მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების ფონზე "რეზონანსმა" გადაწყვიტა, ექსპერტებს შეეფასებინათ ის წარმატებული და წარუმატებელი მინისტრები, რომლებიც ამჟამად მთავრობაში არიან. სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, განათლების მინისტრი და ა.შ. - ასეთია იმ მინისტრთა ჩამონათვალი, რომელთაც ექსპერტებმა მუშაობა დაუწუნეს. ყველაზე წარმატებულ მინისტრად კი, ექსპერტთა უმრავლესობა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ასახელებს, რომელიც მიუხედავად ამისა, კრიტიკის ობიექტად მაინც რჩება.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეკონომიკის მინისტრებს "გაუმართლათ", რადგან იმდენად სწრაფად იცვლებიან, რომ მათ წარუმატებლობაზე საუბარიც კი რთულია. თუმცა ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სფეროში წარუმატებელი მინისტრების მთელი გუნდია.
"გამომდინარე იქიდან, თუ რა ვითარებაა სხვადასხვა დარგში, ვერც ჯანდაცვის მინისტრს, ვერც სოფლის მეურნეობის მინისტრს ვერ ვუწოდებთ წარმატებულს და ვერც განათლების მინისტრს", - ამბობს ცისკარიშვილი.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ექსპერტი ფიქრობს, რომ იმ მოთხოვნების შესრულებიდან გამომდინარე, რაც მის მიმართ გააჩნია ხელისუფლებას, მერაბიშვილი ყველაზე წარმატებული მინისტრია. მაგრამ ემთხვევა თუ არა მისი წარმატებულობა პოპულარობას ხალხში, ეს ცალკე განსახილველი თემაა.
"რაც შეხება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ამ ადამიანის დანიშვნის იდეაა წარუმატებელი. მისი კარიერის მაქსიმუმი მერიაში კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო. ის აქტიური ადამიანია, თუმცა ის ვერ შეძლებდა შეეძინა თვისებებები, რომელიც სჭირდება კარგ მინისტრს", - ამბობს ცისკარიშვილი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ყველაზე წარუმატებელთა შორის არის სწორედ ვანო მერაბიშვილი, რადგან ქვეყანა პოლიციურ სახელმწიფოდ აქცია.
"თუ ის პოლიციური სახელმწიფოს შენებას ემსახურება - წარმატებულია, მაგრამ თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ეს კატასტროფაა. რაც შეხება სხვა მინისტრებს, სხვები მის ფონზე არც კი ჩანან", - ამბობს ზაქარეიშვილი.
იგი ყურადღებას ამახვილეს პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობაზე და ამბობს, რომ "გილაური საერთოდ არ ჩანს და მის წარმატებულობაზე საუბარი რთულია".
"მე ვერ დავასახელებ ვერც ერთ წარმატებულ მინისტრს, რადგან სისტემაა მანკიერი. მხოლოდ შემიძლია ვთქვა გზების მშენებლობის დეპარტამენტის წარმატებაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია", - ამბობს ზაქარეიშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ წარმატება-წარუმატებლობის შესაფასებლად ხელისუფლება სხვა, ხოლო საზოგადოება კი სხვა პარამეტრებს იყენებს. ერთია, ხელისუფლების თვალსაზრისი და მისთვის ვინ შეიძლება იყოს წარმატებული, მეორეა, საზოგადოებისთვის ვინ ითვლება ასეთად.
"არსებობს მესამე მხარე - მედიაში როგორ წარმოაჩენენ მინისტრს. ეს, ერთი მხრივ, ქმნის შთაბეჭდილებას და ხელისუფლების დამოკიდებულებასაც ამჟღავნებს. ყველაზე წარმატებულები ამ მხრივ ალბათ განათლების მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანია.
"იგივე კულტურის მინისტრი, რომელიც თავდაცვასა და უშიშროებას კურირებდა, ამბობენ რომ კარგი ალღო აქვს როგორც კულტურის მინისტრს. მედიაშიც ფიგურირებს ხშირად. თუ ვინმეზე ითქმის საყვედური, კულტურის მინისტრზე ნაკლებად. მართალია, კულტურის მდგომარეობა არაა სასურველი, მაგრამ გამოწვევები არის ყველა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვაში, ეკონომიკაში და ა.შ.", - ამბობს საყვარელიძე.
არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ მინისტრის წარუმატებლობის საზომი შედარებითია და ვინც მეტად ჩანს მედიაში, იმას უფრო მეტად აფასებენ და არა მას, ვინც შეიძლება რეალურად აკეთებდეს რაიმეს.
"ვინც ყველაზე მეტად ჩანს, ისინი შეიძლება ჩაითვალონ ყველაზე აქტიურ მინისტრებად. სინამდვილეში როგორები არიან, ძალიან ჭირს ამის გარკვევა. ვინც მედიასთან აქტიურად თანამშრომლობს, გამოდის, ის ადამიანები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მათი სამინისტრო კარგად მუშობს.
"ყველაზე ხშირად ჩანს საგარეო საქმეთა მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, კულტურის მინისტრიც გამოჩნდება ხოლმე და ასე იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი", - ამბობს გეგეშიძე.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ იგივე ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში მყოფი საგზაო დეპარტამენტი კარგად მუშობს, მაგრამ ამით ეკონომიკის სამინისტროსა და მისი მინისტრის მუშაობაზე რაიმეს თქმა რთულია.
რაც შეეხება მერაბიშვილს, გეგეშიძის შეფასებით, მის წარმატებად ითვლება სისტემის გაძლიერება, უწყების ეფექტიანობის ამაღლება, ამ შემთხვევაში წარმატებულია, თუმცა მის მიმართ არსებობს პრეტენზიები.
"თუმცა, რომ გამოვყოთ ყველაზე წარმატებული მინისტრი, ეს ძალიან გაგვიჭირდება, რადგან სიღმისეული შეფასების საშულება არ გვაქვს", - ამბობს გეგეშიძე.