ნაწილობრივი „ლოქდაუნის“ პირობებში ავტომფლობელები და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები მანქანების ტექდათვალიერების გადავადებას ითხოვენ. ამას არ ეთანხმებიან მთავრობაში და ჯერჯერობით სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ისევ ძალაში რჩება. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ კონტროლი ამ მხრივ შესუსტებულია, რასაც ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები. მიმდინარე წლის 11 თვეში ტექდათვალიერება 68%-ით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა.
მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები ტექნიკურ ინსპქტირებას არ შეხებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სავალდებულოა მისი ჩატარება შესაბამის ვადებში, ანუ მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილიც იგივეს ადასტურებს. მისი თქმით, პირველი „ლოქდაუნის“ დროს სერვისცენტრები დაკეტილი იყო, თუმცა ახლა ასე არ არის, შესაბამისად, მძღოლებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ ტექდათვალიერების გავლისას და ხარვეზს მარტივად გამოასწორებენ.
„მაშინ, როდესაც გამოცხადებული იყო სრული „ლოქდაუნი“, გაჩერებული იყო სერვისცენტრები და ავტომობილს ვერსად არემონტებდა მომხმარებელი, გადაიდო კიდეც ორი თვით ინსპეტირების პროცესი. ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, მომსახურების ობიექტები გაჩერებული არ არის, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და ტექინსპექტირებაც არ გადადებულა“, - განაცხადა იორდანიშვილმა.
მიუხედავად ამისა, მძღოლები სულ უფრო და უფრო პასიურობენ. ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში პირველადი ტექინსპექტირება 456 655 ავტომობილმა გაიარა. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 სრული წლის მონაცემს 68%-ით ჩამორჩება. შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში ტექინსპექტირება 1 398 434 ავტომობილმა გაიარა.
სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლიდან სავალდებულოა ყველა ტიპის ავტომობილისთვის. რაც შეეხება ტექინსპექტირების ღირებულებას მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისათვის - 60 ლარია, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი.
სხვა მოსაზრების აზრიან ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები. როგორც საზოგადოების „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია აღნიშნავს, იმ პირობებში, როცა სერვისცენტრები არ მუშაობენ და ბაზრობები დაკეტილია, აუცილებელია ტექინსპექტირების გადავადება.
„ვფიქრობ, ინსპექტირება უნდა გადადებულიყო. როცა სერვისცენტრები ვერ მუშაობს და ბაზრობები დაკეტილია, ამას აზრი არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ტექინსპექტირების ცენტრში ავტომობილს მიიყვანს და იგი დახარვეზდება, ერთთვიანი ვადა აქვს პრობლემის გამოსასწორებლად, მაგრამ თუ ნაწილს ვერ იშოვის და მაინც ვერ შეაკეთებს, გამოდის, რომ ხარვეზი ვერ გამოსწორდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომდევნო თვეზე ჯარიმა დაეკისრება და ეს არასწორია.
ლოგიკურად ასეა, თუ ქვეყანაში ყველაფერი იკეტება, აუცილებლად უნდა გადავადდეს ტექდათვალიერებაც. ხალხს ისედაც უჭირს და დამატებითი ხარჯებისგან მაინც გათავისუფლდნენ, რომ მოახერხონ უმძიმესი პერიოდის გავლა“, - განაცხადა იზორიამ.