როგორ და როდის მიიღებენ მოქალაქეები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას?

როგორ და როდის მიიღებენ მოქალაქეები ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას?

3 დეკემბრიდან მოსახლეობის დახმარების მორიგი ეტაპი იწყება. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე დაავალა, რომ ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცეს. საგანგებო განცხადება მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.

„ჩვენ ვიწყებთ მომართვიანობის აღრიცხვას ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად დროებით დაკარგეს სამსახური. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, რომ ეს დახმარება წლის ბოლომდე უნდა გაიცეს. მოქალაქეებმა კი დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რათა ეს დახმარება მიიღონ“, - განაცხადა გახარიამ.

წინა კვირას მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა. საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება. 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან დაიწყო.

მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპენსაციები გაიცემა საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომელთა საქმიანობაც ახალი „ლოქდაუნის“ ამოქმედების გამო შეიზღუდა. მთავრობის პროგნოზით, ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით, 100 000 იქნება. შემოსავლების სამსახურმა ერთჯერადი დახმარებების გასაცემად სპეციალური განცხადებაც გააკეთა, თუ რა პროცედურებია საჭირო დახმარების მოსათხოვნად და მისაღებად:

„იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია. ამასთან, განვმარტავთ, რომ რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

იწყება მორიგი კომპენსაციის ეტაპი და ამასობაში დასრულდა წინა დახმარების პერიოდი. საუბარია 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამაზე, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო და თითქმის 4 თვე გრძელდებოდა. კომპენსაციის მიმღებ ყველა პირს შესაძლებლობა ჰქონდა, 1-ელ დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო და მთავრობისგან 200-ლარიანი კომპენსაცია მიეღო.

გაირკვა, რომ საბოლოოდ, რეგისტრირდა 943 289 ბავშვი. მათ რიცხვში შედის 3 786 ბავშვი, რომლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, თუმცა რა იყო უარის თქმის მიზეზი, ამას ჯანდაცვის სამინისტროში არ განმარტავენ. ამ დროისთვის თანხა უკვე დაერიცხა 925 224 ბავშვს, ხოლო დარჩენილ 14 279-ს უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად დაერიცხება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 185 044 800 ლარია გაცემული. მთავრობის სხვა სოციალური პაკეტებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროგრამა არ გრძელდება.