For.ge-ს პრესკლუბში ვაცლავ ჰაველის თავისუფლების ინიციატივის დამფუძნებელმა, გიორგი ტაბიძემ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე მუშაობს და შესაბამისი კანონპროექტი მარტის შუა რიცხვებისთვის მზად ექნება.
„თბილისის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ერთმმართველობაში, რომელიც არის თბილისში, გარკვეული ცვლილებების შეტანა გვინდა, რადგან საკრებულო მთლიანად იგნორირებულია და ეს სიტუაცია შესაცვლელია“, - ამბობს გიორგი ტაბიძე.
მისი თქმით, საკრებულოს როლის გაძლიერება თავად ქალაქის მერის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, რადგან დღეს არსებული მოდელით მერი არის ერთმმართველი და არა ძლიერი ინსტიტუტი, იგი უბრალოდ გარკვეულ სიტუაციაზე არის მორგებული. გიორგი ტაბიძე მიესალმება მერიის ინიციატივას დედაქალაქში ექვსის ნაცვლად ათი რაიონის შექმნის თაობაზე და გაუგებარს უწოდებს იმ ინიციატივას, რომლითაც თავის დროზე რაიონების რაოდენობა შემცირდა.
ტაბიძის განცხადებით, თბილისში ათი რაიონი უნდა იყოს, საკრებულოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მერიის სამსახურის ხელმძღვანელები თვითონ აირჩიოს და ასევე საკრებულოს მიერ უნდა იყოს არჩეული ათივე გამგებელი. ხოლო როდესაც ხელისუფლების ეს შტოები განცალკევდება, ყველას თავისი კუთხე ექნება და დემოკრატიული პროცესები სულ სხვა კალაპოტში წარიმართება. ტაბიძის თქმით, ამით შეიცვლება დღეს არსებული სიტუაცია, როდესაც საკრებულოს რეალურად არავინ არაფერს ეკითხება და ნოტარიუსის მსგავსად, იგი მხოლოდ გარკვეული საკითხების დამოწმებას ეწევა.
გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია აპირებს საქართველოში ვაცლავ ჰაველის მსგავსი პოლიტიკოსების პოპულარიზაცია მოახდინოს, რისთვისაც რაც შეიძლება მეტ საინფორმაციო მასალას გამოსცემს, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა პარტნიორები შეიძინოს. ამასთანავე ტაბიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მის ორგანიზაციასთან ურთიერთობა დააინტერესებს.
„ეროვნულ მოძრაობას თუ არ ჩავთვლით, ქართველი ხალხი დამყაყებულ სიტუაციაში ცხოვრობს და ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდის. ამიტომ, ჩვენ გვინდა, საზოგადოება ამ წრიდან გამოვიყვანოთ და გარკვეული იდეები მივაწოდოთ. მაგალითად, როდესაც ქალაქის მერზე ვსაუბრობთ, შეიძლება რომ მასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა 2014 წლიდან შევიდეს ძალაში და ეს მხოლოდ პოლიტიკა არ უნდა იყოს, არამედ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყოს ჩაბმული, რათა გადაწყვეტილებების მიღება ერთობლივად შევძლოთ“, - აღნიშნავს გიორგი ტაბიძე.
ბატონო გიორგი, კანონპროექტი, რომელზეც თქვენი ორგანიზაცია მუშაობს, კონკრეტულად თბილისს ეხება, თუ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობებსაც მოიცავს?
- ის ზოგადად თვითმმართველობების მოწყობის საკითხს ეხება. უბრალოდ, რადგან მე თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი, თბილისზე უფრო თამამად ვსაუბრობ. ამ კანონპროექტზე ჩვენთან ერთად პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს.
როგორ წარმოგიდგენიათ საკრებულოს როლის გაძლიერება?
- ძირითადად, საუბარია იმაზე, რომ საკრებულომ აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასე იყო შევარდნაძის დროს, მაგრამ დღეს ასეთი რამ არ ხდება. შევარდნაძის მმართველობის დროსაც ეს პროცესი ძალიან მახინჯი ფორმით ხორციელდებოდა, მაგრამ იგივეს განმეორებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ეს საკითხი კარგად გვაქვს დახვეწილი.
როდის აპირებთ კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენას?
- მარტის ბოლოსთვის პროექტი უკვე მზად გვექნება. ჩვენ შეგვიძლია 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა შევაგროვოთ და ასე წარვადგუნოთ პარლამენტს კანონპროექტი. შეგვიძლია რომელიმე დეპუტატთან, ან ფრაქციასთან გავიაროთ კონსულტაცია და მათი მეშვეობით შევიტანოთ კანონპროექტი განსახილველად.
როგორ ფიქრობთ, დიდი ქალაქების მერები არჩევითი უნდა იყოს, თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ უნდა ინიშნებოდნენ?
- დღეს არის ქალაქები, სადაც მერს პრაქტიკულად არანაირი ფუნქცია არ აკისრია. ეს იმდენად გამოკვეთილია, რომ შეიძლება ასეთი მერი გამგებელმა საკუთარ კაბინეტში არც კი შეუშვას. ვცდილობთ, ჩვენს კანონპროექტში ეს საკითხიც დავხვეწოთ, საკრებულოს ფუნქციაც გავაძლიეროთ და მერის როლიც გავზარდოთ. საერთოდ, არსებობს ასეთი კითხვაც - გვჭირდება კი ასეთი მერი?
გარდა ამისა, სერიოზულ ჯგუფთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაზეც ვმუშაობთ, რადგან მასშიც სერიოზული ხარვეზებია და ამ ხარვეზების აღმოფხვრას ვაპირებთ.