფლეს ამ ამნისტიის შედეგად. რაც შეეხება კანონს სასამართლოების შესახებ, ესეც გადაუდებელი საკითხია, მაგრამ ნაკლებად სასწრაფო, ვიდრე კანონი ამნისტიის შესახებ. იმედი მაქვს, პარლამენტი დაელოდება ჩვენი რეკომენდაციების საბოლოო ტექსტის მიღებას. ბოლო ინფორმაციით, პარლამენტის განზრახვაა, დაელოდონ თვეზე მეტი, რათა მიიღონ ჩვენი რეკომენდაციები“, - აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო ასამბლეა კომისიის რეკომენდაციებს 9 მარტს მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კომისიის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავითარ კომენტარს არ აკეთებს.

„თუმცა გვაქვს თანხმობა, რომ ვიდრე დოკუმენტი დამტკიცდება, ვენეციის კომისიისგან მივიღოთ წინასწარი დასკვნები და კანონი დავამტკიცოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებენ ექსპერტები, რომლებიც მომავალ კვირაში საქართველოში ჩამოდიან“, - განაცხადა ხიდაშელმა.

წინასწარ ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუმცა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ სააკშვილი, ალბათ, ვენეციის კომისიის დასკვნაზეც იქნება დამოკიდებული.

„ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, უკვე ფორმალურადაც“, - განაცხადა სააკშვილმა კანონპროექტზე საუბრისას.

ცოტა უცნაურია სააკაშვილისგან როდესაც აცხადებს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ „რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ“.

სააკშვილისვე განცხადებით, „საქართველო არის იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე“.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს „საერთო სასამართლოების შესახებ“, „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ“, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ“ კანონებში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ აისახება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები და რატომ არის საჩქარო მისი დაკანონება ამ თემის შესახებ უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება.

ბატონო დიმიტრი, როდესაც საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, ეს სიახლე არ არის, თუმცა ეს პროცესი დროში საკმაოდ იწელება-ხოლმე. თქვენი შეფასებით, რამდენად საჩქაროასისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიაღნიშნული ცვლილებების შეტანა?

- ეს არის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული. ეს პირდაპირ გულისხმობს სასამართლო ხელისუფლების დეპოლიტიზირებას და რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ის ცვლილებებიც, რომელიც ამავე დროს ეხება გამჭვირვალე სასამართლო პროცესების წარმოების შესაძლებლობას.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია იმ ბერკეტების გამოსვლა პოლიტიზირებული სასამართლოს პირველი პირისგან, რასაც ბატონი კოტე კუბლაშვილი ამ ბოლო დროს ძალზე ბოროტად იყენებს ხოლმე, როდესაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

თავად ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება პარლამენტი, მისასალმებელია, თუმცა გვახსოვს იგივე საკანონმდებლო ტრილოგია, რომელიც უკავშირდებოდა „შეკრებებსა და მანიფესტაციების შესახებ კანონს“, „პოლიციის შეხსახებ კანონს“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, როდესაც 90 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

მაშინ „ნაციონლური მოძრაობა“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დალოდებია. მათ მიიღეს ჯერ კანონი სრულყოფილად, სამი მოსმენით, ხოლო ამის შემდეგ გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში, საიდანაც ნახევარი წლის შემდეგ მოვიდა პასუხი. თავად ვენეციის კომისიის დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და როდესაც მმართველი უმრავლესობა დარწმუნებულია საკუთარი მოქმედების სიწორეში, მას შეუძლია, მიიღოს და არ დაელოდოს ამა თუ იმ ავტორიტეტული ორგანიზაციის, მითუმეტეს, ვენეციის კომისიის დასკვნას.

მაგრამ იგი ამას არ აკეთებს და მიჰყვება იმ გზას, რომ საბოლოოდ, ლეგიტიმურად მოახდინოს ამ კანონპოროექტში ცვლილებების განხორციელება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში მომზადდეს...

