რა თანხას ხარჯავდა მერია შემწვარ-მოხრაკულში და რა ინტერესი ჰქონდათ ამაში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს?
"ქრონიკას" ესაუბრება "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:
- ამ დღეებში ლამის აპოკალიპსური სურათი დახატა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომ ქვეყანა ინგრევა სხვადასხვა ხარჯებითო და ისე გამოიყვანეს, რომ თურმე გართობასა და ჭამაში ნაციონალები კაპიკს არ ხარჯავდნენ. ისე, საინტერესოა, ვნახოთ ის ხარჯები, რაც ექსკლუზიურად მომაწოდეს და რაც გვიჩვენებს, მერიას რა ფული აქვს, პირდაპირ რომ ვთქვათ, გადაყრილი ჭამა-სმაში გიგი უგულავას დროს. როგორც დამპირდნენ, ასევე მომაწვდიან ახალი მერის დროს დახარჯულ თანხებსაც, მაგრამ მანამდე ძალიან საინტერესოა, რა ორგანიზაციები ემსახურებოდნენ ნაციონალებს და 2010 წლიდან 2014 წლის ივნისამდე რა ხარჯებზეა საუბარი, ეს კი არის, არც მეტი, არც ნაკლები, 1 794 783 ლარი და ვიმეორებ, ეს სია ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი. ვინც ამ ჩამონათვალს გადაავლებს თვალს, გაუკვირდება, რომ ერთ-ერთ "თბილისობაზე" ტივით ქეიფზე 40 800 ლარია დახარჯული და რატომ? ვინ იჯდა ასეთი ამ ტივზე და რა ჭამეს ასეთი განსაკუთრებული, რომ ამხელა ციფრია მოყვანილი? ამის გარდა, სხვა თანხებიც იწვევს გაოცებას, მაგრამ ადრე ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მე ნაციონალების ტელევიზიებს ვგულისხმობ, ახლა კი მინდა, რომ ეს ციფრები გამოაქვეყნოთ, რომ ყველამ ნახოს, რაში იხარჯებოდა ეს თანხები. 2010 წელს მერიის ბიუჯეტიდან დახარჯულია სმა-ჭამაში 339 049 ლარი, 2011 წელს დაიხარჯა 669 522 ლარი, 2013 წელს კი 258 244 ლარი. განსაკუთრებით მინდა, დააკვირდეთ, 2013 წელს შედარებით ცოტა ფულია დახარჯული, თუმცა, რაღა ცოტა, ამ წელს განსაკუთრებით მცირე თანხაზეა საუბარი, ანუ ბოლო წუთებს რომ ითვლიდა გიგი უგულავა, განსაკუთრებით უმადო იყო ჭამაში.
ეტყობა, ბოლო ჭამა იყო...
- 2014 წელს უკვე "ქართული ოცნებაა" სათავეში და, სავარაუდოდ, არც ესენი აკლებენ, მაგრამ ნაციონალების მადა სასწაულია! ეს "ივენთები" და ქეიფები ნაცების დროს იმართებოდა მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირების საკუთრებაში მყოფ რესტორნებში, მაგალითად: რესტორანი "წისქვილი", რომლის მფლობელიც გახლდათ მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი შვილიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე და, როგორც ინფორმაცია მაქვს და როგორც ამბობენ, ამ წილში ბუბა კიკაბიძეც ფიგურირებდა. მიშას წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე წილი გადაუფორმეს ლაშა ჩხაიძეს და მიხეილ სააკაშვილი რომ გაიძახოდა, ბებიაჩემის დანგრეული მანქანა რატომ დააყადაღესო, პროკურატურამ ერთი აქეთკენ იმუშაოს, როგორ ხდებოდა, რომ ყველაზე მეტ თანხებს ბებიამისს რომ ურიცხავდა, მზია წერეთელს და ესაა 108 400 ლარი, რაც გადაირიცხა "წისქვილის" ანგარიშზე, ყველაზე მსუყე ლუკმა და ეს თანხა ამოწიონ პროკურატურაში.
კიდევ ერთი მაგალითი თინათინ ნიჟარაძეა, რომელიც, როგორც ცნობილია, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ფონდის ერთ-ერთი შემწირველია, მის სახელზეა რეგისტრირებული შპს "ფართი ჰაუსი", ასევე, ის დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რომელიც ფურშეტების მოწყობას უზრუნველყოფდა და 2010-2013 წლებში მისი ორივე კომპანიის ანგარიშზე 271 267 ლარი გადაირიცხა. ქართული შოუბიზნესი რატომ უკრავდა და რატომ უმღეროდა მიშა სააკაშვილს იქიდანაც ჩანს, რომ ამ შოუბიზნესის წარმომადგენელი დავით გომართელი ფლობს კომპანიას "სითი ენთერთეინმენთს" და ასევე, ის არის ინდივიდუალური მეწარმე "სითი ენთერთეინმენთის", მისი კუთვნილებაა "სითი კლაბი" და "სითი ბარი" და დააკვირდით, დავით გომართელის სახელზე 2010-2012 წლებში 66 064 ლარია გადარიცხული. აი, ასე ხდებოდა ამ ფულების განაწილება და სულაც არაა გამორიცხული, "ატკატების" სუნიც გვცემდეს ამ გადარიცხვებში და კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, რომ იმ მასალებით, რაც პირველად დაიბეჭდება თქვენთან, დაინტერესდნენ, ასევე, ამ თემით, იმიტომ, რომ მაგათი ჭამა სხვაა. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ეს ხალხი, რომელიც ამ თანხებს ასე ისროდა წაღმა-უკუღმა, ამ მილიონებს, ფაქტობრივად, რა მორალური უფლებით ლაპარაკობს სხვის ხარჯებზე?
