„როცა ოპოზიცია ხელისუფლების სახის შენარჩუნებაზე ლაპარაკობს, პირველ რიგში, თავისი სახის შენარჩუნებაზე იფიქროს“

„როცა ოპოზიცია ხელისუფლების სახის შენარჩუნებაზე ლაპარაკობს, პირველ რიგში, თავისი სახის შენარჩუნებაზე იფიქროს“

ცესკომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს უნდა გაიმართოს. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.

მე–10 მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, ოპოზიციის გარეშე გაიხსნება. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, „ცესკომ წერტილი დაუსვა ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას, შედეგების შეცვლის ყველა გზა ფორმალურად დაიხურა და გაფორმდა პოლიტიკური კრიზისი“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.

„ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიის, ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა. კალაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.

„მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ ადრეა ლაპარაკი, რომელი კონკრეტული პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა იმედი მაქვს, არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ასე იქნება მიღებული.

ძალიან დიდი იმედი მაქვს მოლაპარაკებების, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხორციელდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვფიქრობ, საბოლოოდ შეთანხება იქნება მიღწეული. მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული. დაველოდოთ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს, თუ რა გადაწყვეტილებები და შეთანხმებები იქნება მიღწეული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა ვადამდელი არჩევნების საკითხი, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა. მისივე თქმით, ოპოზიციის ყველა წინადადება არჩევნებს უკავშირდება და სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

„ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალბათ, ბატონი ალეკოც საუბრობს, რადგან ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები. არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოში შესაძლებელია ძალაუფლების მიტაცება, რადგან მერე ეგ გზა მიდის წმინდა წყლის ავტორიტარიზმამდე. ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა საკითხი ვადამდელი არჩევნებისა, ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს „ლელო“ და მოუწოდებს ამომრჩევლებს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, 2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ქვეყნისთვის, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად.

„არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას, ვერ იქნება ლეგიტიმური. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან. „ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ აპირებენ. არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს. მისი თქმით, გიორგი გახარია ცალკე არაფერს წყვეტს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, ამიტომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იციან, როგორც ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვესახება, რომლითაც აუცილებლად უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ქვეყანა, პოლიტიკური, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. პარლამენტისთვის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ.

ისე უნდა დარჩნენ მარტო, როგორც მეორე ტურის დროს, როდესაც, პრაქტიკულად, ბოლშევიზმისა და კომუნიზმის ახალ ეპოქაში შევიდა „ოცნება“. არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია რიგგარეშე ან ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ​ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. მეტსაც გეტყვით, „ოცნებას“ არავითარი შემხვედრი წინადადება არ მოუტანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავენ ანალიტიკოსები და აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას მთავრობას დამტკიცების საფრთხე არ ემუქრება. კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს, რადგან 1 წელში თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ამიტომ ოპოზიციისთვის უმჯობესია პარლამენტში შევიდეს.

„ოპოზიცია უცნაურ პრინციპულობას იჩენს, რადგან ხელისუფლება და ქვეყნის პარნტიორები ფაქტობრივად, ერთ პოზიციაზე დგანან. გამოსავალი ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლა და ცვლილებებზე მუშაობაა, რადგან ერთ წელში ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და გამორიცხული არ არის საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდეს, რადგან ქვეყანა მძიმე ვითარებაშია, „ქართულ ოცნებას“ კი რესურსი ამ ვითარების შესაცვლელად, სავარაუდოდ, არ ეყოფა.

როცა ოპოზიცია ხელისუფლების სახის შენარჩუნებაზე ლაპარაკობს, პირველ რიგში, კარგი იქნება, თავისი სახის შენარჩუნებაზე იფიქროს – არაერთხელ მითქვამს არჩევნებამდეც, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს, მაგრამ 2024 წლამდე ვერ მიატანს, ისეთი პროცესები განვითარდება. აქეთ მიდის ეს პროცესი, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც საჭირო გახდება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ არც ერთი კანონიერი გზით ახლა საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაინიშნოს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ერთპარტიულობას ხელი არ უნდა შეუწყოს.

„პოლიტიკური ბრძოლა მიდის და რომელ მხარეს რა რესურსი აქვს, იმას იყენებს. უმრავლესობას ამ რესურსის გამოყენება შეუძლია. დღევანდელი გადმოსახედიდან, ოპოზიცია ცდილობს ბოიკოტზე ერთმანეთი შეაგულიანოს და წააქეზოს. მეორე მხრივ, ბოიკოტს დავარქმევთ თუ სხვა რამეს, რეალურად, ეს მათი მხრიდან საპარლამენტო მუშაობის საბოტაჟია. არც ერთი კანონიერი გზით ახლა საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაინიშნოს.

საპარლამენტო არჩევნების რიგგარეშე დანიშვნას თავისი წესი აქვს, ეს წესი დღევანდელ პირობებში არ ჩანს. ასე რომ, ოპოზიციის მოთხოვნა ჩიხურია. ისინი ჩიხში შესულები არიან. ამ ჩიხს ზოგიერთი პარტია გააცნობიერებს თუ არა, განსაკუთრებით პატარა პარტიები, ამაზეა დამოკიდებული მათი მდგომარეობა. თუ ისინი მიხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივა პარლამენტია და არა პარლამენტს გარეთ, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ ამ ხელოვნურად შექმნილ პროტესტში ნაპრალი გაჩნდეს და ვიღაცები პარლამენტში შევიდნენ. ასე რომ, მრავალპარტიულობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ძია მიხო ოპოზიციის უარი პარლამენტში შესვლაზე მეტად არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ საკითხავია, შეუწყობენ კი ქვეყნისთვის ამდენი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტას ალიკო, ზალიკო, შალიკო, თინიკო, თაკო და სხვები საკანონმდებლო ორგანოში ყოფნით? აქამდე მათ ძირითადად დესტრუქციული აქტივობით და უცხოელ ელჩებთან სირბილით დაგვამახსოვრეს თავი. ისე რომ თუ შევლენ ხომ კარგი, თუ არა და უმაგითოდაც კარგად შესძლებს პარლამენტი მუშაობას, ჩამოყალიბდება ორი ფრაქცია და დემოკრატიული პრინციპებიც დაცული იქნება. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება არ შეუშინდა მაგათ შანტაჟს. არცერთ სხვა ქვეყანაში არ მომხდარა რასაც ოპოზიცია მოითხოვს - არ ჩატარებულა ახალი არჩევნები ხმების მოპარვის და არასწორად დათვლის მიზეზით.
3 წლის უკან