- შესაძლოა, პროცესი გაიწელოს, მაგრამ ეს არის მოლაპარაკებების საგანი. ვფიქრობ, ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში და მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში ჩამოვა მუშა ჯგუფი, რომელიც იგივე ამნისტიის შესახებ კანონს შეისწავლის და დადებს თავის დასკვნას, კონკრეტულ ვადებში განსახორციელებელ მოქმედებებსაც გულისხმობს. ასე რომ, თუ ასეთი შეთანხმება შედგება საქართველოს ხელისუფლებასა და  ვენეციის კომისიას შორის, რა თქმა უნდა, შეიძლება, მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში მოექცეს ამ კანონპროექტის განხილვა და მისი ანალიზი.

მოგეხსენებათ, პირველი მოსმენით კანონპროექტი უკვე მიღებულია. მეორე, მუხლობრივ განხილვამდე, თუკი ერთთვიან ვადაში ვენეციის კომისია დასკვნას დადებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ დასკვნის გათვალისწინება საბოლოო პროექტის მიღებამდე.

ჩვენ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობა საერთო სასამარლთოების შესახებ კანონთან დაკავშირებით, ისიც ვიცით, რა კავშირები აქვსნაციონალურ მოძრაობასდასავლეთში. არის თუ არა მოსალოდნელი ვენეციის დასკვნა მომზადდეს სწორედ მიხეილ სააკშვილის პოზიციის გათვალისწინებით? სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ ამ ფორმით მიიღებენ კანონს, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს...

- ლობისტები და „მხარდამჭერები“ სააკაშვილს არ აკლია და შესაბამისად,  არის მოლოდინი იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გარკვეულ ნაწილში იყოს მკვეთრად ნეგატიური, მაგრამ არ მგონია, რომ ამან ხელი უნდა შეგვიშალოს იმ საბოლოო პროექტის განხორციელებაში, რასაც სასამართლოს დეპოლიტიზაცია ჰქვია, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კოლეგიურ ორგანოდ გარდაქმნა ჰქვია, რასაც ზედმეტი ბერკეტების ჩამორთმევა ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის, რომელსაც იგი ბოროტად იყენებს.

ასეთ შემთხვევაში, ალბათ, საბოლოო სიტყვა იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე „ქართული ოცნების“ მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტს საზოგადოების დიდი ნაწილი (მათ შორის მეც), მხარს უჭერს.

თუ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება მკვეთრად განსხვავებული ჩვენი მოლოდინისაგან და იქნება ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ გარკვეული სოლიდარობა იყოს გამოხატული, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმოქმედის ძალზე პრინციპულად და მიიღოს ისეთი კანონი, რომელმაც პოლიტიკური მიზანი უნდა გაამართლოს, რაც ისევ და ისევც გულისხმობს სასამართლო ხელისუფლების დეპოლიტიზირებას.

დეპოლიტიზაციის ჭრილში ვიგულისხმე იუსტიციის საბჭოს, როგორც კოლეგიალური ორგანოს ჩამოყალიბება და არა ერთგვარი, ჟანდარმის ფუნქციით აღჭურვა, რასაც დღეს აქვს ადგილი. რითაც ძალიან კარგად მანიპულირებს სააკაშვილი, რომელმაც 2008 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ფონზე მთლიანად დაიმორჩილა და დაიქვემდებარა სასამართლო ხელისუფლება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტიც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ვინაიდან ძალიან გართულებულია. ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით ვფიქრობ, ეპოქა შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იგი წარმატებით დასრულდეს.

მიხეილ სააკშვილი აცხადებს, რომ თუკი იუისტიციის საბჭოს ჩამოყალიბება გადავა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, ასეთ შემთხვევაში სასამართლო მთლიანად დამოკიდებული ხდება ხელისუფლებაზე...

- ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც პოლიციური უფლებებით ჰყავდა აღჭურვილი იუსტიციის საბჭო. ახლებური ხედვა, ახლებური გააზრება ძალზე დემოკრატიულს, გამჭვირვალეს ხდის იუსტიციის საბჭოს მოქმედებას. ისევე, როგორც მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობას, რომელშიც ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლი იყო ასე მკვეთრად გამოკვეთილი და ურომლისოდაც ვერ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება.

ასე რომ, მე ამაში არა თუ არ დავეთანხმები სააკაშვილს, არამედ მიმაჩნია, კომენტარიც ზედმეტია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები იქნება ძალიან სერიოზულ პროგრესზე ორიენტირებული.

პრობლემა, რასაც არსებული კოდექსი ქმნის, სახეზეა. იუსტიციის მინისტრმაც აღნიშნა, პროკურატურა დაპატიმრებას ითხოვს - სასამართლო ათავისუფლებს. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, დააპატიმრებენ ეჭვმიტანილს - სასამართლო გირაოთი გამოუშვებს და უკვე კომიკური ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა...

- ამ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია უკვე პოლიტიკურ პროცესებთან, რომლის პასუხისმგებლობაც თავის დროზე, წინასაარჩევნოდ აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რეჟიმი და ამ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედნი, სასამართლო ხელისუფლებაში მოკალათებული დამნაშავე მოსამართლეებიც არიან, საჭიროებდა ფარდის ახდას. ასევე ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც 9 წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი.

სააკაშვილის რეჟიმი და მისი სასამართლო ხელისუფლება რეალურად ეწეოდა საერთაშორისო ჰუმანური სამართლის წინააღმდეგ მოქმედებებს, რაც გამოიხატებოდა პირთა ჯგუფის მიმართ მასობრივი დევნით, მასობრივი დაპატიმრებებით, მასობრივი გაუპატიურებებით, მასობრივი უკანონო ქონების ექსპროპრეაციით, რაც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი თავით და შესაბამისი მუხლით. და ეს არის ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

თუკი ჩვენ გავყვებოდით იმ დაპირებულ მიზნებს და ამოცანებს, რასაც კოალიცია „ქართული ოცნება“ აანონსებდა არჩევნებამდე, ეს გულისხმობდა, უმაღლესი ლეგიტიმაციის საგამოძიებო ორგანოს შექმნას ქვეყანაში, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სახით და რომელიც ჯერ არ შექმნილა. ალბათ, ამ კითხვებზე პასუხი ძალიან მალე გვექნებოდა მიღებული და შესაძლებელი იქნებოდა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ დაწყებულიყო იმპიჩმენტის პროცედურები, დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. სხვათა შორის, იმ მრავალი მოსამართლის წინააღმდეგაც, რომელთაც ქმედებებიც პირდაპირ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში და ეს არის სამოხელეო დანაშული.

როდესაც გირაოთი უშვებენ დაკავებულებს, ეს უკვე წმინდა სამართლებრივი ტექნიკაა, რა თქმა უნდა, მოსამართლეს ფორმალურად უფლება აქვს, მოთხოვნილი მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე შეცვალოს ნაკლებად მძიმე სახით და ეს არის უბრალოდ, დასაბუთებულობის საკითხი. ამ თემაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს.

როდესაც ვუჩივით იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება თავს გავიდა, რომ ისინი რეალურად არ ითვალისწინებენ სამართლიან მოთხოვნებს საქართველოს პროკურატურის მხრიდან, აქ ჩვენ მთავარი მიზეზი ამ პროცესისა უნდა ვეძებოთ სწორედ დაპირებულლ და შეუსრულებელ პოლიტიკურ ამოცანაში.

შესაძლოა, ეს პროცესი კოჰაბიტაციის მოთხოვნამ შეანელა?

- საქმეც ამაში გახლავთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ სტიგმატიზირებულია იმის გამო, რომ მას აქვს გარკვეული ვალდებულებები დასავლელი პარტნიორების წინაშე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანაარსებობის პირობიდან გამომდინარე. ამ კოჰაბიტაციის პროცესში „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, პირდაპირი იერიშის მიტანას ერიდება და ამით სარგებლობს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.

ის, რაც ხდება ადგილობრივი თვითთმარველობის ორგანოებში, რა პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს კოტე კუბლაშვილი, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სხვა არაფერია, თუ არა სარგებლობა იმითი, რომ მათ ჰყავთ ქოლგის სახით საპრეზიდენტო ძალაუფლება. საპრეზიდენტო ვერტიკალის ქვეშ მოიაზრება ადგილობრივი თვითმმართველობა და სასამართლო ხელისუფლება, რომლებიც როგორც უნდათ, რასაც უნდათ, იმგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ ნებისმიერ საკითხს.

