სააკაშვილი კონსტიტუციის დახვეწაზე ალაპარაკდა

სააკაშვილი კონსტიტუციის დახვეწაზე ალაპარაკდა

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების 150-ხმიანი მხარდაჭერით მიღწევას სთავაზობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, კონსტიტუცია დახვეწას საჭიროებს და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კუთხით თანამშრომლობისთვის მზადაა.

საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უმრავლესობასთან ერთობლივად მოამზადონ.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას, რომ ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთდეს, სერიოზულად არ აღიქვამს. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „მაგ ხალხს სერიოზულად ვეღარ ვღებულობ. იმდენ სიცრუეს საუბრობენ და იმდენად ყალბები გახდნენ, რომ მაგათზე სერიოზულ რეაქციას აღარ გავაკეთებ“.

პრეზიდენტი კი ჯიუტად აცხადებს, „როდესაც იქნება ასეთი ცვლილებების აუცილებლობა, ეს უნდა მოხდეს 150 და არა 100 ხმით“.

„თუ არის კონსტიტუციური ცვლილებები, ყველამ გავაკეთოთ ის და არა ცალკე აღებულმა რომელიმე ფრაქციამ, ჯგუფმა ან მოსყიდულმა, დაშინებულმა გადათრეულმა დეპუტატებმა. როგორც მზვერავს მოიტაცებ მოწინააღმდეგის მხრიდან და გადაათრევ მეორე მხარეს გაკოჭილს და პირში ჩვარჩადებულს, ისე მოუნდათ ჩვენგან გატაცებული დეპუტატებით ამ საკითხის გადაწყვეტა. საკმარისი მზვერავები ვერ გადაიყვანეს. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მოდით, გავხსნათ ფართო საკონსტიტუციო დისკუსია, ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ქაოსი და კრიმინალმა არ გაიმარჯვოს, შევინარჩუნოთ ქვეყანა, პოლიტიკური კურსი და სუვერენიტეტი, საკონსტიტუციო ცვლილებაზე 150 ხმიანი კონსენსუსის მიღწევას შევძლებთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციის დახვეწაზე ალაპარაკდა. როგორც ჩანს, მასზე ბიძინა ივანიშვილის ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრამ იმოქმედა. შეხვედრისას ივანიშვილმა ბუკიკიოს შესჩივლა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არანორმალურად გადაჭარბებული უფლებები ჰქონდა, რომლის დაბალანსებაც აუცილებელი იყო. ბუკიკიოც ამ შეზღუდვას გაგებით მოეკიდა. თუმცა, სააკაშვილმა საუბარი სხვა მიმართულებით გადაიტანა და კონსტიტუციის დახვეწაზე ალაპარაკდა.

For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ, როდესაც სააკაშვილი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნაზე საუბრობდა და აცხადებდა, ხმების საჭირო რაოდენობა ასზე გაცილებით მეტი უნდა იყოსო, მას მხედველობაში უნდა ჰქონოდა ის საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც წარადგინა დავით ბაქრაძემ და სადაც საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია.

ექსპერტის თქმით, სავარაუდოდ, კონსტიტუციის დახვეწაში სააკაშვილი არ იგულისხმებდა იმ შესწორებებს, რომელიც დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იქნა შეტანილი და, რომელიც მისი უფლებების შეზღუდვას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე ადასტურებს იმ აზრს, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივა ბუკიკიოს ჩამოსვლისა და მისი კომენტარების (რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება გაზრდილი აქვს) შემდეგ გახმიანდა. უფრო მეტიც, 2004 წლიდან მოყოლებული, ვენეციის კომისია აკრიტიკებდა ნაციონალების მიერ შეტანილ ამ კონსტიტუციურ შესწორებებს. 2010 წელს კი, როდესაც კონსტიტუციას იღებდნენ და შესწორებები გაკეთდა (საუბარია იმ კონსტიტუციაზე, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში), ვენეციის კომისიას საკმაოდ ცუდი რეკომენდაციები ჰქონდა ამ კონსტიტუციურ შესწორებებთან მიმართებით. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ არ დაელოდა საბოლოო დასკვნას და კონსტიტუციის ეს შესწორებები მანამდე მიიღო, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას დადებდა.

„ჯანი ბუკიკიოს მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ვფიქრობ, სააკაშვილი მიხვდა, რომ ამ კონსტიტიციური შესწორებების შემდეგ, რაც უმრავლესობამ წარადგინა და, რაც მისი უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებს, დასავლეთისა და ვენეციის კომისიის რეაქცია არ იქნებოდა ნეგატიური. ამიტომ, შესაძლოა, მან ამ მხრივ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. თანაც, იმ სოუსით, რომ დააფიქსიროს საგარეო კურსის უცვლელობა კონსტიტუციაში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამაზე დიდი სისულელე მე არ მომისმენია, ეს არის ღრმად არასერიოზული განცხადება, როდესაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს საგარეო ორიენტირების შესახებ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, გასაგებია, როცა კონსტიტუციაში საუბარია ზოგად ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, უამრავ რამეზე, მაგრამ იმის ჩაწერა, რომ ჩვენ გვაქვს ესა და ეს კურსი - არ შეიძლება. მაშინ რა უნდა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ? თუნდაც, ვალერი ხაბურძანიას და მის მსგავს პერსონებს, რომლებიც იძახიან, რომ სურთ რუსეთთან ურთიერთობა.

ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, კონსტიტუციაში ამის დეკლარირება წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებებთან, რადგან მაშინ ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი. ამიტომ, ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთ სისულელეებზე უმრავლესობის მხრიდან გაცილებით მძაფრი რეაქცია უნდა წამოვიდეს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. სინამდვილეში კი, პრეზიდენტის ეს შესწორებები გამოწვეულია არა წუხილით, არამედ პიარით, რომ ახალ-ახალი თემების პროვიცირება მოახდინოს. რამდენად სერიოზულია ეს თემა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის მთავარია, მუდმივად საზოგადოების თვალწინ იტრიალონ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ხატოვან ნათქვამს „მზვერავების გადათრევის“ თაობაზე, პოლიტიკური ექსპერტის აზრით, თუ სააკაშვილი გულწრფელი იყო, როცა მან მთავრობა ჩააბარა ივანიშვილის გუნდს, მაშინ რატომ აყენებს იმ ხალხს უხერხულ მდგომარეობაში, რომელთა შესახებაც იგი ახლა ლაპარაკობს, რომ ვითომ ვინმე ძალით გადაათრიეს?!

„ამით ის ამუნათებს იმ ხალხს, რომლებსაც აღარ სურთ ნაციონალებთან ყოფნა და დამოუკიდებლობა, ან საღ აზრთან შეერთება ურჩევნიათ,“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძის თქმით, ჯანი ბუკიკიომ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუცია დახვეწას საჭიროებს, როგორც 2004 წლის მოდელს, რომელიც მოქმედებს 2013 წლის ოქტომბრამდე, ისე - 2010 წლის რეფორმის საფუძველზე შემოღებულ მოდელს, რომელიც 2013 წლიდან უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, ჯანი ბუკიკიომ გზა აღარ დაუტოვა მიხეილ სააკაშვილს, რომ მას არ ეღიარებინა კონსტიტუციის გადასინჯვის აუცილებლობა. ეს ერთგვარი იძულება იყო, თუმცა ეს კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან, თუკი არ შეესაბამება დღეს მოქმედი, ან 2013 წლიდან ასამოქმედებელი კონსტიტუცია ფუნდამენტურ პრინციპებს, მაშინ რატომ იქნა ეს დოკუმენტები ამ სახით მიღებული?! განსაკუთრებით, ეს ეხება 2010 წლის მოდელს, რომელთა დაკავშირებითაც თავის დროზე სააკაშვილი გვეუბნებოდა, რომ ეს იყო ერთგვარი ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოდელი და დოკუმენტი.

რაც შეეხება 150 ხმით, ანუ სრული კონსენსუსით გარკვეული დოკუმენტის მიღებას, ირაკლი კობახიძის აზრით, ეს იდეალური შედეგი იქნებოდა, რადგან, ზოგადად, კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის ან უმრავლესობის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის ინტერესებს. თუმცა, დღეს არსებულ საპარლამენტო სპექტრში საეჭვოა ასეთი კონსენსუსის მიღწევა, გამომდინარე იმ რადიკალური დაპირისპირებიდან, რაც არსებობს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

„პრეზიდენტის ეს განცხადება შეიძლება მიზნად ისახავდეს იმას, რომ ერთგვარ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია 100 ხმით, ანუ ჩვეულებრივი კვალიფიციური უმრავლესობით გადასინჯოს კონსტიტუცია, ანუ მან თამასა შედარებით მაღლა ასწია და, ერთგვარად, არაპირდაპირი ფორმით მოსთხოვა საპარლამენტო უმრავლესობას, დოკუმენტი შეიმუშავოს უმცირესობასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ეს თანამშრომლობა ისედაც უნდა არსებობდეს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ უმცირესობას ერთგვარი გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებისას, რაც შეიძლება პოლიტიკურად პრეზიდენტის ინტერესებში იყოს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამასთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიზანია, ამ პიარნაბიჯით აიძულოს უმრავლესობა, რომ უმცირესობის ჩართულობის გარეშე არ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი კონსტიტუციური მოდელის ამოქმედების თაობაზე. თუმცა, პრეცენდენტი იმისა, რომ კონსტიტუციით დადგენილი იყოს აბსოლუტური ფორმით კონსტიტუციური უმრავლესობის მოთხოვნა - არ არსებობს. ყოველთვის იქნებიან პარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა, პოზიტიურ თუ ნეგატიურ შეხედულებათ გამო თავს იკავებენ კონსტიტუციის მხარდაჭერისგან. ამდენად, ჩვენ ვერ მოვთხოვთ პარლამენტს, მაინცდამაინც 100%-ანი უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება.