დავით კირკიტაძე საპროტესტო აქციებით იმუქრება

დავით კირკიტაძე საპროტესტო აქციებით იმუქრება

ქვემო ქართლის გუბერნატორი პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება. ამის შესახებ მან სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კირკიტაძის პროტესტი რუსთავის ბიუჯეტის ციფრებმა გამოიწვია, რომელიც მან არასაკმარისად მიაჩნია.

კერძოდ, კირკიტაძე აღშფოთებულია, რომ 2013 წელს რუსთავის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 50 პროცენტით შემცირდა და 25 მლნ ლარი შეადგინა. გუბერნატორის განცხადებით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილია საბიუჯეტო კრიზისი, ან ადგილი აქვს ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსთავის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას.

კირკიტაძემ არც ის დამალა, რომ აქამდე აკვირდებოდა ახალ ხელისუფლებას, არაერთი წერილი და თხოვნა გაუგზავნა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ფინანსთა მინისტრს, მაგრამ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, თურმე საერთო ენა ვერც ივანიშვილთან გამონახა და ვერც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი დავით კირკიტაძეს ურჩევს, სცადოს აქციის გამართვა, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ცოცხებს დაიკავებს ცალ ხელში და ისე გამოვა თავის თანაგუნდელებთან ერთად. მისი რეისი კი ასეთი უნდა იყოს - „კირკიტაძემ ჯერ უნდა გაუაროს თეა თუთბერიძეს, შემდეგ - ჩერგოლეიშვილს, ბოკერიას და ყველანი ერთად ცოცხებით ხელში უნდა დაელოდონ, ქართველი ხალხი რა შეხვედრას მოუმზადებს მათ“. 

დეპუტატის თქმით, მიტინგის, მანიფესტაციის, მასობრივი მსვლელობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული. ხოლო, თუ კირკიტაძე ამას ცოცხით ხელში გააკეთებს, მისი უფლება ერთი ათად იქნება დაცული. აქვე ცაგარეიშვილი მას პირობას აძლევს, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მათი მიტინგებიდან არავის გაიტაცებენ, არმატურით თავს არავის გაუჩეჩქავენ, საბელებით არ დაახრჩობენ, მხუთავ გაზს არ შეასხამენ და კირკიტაძისა და სხვა „ვაიპოლიტიკოსების“ მსგავსად, არ ირბენენ ქუჩა-ქუჩა და ჯარისკაცებს მადლობას არ მოახსენებენ (როგორც ამას კირკიტაძე აკეთებდა თავის მეგობრებთან ერთად 7 ნოემბერს), რომ მათ დაარბიეს თავიანთი თანამოქალაქეები.

„კირკიტაძის როლიც ძალიან კარგად მახსოვს იმ ტრაგედიაში, რაც იქ დატრიალდა. 7 ნოემბერს მათ მადლობა შესწირეს ხალხისთვის მიქსეულ პირტიტველა ბიჭებს რუსთაველის გამზირზე. ამიტომ, ახლა იმიტინგონ, რამდენიც უნდათ. კირკიტაძის პოლიტიკანობას, გუბერნატორობას და დეპუტატობას რა აქვს მოტანილი საქართველოსთვის, ესეც კარგად მახსოვს. მაშინ მეექვსე მოწვევის პარლამენტში ჩვენ კოლეგები ვიყავით და მახსოვს, როგორ სცემა სამთავრობო დაცვის ბიჭი, როცა მან კირკიტაძის სტუმრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზის შენობაში გადმოსვლა აუკრძალა. ამის შემდეგ ის ბოდიშებსაც იხდიდა, შემეშალაო, მაგრამ ფიზიკურ შეურაცხყოფას ბოდიში არ ჰყოფნის. იგი აყალბებდა არჩევნებს ქვემო ქართლში, მოსახლეობას ატერორებდა ბატონ ლილუაშვილთან, იმ კაცთან ერთად, რომელიც სრულიად საქართველოს უსმენდა და ახლა სერიოზული დანაშაულის გამო წინასწარ პატიმრობაშია. თუ არ ვცდები, ის კუდის უფროსის მოადგილე იყო“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

მასვე კირკიტაძის სხვა „გმირობაც“ ახსენდება, როცა საფეხბურთო მატჩის დროს იგი გაიჭრა მინდორზე, აგინა მსაჯს და შემდეგ გასახდელში ისე სცემა, სასწრაფო გახდა გამოსაძახებელი. ამდენად, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მეურვე და რუსთაველებზე მზრუნველი კირკიტაძე მას არ ახსოვს და თვითონ რუსთაველებსაც რომ არ ახსოვდათ ასეთი კირკიტაძე, ამიტომაც წააგო მისმა პოლიტრიკურმა გუნდმა ათით ნული არჩევნებში.

„არ ვაპირებთ იმ გზით ვიაროთ, როგორც დადიოდნენ კირკიტაძეები, მერაბიშვილები, ადეიშვილები და კირკიტაძის ძმაკაცი კეზერაშვილი, რომელსაც ქრთამის სახით 13 მილიონი დოლარი ჰქონია აღებული და ეს მხოლოდ დასაწყისია. რაც შეეხება რუსთავის ბიუჯეტს, ეს იყო უზარმაზარი შემოსავლის წყარო, მუდმივი სახრავი ხაზინის ქურდებისთვის. უზარმაზარი პრემიები აქვთ ნაცმოძრაობის ჯერ კიდევ ამჟამინდელ ხელმძღვანელებს ადგილებზე - ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეს წლის მანძილზე 26 ათასი ლარი აუღია პრემია. ბოლო თვეშიც გამოუწერია საკუთარი თავისთვის 7 ათას ლარიანი პრემია. იგივე მოხდებოდა რუსთავშიც“, - განმარტავს დეპუტატი.

მისი აზრით, გუბერნიები დამნაშავე ელემენტების, ავაზაკების, ზონდერების თავშეყრის ადგილებია და მათ მფარველობენ სწორედ კირკიტაძისნაირი გუბერნატორები. უფრო მეტიც, ყველა გუბერნია გავსებულია შტატებით, ვითომ მაშველთა სამსახურები აქვთ შექმნილი, დაუნიშნეს მათ 1000-2000 ლარიანი ხელფასები და ახლა რომ შემოაკლდათ ფული, ამიტომაც ატეხეს ასეთი ხმაური.

ამდენად, გია ცაგარეიშვილის აზრით, დავით კირკიტაძის მუქარა გუბერნატორებისთვის განახევრებული ბიუჯეტით აიხსნება, რადგან „მათ მოაკლდათ ფული ბანდიტების დასასაქმებლად“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ კონსტიტუციით ყველა ადამიანს უფლება აქვს, კანონის ფარგლებში, პერმანენტული საპროტესტო აქციები მოაწყოს. ამდენად, დავით კირკიტაძეც არ არის გამონაკლისი. თუმცა, როდესაც მხარის რწმუნებული აქციებით აპირებს ბიუჯეტთან დაკავშირებით ცვლილებების მიღწევას, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის არავითარი პროცესი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ასეთი ტიპის თანამშრომლობას ადასტურებდეს.

რაც შეეხება ბიუჯეტის ფორმირების საკითხს, დეპუტატი განმარტავს, რომ  საქართველოს ბიუჯეტიდან ამოღებულია ყველა ისეთი ტიპის ხარჯი, რომელიც უზრუნველყოფდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შოუების, პოლიტიკური დანიშნულების პროექტების განხორციელებას. დღეისთვის ძირითადი ბიუჯეტი მიმართულია სოციალური კუთხით, რათა ადამიანების სოციალური დაცვა იქნას უზრუნველყოფილი.

„ხოლო თავად ის ბიუჯეტი, რომელიც კირკიტაძის სტრუქტურის დაფინანსებას ეხებოდა, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი მისი უკმაყოფილების. მესმის ამის, თუმცა ეს არის სწორი სტრატეგია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ. მე ვფიქრობ, რომ ის ორგანოები, რომლებსაც ფუნქციები, პრაქტიკულად, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვთ, არ უნდა იყვნენ განებივრებულნი მაღალი საბიუჯეტო ანაზღაურებით, რადგან ბიუჯეტის დახმარება ხალხს გაცილებით უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ზედმეტი ჩინოვნიკების შენახვას ქვეყანაში“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.     

მისთვის ღიმილის მომგვრელია რუსთავის ქუჩებში გამოსული დავით კირკიტაძე თავისი „მრავალრიცხოვანი მხარდამჭერებით“. უფრო მეტიც, დეპუტატის აზრით, ამ სასაცილო მდგომარეობაში კირკიტაძე თავისი ნებით თავს არ ჩაიგდებდა და ეს მიხეილ სააკაშვილის პირადი დავალებაა, რომელსაც იგი სიტყვის შეუბრუნებლად რატომღაც ასრულებს.

„ეს მათი პარტიული საქმეა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტიც, მხარის გუბერნატორებიც არიან არა სახელმწიფო ჩინოვნიკები, არამედ პარტიის აქტივისტები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართლიანი იყო ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ გაურკვეველ წარმონაქმნს, რომელშიც ვერ გაიგებდი, სად იყო სახელმწიფო სტრუქტურა და სად იყო პარტიული - „ნაციონალური მოძრაობა“.

ამასთან, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ რუსთავში უამრავი პრობლემაა, რომელიც არ მოუგვარებია სააკაშვილის ხელისუფლებას. შადრევნების დამონტაჟება და ფასადების შეღებვა, რა თქმა უნდა, რუსთავის ცენტრალურ ქუჩებსაც შეეხო, მაგრამ არის უბნები რუსთავში, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაა და იქ არავის თითი არ დაუკარებია და ადამიანების პრობლემებზე არ უზრუნია. მეტიც, ძიძიგურის ინფორმაციით, სოციალურ დახმარებასაც კი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის იმეტებდნენ და ეს იყო მათი შერჩევითი სამართალი.