ღორმა ღორს უთხრა, შე დინგიანოო. ჯერ ხომ არ ვიცით, ამათ, ახალ ხელისუფლებას ვგულისხმობ, რა აქვთ რეალურად გახარჯული?
- გეტყვით, ეგ მონაცემიც მექნება და შევადაროთ. ჩემი აზრით, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირჩევდნენ ამ კომპანიებს თავიანთი ახლობლობით, ამის ნაცვლად უნდა ჩატარებულიყო ტენდერები, რასაც ახლაც მოვუწოდებ ხელისუფლებას, რადგანაც დღესაც დგას ეს საკითხი და, ვისაც ნაკლებ ფასში მოემსახურებიან ეს რესტორნები და ბარები, და ვინც უკეთეს მენიუს შესთავაზებს, ის აირჩიონ.
და სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ დაზოგვა?
- მე კი გეუბნებით, რომ ამით თანხების დაზოგვაც მოხდება და გამჭვირვალეც იქნება ხარჯებიც. არის შემთხვევები, როცა ბანკეტი დასაშვებია, როცა უცხოელების დელეგაციაა, როცა რამე მნიშვნელოვან დღესასწაულს აღნიშნავენ, მაგრამ ყველაფერს ზომიერება უხდება, განსაკუთრებით, როცა ხალხის ფულზეა საუბარი. მე იმის თქმა მინდა, რომ, თუ ტენდერები ტარდება სხვადასხვა საკითხებზე, არ შეიძლება, ამ საკითხებზეც ჩატარდეს ტენდერები? მაგალითად, უნდათ ევროპული სახის რესტორანი, ჩატარდეს ამ ტიპის რესტორნებს შორის ტენდერი, თუ უნდათ ქართული კერძები, - ახლა ამაზე ჩატარდეს, მაგრამ არა ისე, რომ მზია ბებიას, გომართელს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულ ვიღაც ძმაკაცებს რომ ურიცხავდნენ ფულებს, ეს ხომ კატასტროფაა? თან აქ იმხელა თანხებია გაწერილი, ვერ გავიგე, რას ჭამდნენ ამისთანას, ხარის ტყავი აქვთ გადაკრული, თუ რა ხდებოდა? ვიმეორებ, ახალ მთავრობაზეც გამოვაქვეყნებთ მასალებს, მაგრამ ჯერ ამათი მადა გვაინტერესებდა, მართლა ასეთი ანგელოზები იყვნენ ნაციონალები, ახლა რომ გადმოდგებიან და ამბობენ, ესენი რესტორნებს არ იკლებენო? ამის მოსმენისას ხომ გაგიჩნდება ინტერესი, მართლა ასეთი უმწიკვლოები იყვნენ და თითო თეთრს მისტიროდნენ, თუ რა ხდებოდა?
თქვენ მიერ წარმოდგენილი ფაქტები ნამდვილად საინტერესოა, რა თქმა უნდა, მილიონი - ჭამაში? მშვენიერი მადაა!
- მაგას ვამბობ! გამოსავალი აქ ისაა, რომ, ვიმეორებ, თანხები რომ მიზანმიმართულად დაიხარჯოს, უნდა ჩატარდეს კონკურსი, რასაც დღესაც არ აქვს ადგილი და როცა დღესაც ანალოგიური მიდგომაა, რომ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებს აკითხავენ და ყველაზე ძვირადღირებული მენიუს უკვეთენ. ამიტომ მივმართავ პოზიციასაც და ოპოზიციასაც, თუ ქამრის შემოჭრაა, ჩვენს ქამრებს კი ნუ უყურებენ, საკუთარ ქამრებს მიხედონ და გამოიძიონ სამართალდამცავებმა, არარეალურად დიდი თანხები რომ წერია დოკუმენტებში, ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი "ატკატს", თუ - არა?
გეთანხმებით, 40 000 ლარად ერთ დიდი უბანს დააპურებდა კაცი, არა თუ 50 კაცს!
- ეს მონაცემები არის 2014 წლის ივნისამდე და ბოლო დახარჯული თანხა არის 12 000 ლარი, აქვე ისიც არის აღსანიშნავი, რომ ამ მონაცემების სტატისტიკური მონაცემების გვერდით ის კომპანიებიც არის აღნიშნული, რომლებიც ფიგურირებენ ამ სიაში, ესაა "ლაგი" "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი", "ემ ჯგუფი", "ფართი ჰაუსი", გვაქვს ეჭვი, რომ ამ ზოგიერთი ამ კომპანიის უკან დგას ნაციონალების შემომწირველი და მათთან დაახლოებული პირები, მე მოგაწვდით, რა თანხებს უხდიდნენ მომღერლებს და თავად გამოიტანთ დასკვნას.