ჰორეკა სექტორი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს, თუმცა მთავრობაში ამაზე არც კი ფიქრობენ, რადგან ახლა ნომერ პირველი ამოცანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაა. ამ დროს მომსახურების სფეროში ვითარება სულ უფრო მძიმდება, თანაც წინ სადღესასწაულო დღეებია, როცა სოციალური პრობლემები განსაკუთრებული თვალშისაცემი ხდება.
სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა მთავრობას 5 მოთხოვნა წაუყენა. კაფე-რესტორნების წარმომადგენლები სექტორის გადარჩენისთვის პრემიერს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. მოთხოვნები ასეთია:
- სახელმწიფოს მიერ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ით კომპენსაცია;
- სახელმწიფო გახდეს გარანტი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის, სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი, ხოლო ლოკდაუნის ორთვიან პერიოდში - 0%-იანი სესხების გამოსაყოფად, რაც მიემართება თანამშრომლების ხელფასების ასანაზღაურებლად;
- სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის, ერთი წლის განმავლობაში, შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი;
- დაწესდეს საშეღავათო პერიოდი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე;
- ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში.
რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებლის გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, დეკემბერი მათთვის გადამწყვეტი იქნება.
„ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას პრობლემები აქვს საკრედიტო ხაზთან და ბანკებთან დიდი დავალიანებები აქვთ, ასევე, ვალი აქვთ მომწოდებელ კომპანიებთან. დეკემბერი ჩვენთვის სამაგალითო იქნება სრულად დავიკეტებით თუ - არა. ძალიან რთულია, ის ხალხი, რომელიც ამდენი ხანი შენს გვერდით დგას, ახალი წლის წინ დატოვო შემოსავლის გარეშე და არა მხოლოდ ახალი წლის წინ“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა „ბიზნეს მედიასთან“ და დასძინა, რომ კვების ობიექტების ზარალი ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში 70% იყო, ხოლო დღეს ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, რადგან არსებულ შეზღუდვებს გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც ემატება.
ყველა აღიარებს, რომ ეპიდემიოლოგიური გამოსწორების თავლსაზრისით შემოღებული შეზღუდვები, ჰორეკა სექტორს ძირს უთხრის, თუმცა მთავრობა შეზღუდვების გადახედვას არ გეგმავს.
„ბიზნეს სექტორთან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რატომ არის დღესდღეობით ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად მკაცრ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და უკვე განმარტეს კიდეც, თუ რა საშუალება არსებობს. შეზღუდვების გადახედვა კი ვერ მოხდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება. ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით სჭირდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ მომენტისთვის რესტორატორებს ყველაზე მეტად თანამშრომელთა ხელფასები ადარდებთ. რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რესტორნების 80% ვერ გაიხსნება, თუმცა მათთვის დღეს არსებული პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამომავლო პროგნოზი.
„ვფიქრობ იმაზე - რა მოხდება ხვალ. ვინ გადაიხდის იმ ხელფასებს, რომელიც ჩვენმა თანამშრომლებმა ორ კვირაში უნდა აიღონ. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ვიკეტებოდით, რომ გვცოდნოდა კიდეც, ამ სიტუაციაში ამ ბიზნესს იმის კაპიტალი არ აქვს, რომ რამდენიმე თვე თავი ირჩინოს, მაგრამ რადგან დღენახევრით ადრე გავიგეთ ჩაკეტვის შესახებ, აბსოლუტურად მოუმზადებლები შევხვდით ამას. თვეების მანძილზე გვესმოდა ბიზნესი არ დაიკეტება და ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებდა, მაგრამ მოხდა პირიქით.
ჩვენი თანამშრომლები უსახსროდ რჩებიან. 200 ლარით, რომელიც იანვრიდან უნდა ჩაირიცხოს, ადამიანი ვერ იარსებებს, ამიტომ პირველი მოთხოვნა არის თანამშრომლების ხელფასების სუბსიდირება. ეს საკითხი როგორღაც უნდა მოგვარდეს. შემდეგ კი ყველაზე მტკივნეული არის საბანკო სესხები, რომლის მიზნობრიობა სარესტორნო სფერო იყო. დაანონსდა, რომ მიდის ამ საკითხზე მოლაპარაკებები, თუმცა ჩემმა ბანკირმა გუშინ მითხრა, რომ საერთოდ არაფერი იცის ამ საკითხზე“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.