„სოციალისტებმა“, „რეფორმატორებმა“, „პროგრესისტებმა“ და შევარდნაძის გარშემო შეკრებილმა სხვა მცირე პარტიებმა არჩევნებში მწარე დამარცხება იგემეს. სხვათა შორის, ბლოკ „პროგრესის“ შემადგენლობაში იმყოფებოდნენ როგორც ავთო მარგიანი, ისე ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც ვაკის საარჩევნო ბლოკში კენჭს იყრიდა ირაკლი ბათიაშვილთან ერთად.
ირაკლი ბათიაშვილს, ფაქტობრივად, არანაირი ფინანსური მხარდაჭერა არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც გავიდა მეორე ტურში და „პროგრესისტთა“ კანდიდატის დამარცხების შანსს კვლავაც ინარჩუნებს.
ყველა ზემოთხსენებული ორგანიზაცია, არსებითად, „მოქალაქეთა კავშირის“ განაყოფია, რომელთაც სცადეს „შევარდნაძის პარტიის“ ორბიტიდან გამოსვლა ისე, რომ „მანათობელ მზეს“ არ დაშორებოდნენ. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. შევარდნაძემ არავითარი აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწია ამ პარტიათა ჩამოყალიბებას, ვინაიდან ნათლად აცნობიერებდა, რომ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაში აზრი არ ჰქონდა. ეს გარკვეულწილად გაართულებდა კიდეც მის მდგომარეობას. ამიტომ, მომავალმა პრეზიდენტმა არჩია ბალანსირების პოლიტიკა გაეტარებინა ამ შემთხვევაშიც (ისევე, როგორც ბევრ სხვა სასიცოცხლო საკითხში) – „ცენტრალური ფიგურის“ სასარგებლო წონასწორობის შესაქმნელად.
შევარდნაძემ აიძულა „მოქალაქეთა კავშირი“, გაეტანა სარჩელი სასამართლოდან „სოციალისტების“ წინააღმდეგ. ამით მან ვახტანგ რჩეულიშვილს დაუჭირა მხარი და საკუთარი პარტია, გარკვეულწილად, გაანაწყენა კიდეც, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რაკი შევარდნაძე ყველაზე სრულ ინფორმაციას ფლობდა, იგი შესანიშნავად ხედავდა „ჯუჯა პარტიათა“ პერსპექტივებს (უფრო ზუსტად, ამგვარი პერსპექტივების არარსებობას). ამიტომაც ცდილობდა, არ შეექმნა უდროო დაპირისპირების პრეცედენტი, რათა მდგომარეობა არ გაერთულებინა.
ვახტანგ რჩეულიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და ავთანდილ მარგიანმა სერიოზული რისკი გასწიეს, მაგრამ დამარცხდნენ და კვლავ აღზევების ყოველგვარი შანსიც დაკარგეს. თუ მარგიანს არავითარი წინაპირობა არ გააჩნდა მოხვედრილიყო „მოქალაქეთა“ ორბიტაზე, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული იმიჯის წყალობით ვახტანგ რჩეულიშვილსა და გია ჟორჟოლიანს სავსებით შეეძლოთ „მოქალაქეთა კავშირის“ სიით შესულიყვნენ პარლამენტში - პირადი ამბიცია რომ დაეოკებინათ და ზურაბ ჟვანიას ლიდერობას შერიგებოდნენ.
მიუხედავად ამისა, ვახტანგ რჩეულიშვილი შევარდნაძისათვის იმდენად სასარგებლო და საჭირო ფიგურაა, რომ საეჭვოა მისი კარიერა 5 ნოემბერს დამთავრდეს - პრეზიდენტი არც გია ჟორჟოლიანს აწყენინებს, ვინაიდან იგი არავითარ შემთხვევაში არ შექმნის „უმადურობის“ პრეცედენტს, - ეს შეიძლება ცუდი მაგალითი აღმოჩნდეს სხვებისათვის და შეასუსტოს მისი მდგომარეობა.
რაც შეეხება ავთო მარგიანს, მას ცხოვრების ბოლომდე ეყოფა შევარდნაძის მთავრობიდან გამოყოლილი სითბო და შუქი.