მიჩვეული ვართ, როცანაციონალური მოძრაობასათავისოდ ცდილობს ნებისმიერი მოვლენის შემობრუნებას, იუსტიციუის მინისტრის იმ განცხადებაზე, რაზეც უკვე ვისუბრეთ, საპარლამერნტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს იმისი განცდა, რომ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდესო. გამოდის, რომ ამაშიც წაგებული რჩება დღევანდელი ხელისუფლება...

- თუ დააკვირდებით, იგივე მაჭავარიანი ამას ნიშნისმოგებით ამბობს. კარგად იცის მაჭავარიანმა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გულისხმობს სასამართლოში ჩაურევლობას, როცა იგი იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას და ფორმალურად, ეს რა თქმა უნდა, სწორი შეფასებაა.

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებას, რა თქმა უნდა, სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური შეფასებაც უნდა მისცეს პროცესს. რისი ბრალია თუნდაც ის, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებული საჯარო მოხელე გირაოთი გადის, მაშინ როდესაც სრულიად უმნიშვნელო დანაშაულისთვის ადამიანები უპირობოდ ექვემდებარებოდნენ პატიმრობას 2 თვის ვადით.

ეს არის სწორედ დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნაშთი, პრეზიდენტად ყოფილი სააკაშვილის მეთაურობით. ისინი უარესს იზამენ მომდევნო თვეებში სანამ არ მოხდება იმ დანაპირების ასრულება, რასაც სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენა ჰქვია. სწორედ ეს იყო „ქართული ოცნების“ მთავარი სლოგანი, როდესაც არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, ამიტომაც მოიპოვეს ხალხის ამხელა მხარდაჭერა.

სამართლიანი გარემოს აღდგენა გულისხმობდა იმას, რომ ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც შემოქმედია ფაშისტური რეჟიმისა, უნდა მიზღვოდა საკადრისი. მაგრამ როგორც ვხედავთ, დღესდღეობით, ერთადერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული, ბაჩო ახალაიაა, ისიც ვაშლის სათლელი დანის ტარით მიყენებული დაზიანებებშია მხილებული პროკურატურის მხრიდან.

მაშინ, როდესაც საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად მრავალი პირი მიეცემოდა პასუხისგებაში  იმ ტოტალური უსამართლობისთვის, რასაც ადამიანების წამება, არასათანადოდ მოპყრობა, თუ ქონების უკანონო ექსპროპრეაცია ჰქვია.

როგორი შთაბეჭდილებარჩებათ, არ აპირებს ამას ხელისუფლება თუ არ შეუძლია?

- თუკი ეს არის დროის გაყვანის პოლიტიკა, თუკი ეს არის თამაში, ნერვების ომი, არ მგონია, დრო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდეს. ახლახანს ვიყავი ქონებაწართმეულ ბიზნესმენთა შეკრებაზე. უამრავი ბიზნესმენია, რომელიც უკანონოდაც კი იჯდა ციხეში ბიზნესის წართმევის გამო, უამრავი ისეთი ადამიანია, რომელსაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ბიზნესის დათმობა. მათი პოზიცია არის შეუვალი. ისინი კატეგიორიულად წინააღმდეგნი არიან და აბსოლუტურად ვეთანხმები, არავითარი ფინანსური ამნისტია, არავითარი მომავალი პოლიტიკური ამნისტიის კონტურები. ეს ყველაფერი აბსურდია და ეს ყველაფერი გლობალურ საზოგადოებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს, რადგან საზოგადოება ამის მოლოდინში არ არის.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისევ უნდა აივსოს ციხეები პატიმრებით...

- საზოგადოება იმის მოლოდინშია, რომ სამართალმა პური უნდა ჭამოს და ყველა ის პირი მიეცეს პასუხისგებაში, ვისაც პირდაპირი მონაწილეობა აქვს მიღებული უკანონო დაპატიმრებებსა თუ ქონების უკანონო ჩამორთმევებში. ასე რომ, სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ პირობა უნდა შესრულდეს. ამ პირობის არშესრულების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ მთელ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.