უმუშევრობის ზრდასთან ერთად, შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც იზრდება

უმუშევრობის ზრდასთან ერთად, შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც იზრდება

ეპიდემია დასაქმებაზე ნეგატიურად აისახა. ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნება უჭირს. მდგომარეობა საგანაგაშოა იმ ფონზეც, რომ უმუშევრობის ზრდა მეოთხე კვარტალშიც გაგრძელდება. რამდენადაც ამ მხრივ მდგომარეობა ეპიდემიის მეორე ტალღის გამო უარესდება, ნეგატიური ტენდენცია გაგრძელდება გაისადაც.

პარალელურად კი მატულობს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს იმედად არაინ დარჩენილები. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. ეს მონაცემები კიდევ უფრო გაუარსდება, რადგან მასში ჯერ არ არის შესული მეორე ლოქდაუნის შემდგომი მაჩვენებლები.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ვარაუდობს, დაწესებული რეგულაცია უმუშევრობას დამატებით 2,5-3%-ით გაზრდის, თუმცა ბიზნესის ბრუნვის მოცულობა ასეთი ინტენსივობით არ უნდა შემცირდეს.

„ბიზნეს-სექტორი, ეს არის ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი სფერო. ამ დარგის გარდა, ასეულ ათასობით ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში, როგორც სამთავრობო სტრუქტურებში, ასევე პოლიციაში, თავდაცვის სტრუქტურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სსიპ-ებში. მარტო მსჯელობა დასაქმების სტრუქტურასა და მის ოპტიმიზაციაზე მხოლოდ ბიზნეს-სექტორის შეფასებით, არ იქნება სწორი. მაგალითად, საჯარო სექტორში ან ბიზნესში, თუ არის საჭირო, პირობითად, 10 ადამიანი, დასაქმებული შეიძლება იყოს - 17. როდესაც შემცირების პერიოდი დგება, ამ ზედმეტი პირებისგან ხდება სამუშაო ადგილების კლება. აქედან გამომდინარე თუ მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა, არ ნიშნავს, რომ გამოშვებული პროდუქციის და ბრუნვის მოცულობა იმავე მასშტაბით შემცირდება“, - განაცხადა არჩვაძემ.

უმუშევრობის ზრდისა და ზოგადად ეკონომიკური კრიზისის გაძლიერების პარალელურად, რასაკვირველია იმატა ისეთი ადამიანების რიცხვმა, რომლებიც სახელმწიფო შემწეობას ითხოვენ. ამჟამად საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ოქტომბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას უკვე 510 343 ადამიანი იღებს. (სოციალური მომსახურების სააგენტოს ნოემბრის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს).

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2020 წელს თებერვალში 440 330 (მთლიანი მოსახლეობის 11,8%) ადამიანს შეადგენდა, მარტში - 458 468 ადამიანს (მთლიანი მოსახლეობის 12,3%), აპრილში - 475 132 ადამიანს (მთლიანი მოსახლეობის 12,7%), მაისში - 483 793-ს (მთლიანი მოსახლეობის 13%), ივნისი - 486 062-ს (მთლიანი მოსახლეობის 13%),

ივლისი - 487 790-ს (მთლიანი მოსახლეობის 13,1%), აგვისტოში - 493 088-ს (მთლიანი მოსახლეობის 13,2%), სექტემბერში - 502 258-ს (მთლიანი მოსახლეობის 13,5%), ხოლო ოქტომბერში - 510 343 ადამიანს (მთლიანი მოსახლეობის 13,7%).

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით, გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაც. კერძოდ, 2020 წლის თებერვალში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტრირებული იყო 921 430 ადამიანი, ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 993 935 შეადგინა.