„ეკონომიკის მხრივ მაინცდამაინც აპოკალიფსურ სიუჟეტს არ ველი“

„ეკონომიკის მხრივ მაინცდამაინც აპოკალიფსურ სიუჟეტს არ ველი“

„წინა ლოკდაუნი დაემთხვა ეკონომიკური აქტიურობის ტრადიციულად აღმავალ პერიოდს - გაზაფხულს, ახლა კი ემთხვევა ზამთრის თვეებს, იანვარში სამეწარმეო აქტიურობა მეტ - ნაკლებად მიძინებულ მდგომარეობაშია, ამიტომ ზარალის მასშტაბები შედარებით მოკრძალებული იქნება“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე.

ეკონომისტი ლადო პაპავა აცხადებს, რომ, სანამდე მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, მანამ ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება. ხელმეორედ შეზღუდვის შემდეგ რა პროცესებს შეიძლება ველოდოთ ეკონომიკაში და რამდენპროცენტიან ვარდნას ელით ახლანდელი ლოკდაუნის დასრულებისას?

- არასრული იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ეკონომიკა მხოლოდ მედიცინის მძევალია. ეკონომიკა „კოვიდ-19“ - მდეც დიდი ხნის განმავლობაში იყო პოლიტიკის მძევალი და არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, რადგან ეკონომიკა ითვალისწინებს პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, ეს იქნება წმინდა პოლიტიკური დატვირთვის ღონისძიება, თუ გეოპოლიტიკური ასპექტი. ამის მაგალითია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენი და გაზსადენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური ფაქტორი, გაცილებით მოკლე მარშრუტით, სომხეთის ტერიტორიის გავლით შეუერთდებოდა ეს ობიექტები აზერბაიჯანიდან თურქეთს. ასე რომ, ეკონომიკა ყოველთვის იყო პოლიტიკის მძევალი, მათ შორის, გეოპოლიტიკის მძევალი, ახლა - „დამწვარს მდუღარე დაასხესო“, - კორონავირუსის პირობებში ეკონომიკას უკვე დაემატა ორმაგი მძევლობის როლი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას თავისუფალი განვითარების მანევრი და შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. ამერიკელებს აქვთ ასეთი გამონათქვამი, „ამერიკის ეკონომიკა ვითარდება ღამით, როცა მთავრობას სძინავსო“. ეს ნიშნავს, რომ ზედმეტი ადმინისტრირება ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. თუკი ლიბერალიზმის სამშობლოში ასეთი ხუმრობანარევი გამონათქვამის საფუძველი ჰქონდათ, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სხვა ქვეყნებმა. ამიტომ ეკონომიკას სჭირდება დამატებითი სტიმულები, რომლებიც მძევლობის სტატუსის გარკვეულ კომპენსირებას მოახდენენ.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმულები რა უნდა იყოს?

- ეს დამოკიდებულია ქვეყნის მიზნებზე, ამოცანებსა და შესაძლებლობებზე. რაც უფრო ნაკლები იქნება საგადასახადო წნეხი, მეტი თავისუფლება ექნება ბიზნესს, მით უფრო მეტი სტიმული ექნებათ მასში ჩართულ სუბიექტებს იმისთვის, განავითარონ ეკონომიკა, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი. მეორე მხრივ, ბიზნესის ზედმეტი თავისუფლება კარგია და შედეგის მომტანია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, თუმცა ჩვენ არსებობა დღესვე გვინდა, ამიტომ რა ვუყოთ ხელისუფლების სტრატეგიულ ამოცანას, რომლისკენაც ყველას ხელი აქვს გაშვერილი და ყველა ითხოვს დახმარებას?! ხელისუფლება ხომ არ არის ილუზიონისტი, რომელსაც შეუძლია შავი ყუთიდან კურდღლის ამოყვანა. ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ იმ რესურსების განაწილება, რაც მის განკარგულებაშია გადასახადების მობილიზაციის, ან აღებული სესხების საფუძველზე, რომელსაც მერე გასტუმრება სჭირდება იმავე გადასახადების საფუძველზე.

2021 წლის დასაწყისისთვის ეკონომიკური მაჩვენებლები რამდენით შემცირდება, 6-7%- ით, თუ უფრო მეტით?

- ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ორთვიან პერიოდზე ვისაუბროთ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეზღუდვები არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც ეს იყო მარტის ბოლოდან ივნისამდე, მისგან მიღებული ვარდნის მასშტაბი არ იქნება ისეთი დიდი და თვის საშუალო დონესთან შედარებით ჩვენ გვექნება არა უმეტეს 12-15%-იანი კლება. წლის განმავლობაში თითოეული თვის წილი თუ 1/12- ზეა, დაახლოებით ამ პროპორციებით უნდა ამოვიდეთ, საუბარია 1-დან ცოტა მეტი პროცენტის ფარგლებზე.

ცალკეული ადამიანები აიგივებენ პირველ და მეორე ლოკდაუნს და მიიჩნევენ, რომ არანაირი განსხვავება არ არის მათ შორის. უბრალოდ, ხელისუფლებამ არასწორად დაარქვა ამას „ნაწილობრივი ლოკდაუნი“.

- პირველ და მეორე ლოკდაუნს შორის განსხვავება არის, მაპატიეთ ჟარგონისთვის, ახლა უფრო „ლაითი“ ლოკდაუნია. ამიტომ მისგან წამოსული ზარალიც შედარებით ნაკლები იქნება. ერთი რამეც გავითვალისწინოთ, წინა ლოკდაუნი დაემთხვა ეკონომიკური აქტიურობის ტრადიციულად აღმავალ პერიოდს - გაზაფხულს, როცა ხვნა-თესვის სამუშაოებია, ბიზნესი აქტიურია, ახლა კი ემთხვევა ზამთრის თვეებს, იანვარში სამეწარმეო აქტიურობა მეტ-ნაკლებად მიძინებულ მდგომარეობაშია და, მრავალწლიანი პრაქტიკის მიხედვით, იანვარში ბიზნესაქტიურობა, ბრუნვა, საშინაო თუ საგარეო ვაჭრობა დეკემბრის თვესთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. ამიტომ ზარალის მასშტაბები შედარებით მოკრძალებული იქნება.

პანდემიისას დაფინანსების წყარო ბიუჯეტია, რომელიც კორონაკრიზისის გამო შემოსავლებს მუდმივად კარგავს, აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტი როგორი იქნება?

- მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. იმედია, პარლამენტი შეიკრიბება, რადგან სახელმწიფოს ინტერესები და ფუნქციონირების აუცილებლობა გაცილებით მაღლა დგას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პირად ინტერესებსა და ამბიციებზე. მაინცდამაინც აპოკალიფსურ სიუჟეტს არ ველი, მთავარია, კორონავირუსის პიკური რეჟიმი მალე გადავიყვანოთ პლატოზე, რომ მერე დაქანების რეჟიმში შევამციროთ დაავადებულთა რაოდენობა.

თუკი გადაივლის კორონავირუსი, 2019 წლის დონემდე როდის მივა ჩვენი ეკონომიკა, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის?

- რა თქმა უნდა, 2021 წელს ეკონომიკას გაუჭირდება 2019 წლის დონის მიღწევა, მაგრამ 2022 წლისთვის ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა ცალკეული დარგების მიხედვით, როგორიცაა საჰაერო ტრანსპორტი, სატრანსპორტო გადაყვანა, ტურისტული სექტორი 2018 წლის დონის მიღწევას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

MCL როგორ არ ელით :) როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ე.წ. სტარტაპების გრანტებზე და ე.წ. სამეცნიერო გრანტებზე, რომელთაგან ჯერ არცერთს არ მოუტანია შედეგი და ამას არც ითხოვს სახელმწიფო. მთავარია, რომ თავისთვის ძვირფას ადამიანებს უხვად დაურიგონ მილიოენები. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ძვირფასი ადამიანები რატომღაც ნაცისტების სასტიკი მხარდამჭერები არიან ხოლმე.
მე, როგორც გადასახადის გადამხდელს, რატომ არ მეკითხებით, მინდა თუ არა, რომ ჩემი გადახდილი გადასახადები სახელმწიფოსთვის ძვირფასი ადამიანების ორგიების დასაფინანსებლად დაიხარჯოს? ხომ შეიძლებოდა, რომ ეს ფული თუნდაც ერთი კოვიდ-საავადმყოფოს ასაშენებლად დახარჯულიყო? მაგრამ მაშინ სახელმწიფოსთვის ძვირფასი ადამიანები მოოქროვილ ვიბრატორებს ვეღარ იყიდიდნენ.
ხალხს შია, გესმით თქვენ? თქვენ ამ დროს აფინანსებთ ნაცისტებს და ამას აპრავებთ იმით, თითქოს ისინი სამეცნიერო მუშაობას ეწევიან ან სტარტაპს ამუშავებენ. არ გამიგია მე 5 წლიანი სტარტაპი.
3 წლის უკან