ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლების გაუმჯობესება ვერაფერით ხერხდება. 2020 წლის ბოლოსკენ ვითარება გაუარესდა და არც 2021 წლის დასაწყისი იქნება უკეთესი. საერთოდაც, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საგაისო პროგნოზი, რადგან პანდემიური ქაოსის მოგვარების ნიშნები არ ჩანს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, შესაძლებელია, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდოს. სამაგიეროდ, 2020 წლისთვის არსებული ეკონომიკური კლების პროგნოზი რეალურია. 10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ვარდნა -5.1%-ია და სებ-ის პრეზიდენტი ნოემბერ-დეკემბერშიც დაახლოებით ამ მასშტაბის კლებას ელის.
„რადგან ახლა დაწესებული შეზღუდვები გაზაფხულზე დაწესებულთან შედარებით მსუბუქია, ვფიქრობ, რომ წლის ბოლო 2 თვის მონაცემები ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რომელიც გასულ 10 თვეში გვქონდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო აქტივობა საკმაოდ მაღალია, რაც ეკონომიკას და შიდა მოთხოვნას ეხმარება.
რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ 2021 წელს ეკონომიკის 5%-ით ზრდა შესაძლებელია იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მაღალ დონეზეა დაგეგმილი, ამავე დროს საკრედიტო აქტივობაც ნარჩუნდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი პანდემიის დროს პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია და ბევრ გაურკვევლობას ბადებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
განსხვავებულია ანალიტიკოსთა მოსაზრებები. „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ პოზიტიური ინფორმაციები დადებით მოლოდინს აჩენს, თუმცა დიდია გაურკვევლობაც.
„თუ ტურიზმი არ აღდგა, ან არ აღდგა იმ ტემპით, რაც მოსალოდნელია, რადგანაც გრძელდება გაურკვევლობა, ამ შემთხვევაშიც იქნება ეკონომიკის ზრდა, თუმცა იქნება ბევრად დაბალი, დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებში. ეს არის ის პროგნოზები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს“, - განაცხადა ბოჭორიშვილი და მოკლე შეფასება გააკეთა მიმდინარე წელზეც. ახალმა გაფართოებულმა შეზღუდვებმა მოლოდინი აშკარად გააუარესა და შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეკონომიკის ვარდნა -5.5% იქნება.
არასახარბიელოა იმ სპეციალისტების პროგნოზიც, რომლებიც ამბობენ, რომ წელს სიტუაციის გამოსწორების ყველანარი იმედი გამქრალია. ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიას აზრით, გაისად არ გვექნება ის შედეგი, რომელზეც ბოლო პერიოდში მუდმივად საუბრობდნენ.
„10 თვის საშუალო ეკონომიკური მაჩვენებელი იყო -5.1% და ცხადია, რომ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის მეტად შემცირებას გამოიწვევს. ნოემბერსა და დეკემბერში ეკონომიკური კლება კიდევ უფრო უარყოფითისკენ წავა და -5%-იან მაჩვენებელს საგრძნობლად გასცდება. ამიტომ ამ ორ თვეში ველოდებით შემცირებულ ეკონომიკას.
მომავალ წელს მართალია დაგეგმილია 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ახლა ესეც საეჭვო გახდა. საქმე ისაა, რომ მომვალი წლის პირველ თვეებში შემცირება გვექნება მკაცრი შეზღუდვების გამო და თუკი ასე მოხდება, ცხადია, შემდგომში 4.3%-იანი მაჩვენებლის მიღწევა გაჭირდება.
თუ რამდენპროცენტიანი მაჩვენებელი იქნება 2021 წელს, დამოკიდებულია მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რა ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს და ბიზნესი როგორ შეხვდება მომავალ წელს. ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება. მაღალი ინფლაცია გაქვს და პროდუქტი ყოველთვიურად ძვირდება, რაც ისედაც პრობლემა იყო. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მოსახლეობის შემოსავლები მცირდება“, - განაცხადა მაკალათიამ.