საქართველოში პენსია ყოველწლიურად გაიზრდება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პენსიის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება პარლამენტში წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას. მიუხედავად ამ მიმართულებით ბოლო დროს განხორციელებლი დადებითი ცვლილებებისა, საქართველოში პენსიის დონე რეგიონში მაინც ყველაზე დაბალია.
„მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
პენსიის ყოველწლიურად შემდეგი მეთოდით მოიმატებს:
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის - არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
70 წლის და მეტი ასაკის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტი - არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
ინფლაცია და მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად განისაზღვრება.
პენსიის ინდექსირებით, მთავრობა დარწმუნებულია, რომ ფასების ზრდა პენსიონრებს ვეღარ დააზარალებს.
საშუალო პენსიის დონე საქართველოში, საშუალო ხელფასის 17-18%-ის დონეზეა, რითაც რეგიონში ბოლო პოზიციაზე ვართ. მცირედით გვისწრებს სომხეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში - 32%-ია, ხოლო რუსეთის ფედერაციაში 33-34%-ის ფარგლებში მერყეობს. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, მდგომარეობის გამოსწორების იმედს იძლევა მთავრობის გადაწყვეტილება პენსიების ყოველწლიურ ზრდასთან დაკავშირებით, რაც სერიოზული და არსებითი გარდატეხაა საპენსიო უზრუნველყოფის საქმეში.
„ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც ნიშნავს საშუალო პენსიის თანაფარდობას საშუალო ხელფასთან, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო და ჩამორჩებოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. როგორც წესი, მიჩნეულია, რომ 40%-ზე ნაკლები, განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებელია, ბოლო დრომდე პენსია საქართველოში 17-18%-ის დონეზე იყო და ახლა არის საშუალება თანდათან დავძლიოთ ეს ჩამორჩენა.
ევროპის განვითარებული ქვეყნების პენსიონერთა კონტიგენტს თუ გავითვალისწინებთ, მათ აქვთ დაგროვილი რესურსი იმისთვის, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ თავიანთი გემოვნების შესაბამისად მოიხმარონ დაგროვილი თანხა და თავისუფალი დრო. პენსიაში გასვლის შემდეგ ისინი ცხოვრობენ იმაზე მეტხანს, ვიდრე ვთქვათ, ბარათაშვილმა იცოცხლა, ასეთი შედარება თუ შეიძლება. ჩვენც უნდა შევძლოთ, რომ სიბერეს ჰქონდეს ღირსეული ფორმა და იგი მონეტარული ფორმითაც პოულობდეს გამოხატულებას“, - განუცხადა „რეპორტს“ სოსო არჩვაძემ.
პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი მიიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერი - 275 ლარს.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს. შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში 70 წლამდე პენსიონერი მიიღებს 288 ლარს, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერი - 330 ლარს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა გათვალისწინებულია.