2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია

2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია

2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია – მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო–ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო–ს 2030–ის სტრატეგიის ერთ–ერთი ამოცანა არის ნატო–ს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერება. ეს კი თავისთავად მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცებას. მათ შორის, საქართველოსთან.

სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ნატო–ს ღირებული პარტნიორია და ამ პარტნიორობის შედეგად უსაფრთხოდ არიან. გენერალური მდივნის განცხადებით, ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კარგია ნატო–სთვისაც, რადგან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო–ს მისიებსა და ოპერაციებში.

„ეს განსაკუთრებით ეხება ავღანეთის მისიას, რომელშიც დიდი რაოდენობით ქართველი სამხედრო უკვე წლებია მონაწილეობს. ალიანსი საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს შავ ზღვაში. ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში.

მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატო-ს ტრეინინგცენტრს თბილისთან ახლოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დამატებით შეუძლია რუსეთის სამხედრო გააქტიურების საპასუხოდ და შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის შესანარჩუნებლად. ამასთან აღსანიშანვია ნატო–ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში – „NATO 2030: United for a New Era“, რომელიც მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებსა და ხედვას შეიცავს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. დოკუმენტის შემუშავებაში გარკვეულწილად ქართული მხარეც იყო ჩართული.

საქართველოს, როგორც ნატო–ს ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა ალიანსის მომავლის განმსაზღვრელი ამ დოკუმენტის შემუშავებაში მიუთითებს ნატო–სა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. დოკუმენტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს ღია კარის პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ კონტექსტში მოხსენიებულია სამი ასპირანტი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.

ექსპერტთა ჯგუფი დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში მკაფიო რეკომენდაციას აძლევს ალიანსს, რომ იგი დარჩეს ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების განსახოციელებლად, და დღის წესრიგის უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ასპირანტების გაწევრიანების საკითხი.

ექსპერტების რეკომენდაციით, ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან – დემოკრატიებთან, რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება, მაგრამ იმყოფებიან რუსეთის მუდმივი საგარეო და შიდა ზეწოლის ქვეშ. ნატო–ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე მოლოდინს არ ზრდის და წინასწარ არ ამბობს, რომ ხვალ ან ზეგ MAP–ს მივიღებთ, მაგრამ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები, მისი თქმით, დღეს არსებობს.

„ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მინისტერიალი, რომელიც აქამდე გვქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ის შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას ეხმაურება. მათი სურვილია, ნატო–სთან საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს. არ არის საქართველოსთვის ახალი, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ნატო–ს წევრი. რა თქმა უნდა, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი, უბრალოდ ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ეს თემა უფრო კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, საქართველო და უკრაინა ასპირანტი ქვეყნები არიან, ისევე როგორც სხვები.

საქართველოს აქვს განსაკუთრებული პოზიცია და ვფიქრობ, ეს პოზიცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს. არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ MAP–ს მივიღებთ ხვალ ან ზეგ, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს და დანარჩენს უკვე მომავალში ვნახავთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა მზად არის, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი, ნატო–ს წევრობა მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ყველა აღიარებს და ერთხმად ამბობს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო–ში გაწევრიანებისთვის და, რომ საქართველო ფაქტობრივად მოქმედებს უკვე როგორც მოკავშირე.

„სამოქმედო გეგმა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამ მიმართულებითაც ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა ფაქტობრივად სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან და ყველაზე აქტუალურ ელემენტებს შეიცავს. აღიარებულია ისიც, რომ სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.

პრაქტიკულად, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო გაცხადებული მიზანი – წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი ქმედებებით, რეფორმების განხორციელების კუთხით, თანმიმდევრულობით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის თანმიმდევრული პოლიტიკით ვაახლოვებთ ამ პროცესს. სწორედ ამ თემებზე გვექნება დღეს საუბარი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო–ს წევრები გახდებიან. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით“, – აცხადებს ნატო–ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ, რომლის განცხადებით, ეთანხმება მოსაზრებას, რომ შესაძლებელია, ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ.

„მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატო–სა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო–რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო–ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო–ში არაერთხელ უსვამენ ხაზს, რომ რიგ რეფორმებში საქართველო გაცილებით წარმატებულია, ვიდრე ნატო–ს წევრი ქვეყანა.

ბოლო პერიოდის პოლიტიკური შეფასებები, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების, ლიდერების და ნატო–ს ხელმძღვანელობის, იმის იმედს და თითქმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური დრო რაც შეიძლება მალე დადგეს და ჩვენ კონკრეტულად ვიმუშავოთ საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე. ეს ერთობლიობაში ძალიან კარგი გზავნილებია, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები გავაძლიეროთ და ამ მიმართულებით ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე ვიყოთ“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი დარწმუნებულია, რომ ნატო–საქართველოს ურთიერთობები გაცილებით ახლო და დინამიური გახდება. მისი შეფასებით, მინისტერიალი არის მოსამზადებელი ეტაპი, რათა გავარკვიოთ და დადგინდეს, რა ფორმა მიეცემა ნატო–საქართველოს ახალ ურთიერთობას, ის, რომ რაღაც დადებითი მოხდება, არა რწმენა, არამედ მოლოდინია.

ხელაშვილის თქმით, პოზიტიურ მოლოდინს ქმნის ის ფაქტი, რომ აშშ–ის ახალ ადმინისტრაციაში არიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მუდამ მხარს უჭერდნენ ევროატლანტიკური კავშირის გაძლიერებას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანი მიმართულებაა.

„შეიძლება, მე იმასაც ველოდებოდე, რომ ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება, ვიდრე იყო პრეზიდენტ ობამას დროს, რომ არაფერი ვთქვათ ტრამპის პრეზიდენტობაზე. შესაბამისად, საქართველო უნდა უყოს მზად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს სამომავლო მოლაპარაკებებში.

ძალიან კარგია, რომ ნატო–ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოსთან ნატო–ს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე, რაც შეიძლება წავიკითხოთ როგორც მოწოდება მაპის, მოქმედების გეგმის მინიჭებაზე. რამდენად განხორციელდება ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ საქართველოსა და ნატო–ს ურთიერთობები მომავალი ოთხი წლის შემდეგ გაცილებით უფრო ახლო და დინამიური გახდება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

Lolo47 კატა რომ განწირულ თაგვს ათამაშებს, ისე გვათამაშებენ უკვე რამდენია წელია ჩვენი შეშფოთებული (იშვიათად, აღშფოთებული) დაუძინებელი „მეგობრები“. ღმერთო, რა გულუბრყვილო და ტუტუცი ერი ვართ!
3 წლის უკან
Maverick ერი არა, "დემოკრატიულად" წამჯიკავებელი მმართველები!
3 წლის უკან