დემოკრატიული რეცესია

დემოკრატიული რეცესია

პოლიტიკურ თავისუფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უარესდება

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს დემოკრატიზაციის ტალღამ გადაუარა, რომელიც სხვადასხვა ფრად – ნარინჯისფრად (უკრაინა), ვარდისფრად (საქართველო) და ა.შ. – ლივლივებდა. დღეს კი ყველაფერი დასრულდა. მსოფლიოში დემოკრატიის რეცესიაა, მიუხედავად იმისა, აქცევს თუ არა ამას ვინმე ყურადღებას. ხომ არ შეიძლება ამის ერთ–ერთი მიზეზი აშშ–ს მხრიდან ყურადღების არარსებობა იყოს? 

ნოემბერში ბირმელმა გენერლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბეება გაბედეს. ანალოგიურად მოიქცა ეგვიპტის თანამედროვე „ფარაონი“ ჰოსნი მუბარაქი. სამარცხვინოდ ჩაიარა საპრეზიდენტო არჩევნებმა ჰაიტიში, რის გამოც გასულ კვირას ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ამ თვეში საპრეზიდენტო რბოლა მიმდინარეობს ბელორუსში, მაგრამ მისი შედეგები წინასწარ განსაზღვრულია და არამხოლოდ რეჟიმის მაღალი პოპულარობის გამო.

აფრიკული ქვეყანა კოტ–დივუარი მეორე სამოქალაქო ომის ზღვარზეა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ახლახანს არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ძველი ჭრილობები უნდა მოეშუშებინა. ოპოზიციის ლიდერმა ალასან უატარამ პრეზიდენტი ლორან გბაგბო ხმების 54%–ით დაამარცხა. შედეგი საარჩევნო კომისიამაც დააფიქსირა. მაგრამ გბაგბომ გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა. გაერომ ამ კვირაში რეზოლუცია მიიღო, სადაც ეს ფაქტი დაგმო და გბაგბოს არჩევნების შედეგების აღიარება მოსთხოვა, რასაც ის არ გააკეთებს.

ეს ცალკეული, თუმცა ერთი ტენდენციის ამსახველი შემთხვევებია. დემოკრატიისგან უკანდახევა მოხდა რუსეთში, ტაილანდსა და ვენესუელაში. ამ მხრივ წინსვლა იყო ერაყში, ლიბანსა და თურქეთში, მაგრამ დღეს ახლო აღმოსავლეთში მოვლენები სხვაგვარად ვითარდება და ლიბანის მთავრობა იძულებულია ავტორიტარულ სირიასა და ჰესბოლას თავი დაუხაროს. Freedom House–ის უფლებადამცეველები აღნიშნავენ, რომ უკვე მეოთხე წელია რაც იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებები სულ უფრო იზღუდება, და არა პირიქით.

რა არის ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, რთულ ეკონომიკურ პერიოდს, პოლიტიკური პრობლემებიც მოსდევს, მაგრამ ზოგიერთმა ავტორიტარულმა ლიდერმა ეკონომიკური დესტაბილიზაციით ისარგებლა და პოპულისტური გზებით საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება განამტკიცა. ნავთობზე მაღალმა ფასებმა კი ვენესუელაში უგო ჩავესის, რუსეთში კი ვლადიმერ პუტინის პოზიციები გააძლიერა.

მაგრამ აქ თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ დღეს ამერიკა ამ პრობლემის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენს და თავად ნაკლებად მისაბაძი მაგალითია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავტორიტარიზმი ყვაოდა, მაგრამ 1980–იან წლებში დემოკრატიზაციის ტალღა დაიწყო, რადგან აშშ რონალდ რეიგანის ხელმძღვანელობით მაგალითი გახდა, რომლის მიბაძვა ბევრმა მოინდომა. ეს ტენდენცია 1990–იან წლებშიც გაგრძელდა, და შემდგომი ათწლეულის დასაწყისშიც; დღეს მსოფლიოში არჩევნების დემოკრატიული სისტემა 116 ქვეყანას აქვს, ოცი წლის წინ ასეთი 76 ქვეყანა იყო.

