საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი

საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი

საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და ახლა მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. შეფასების ქულა, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესდა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგიც დაფიქსირდა.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანაზე წინაა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს.

მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს ხუთ აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა. კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 59.3 ქულა მოიპოვა, მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა და გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, სინგაპური საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და ა.შ.

„რეიტინგი კომპლექსურია და მთელ რიგ პარამეტრებს მოიცავს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა მთავრობის ეფექტიანობა, საქართველოს აქვს ისტორიულად მაღალი ქულა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის ვართ და ვუსწრებთ ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

რეიტინგულ წინსვლას დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ბიზნესმენთა, ასვე ეკონომისტთა მხრიდან. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პოზიტიური გზავნილი როგორც ინვესტორებისთვის ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთის, ვინაიდან დემოკრატიული ღირებულებების გატარება და ქვეყნის მდგრადი განვითარება განაპირობებს კონკურენტუნარიანობას.

„დღეს, ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის მეტი პოზიტიური შეტყობინება ქვეყანაში არსებული და მომავალში მოსალოდნელი ბიზნესგარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. პანდემია მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც მალე დასრულდება, ამის ცალსახა ნიშნები უკვე არსებობს და ჩვენ დღეიდან უნდა დავიწყოთ მზადება პოსტპანდემიური ეკონომიკური რეალობისათვის, ახალი საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკისათვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ დაზიანებული ეკონომიკის აღდგენა და ზრდის ახალი, ბევრად სწრაფი ტემპის მიღწევა“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

საერთაშორისო რეიტინგები ასახავენ იმ მნიშვნელივან პროგრესს, რასაც ქვეყნამ ბოლო წლებში განიცადა - ასე ეხმუარება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო შეფასებებს. მისი აზრით, კიდევ ერთი წამყვანი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქვეყანამ განიცადა სერიოზული წინსვლა როგორც მმართველობის ეფექტურობის, ისე კორუფციის შემცირების მიმართულებით.

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლადაც, რადგან შეფასების აგრეგატები ქვეყნის თავისებურ საინვესტიციო გზამკვლევსაც წარმოადგენს“, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ განსაკუთრებული პროგრესი ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა.