რესტორნები გახსნის თარიღის დასახელებას ითხოვენ, მთავრობა კი მათ სხვა ტიპის დახმარებას სთავაზობს. ამას ბიზნესისთვის ხელშესახები შედეგი არ მოაქვს, თუმცა ინდუსტრიის გადარჩენისთვის ეს მაინც შეღავათია. ყოველ შემთხვევაში, თებერვლამდე მომსახურების ამ სეგმენტს ამოქმედების არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას რესტორატორთა ასოციაციის, გასტრონომიის ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციისა და 30-მდე რესტორნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
მინისტრმა მათ სთხოვა, რომ რესტორნებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დასაქმებულები, მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, სამაგიეროდ, კი სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას დაპირდა.
„მათ სჭირდებათ დახმარება „დელივერის“ სერვისში, გატანის სერვისი რომ უკეთ ამუშავდეს. როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით მათ შეუძლიათ მუშაობა ამ რეჟიმში გააგრძელონ. სექტორთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კომუნიკაციას, გაიმართება სექტორული შეხვედრები, რათა კონკრეტული საკითხები გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ის გამოწვევები და მოთხოვნები, რასაც სექტორი აყენებს. სარესტორნე ინდუსტრია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება და ეს პროგრამა უკვე დაწყებულია.
„აღსანიშნავია, რომ ისეთ საკითხს, როგორიც საგადასახადო შეღავათებია, სექტორი მიესალმება და ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. შოთა ბურჯანაძის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყველა პრობლემა განიხილება.
„ეს იყო საქმიანი საუბარი, სადაც დაისახა აუცილებელი პრობლემების გადაწყვეტის გზები. არ ყოფილა არც ერთი პრობლემა, რომლის უარყოფაც მოხდა მინისტრის მხრიდან. ვიმსჯელებთ და მივიღებთ სფეროსთვის და სფეროში დასაქმებულებისთვის დადებით გადაწყვეტილებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი დღეს არის სუბსიდირებასთან დაკავშირებული საკითხი. არის კომუნიკაციის ნაკლებობა და ვერ იკვრება სამკუთხედი - სახელმწიფო, ბანკები და ბენეფიციარი ობიექტები. ამაზე მივიღეთ რეალური პასუხი, რომ ვინც საჭიროებს, მიიღებს თანხას. ეს არ არის მცირედი, სექტორისათვის გამოყოფილია 30 მილიონი“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ბურჯანაძემ.
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანია პოზიცია, მთავარ საკითხთან დაკავშირებით, როდის გაიხსნება რესტორნები.
„რაც შეეხება გახსნის საკითხს, ეს არის მთავარი და მისი გადაჭრის გარეშე ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება ქმედითი. მე დავაყენე საკითხი, რაზეც აბსოლუტურად არარელევანტური პასუხი იყო ბატონი ამირან გამყრელიძის მხრიდან, რომ თურმე სექტემბერში რესტორანში გადახდილი ქორწილის კლასტერმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი გავრცელება. არადა, დღეს 8 დეკემბერია და მობილობა რესტორნებში ძალიან დაბალია.
მინისტრმა თქვა, რომ თუ დასტაბილურდება ეპიდვითარება, გაიხსნება რესტორნები, ჩემს კითხვაზე კი რამდენზე უნდა დასტაბილურდეს, მითხრეს, რომ 2 000-მდე უნდა ჩამოვიდეს დღიური შემთხვევების რიცხვი. ახლა ასეთია მოლოდინი, თუმცა მე ვშიშობ, რომ შეიძლება თებერვალშიც იყოს იგივე მიდგომა და კვლავ არ მოგვცენ გახსნის უფლება. ჩვენთან მობილობა მინიმუმზეა და რა საფრთხეა ვერ ვიგებთ, ამიტომ ეპიდემიოლოგებს კიდევ უნდა შევხვდეთ ამაში დასარწმუნებლად“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.