გარკვეული დროის განმავლობაში, უმცროს ჯორჯ ბუშს დემოკრატიისთვის ბრძოლა საკუთარი პროგრამის საფირმო ნიშნად მიაჩნდა, რის გამოც ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში სერიოზული ცვლილებები მოხდა. მაგრამ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მისი „თავისუფლებისთვის ბრძოლა“ დამუხრუჭდა ერაყის და პალესტინის არჩევნებში ჰამაისის გამარჯვების შემდეგ, ასევე პრაგმატული პოლიტიკის გამო, რაც ბუშმა ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან მიმართებაში გააკეთა.  

2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტმა ობამამ საერთოდ უარი თქვა დემოკრატიისთვის ბრძოლაზე, დაუჯერა რა ლიბერალებს, რომ აშშ–ს მორალური სახე შელახულია (გუანტანამო, „წამებები“) და მას არ აქვს უფლება საკუთარი ფასეულობები ვინმეს თავს მოახვიოს. ამერიკელი ექსპერტები დემოკრატიისადმი რწმენის ამ დაკარგვას ექოსავით გამოეხმაურნენ, განაცხადეს რა, რომ ცუდი არ იქნება თუკი ამერიკა ჩინეთად გარდაქმნება – თუნდაც ერთი დღით, რათა შესაძლებელი გახდეს კონსტიტუციის აბეზარი შეზღუდვებისთვის თავის არიდება.  

მოსკოვში, პეკინში, იანგონსა და სხვა დედაქალაქებში ეს გაგებულ იქნა, როგორც ის, რომ აშშ აღარ მიისწრაფვის დემოკრატიის დამკვიდრებისკენ მთელს მსოფლიოში. ამ თემაზე ოაბამას წელს რამდენიმე კარგი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა მისი სიტყვები პოლიტიკაზე არ ასახულა.  

ავიღოთ ეგვიპტე… ბუშის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ქაიროს უფრო გახსნილი პოლიტიკური სისტემის შექმნა მოსთხოვა. 2005 წელს პრეზიდენტობის კანდიდატის აიმან ნურას დაპატიმრების გამო რაისი ეგვიპტეში პროტესტის ნიშნად არ ჩავიდა, რის შემდეგაც ნურა გაათავისუფლეს.  

თუმცა, აშშ–მ ეგვიპტის მიმართ ინტერესი მალევე დაკარგა. ბუშის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა სენატის მოთხოვნა დამუქრებოდნენ ეგვიპტეს, რომ მას 2 მილიარდი დოლარის ყოველწლიური ფინანსური დახმარება შეუწყდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ის პოლიტიკური თავისუფლბების თვალსაზრისით მდგომარეობას არ გააუმჯობესებდა. ამის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ რაისი ქაიროში მაინც ჩავიდა, აიმან ნური კი კვლავ დააპატიმრეს. შარშან, ობამას ადმინისტრაციამ დემოკრატიისთვის ბრძოლის ბიუჯეტი ორჯერ შეამცირა – ჩვენმა საელჩომ ქაიროში ოაბამას აცნობა, რომ მსგავსი პროგრამები მუბარაქს აღიზიანებს.  

ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეგვიპტელები ამერიკელების წუხილს სერიოზულად არ აღიქვამენ. რეჟიმმა უარყო აშშ–ს მოწოდებები ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაეშვა და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების დევნა დაიწყო. მომავალ წელს მუბარაქს ტახტის საკუთარი შვილისთვის ჰემალისთვის გადაცემა სურს. ეგვიპტის უფლებედამცველთა ჯგუფმა არჩევნებს „მორალური და პოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, ვაშინგტონმა კი ძლივს ამოღერღა სიტყვები „იმედგაცრუება“ და „განგაში“. 

ამერიკული საზოგადოება იმდენადაა დაკავებული საშინაო საქმეებით, რომ არ აქვს სურვილი დემოკრატიული ღირებულებები იქადაგოს. მაგრამ დემოკრატიული ქვეყნები მაინც უკეთესი მოკავშირეები არიან, ხოლო ავტორიტარულები კი მეტ გლობალურ პრობლემებს ქმნიან. მსოფლიო დემოკრატიული რეცესია აშშ–სთვის საზიანოა, ხოლო აშშ–ს პრეზიდენტმა და მისმა სახელმწიფო მდივანმა უნდა ეძებონ გზები, რომ ეს პროცესი როგორმე უკან დააბრუნონ.
[foreignpress.ge]