კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირება მომავალი წლის 3 იანვრიდან დაიწყება და 24 თეთრით მოიმატებს. ერთიანად გაძვირებული გადასახადი 2021 წლიდან 1.10 ლარი გახდება. „თბილისი ენერჯის“ გადაწვეტილებამ სახტად დატოვა მეწარმეები. ისინი მთავრობას მოუწოდებენ საქმეში სასწრაფოდ ჩაეროს. წინააღმდგე შემთხვევაში, ეს ბიზნესის დაბოქლომების ტოლფასი იქნება.
„ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი აირის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.
შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. კომპანია, შექმნის პირველივე დღიდან, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, საკუთარი რესურსებით აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით ბუნებრივი აირის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილ სხვაობას.
მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს - მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-განახლება, რომელიც 60 წელია, არ შეცვლილა და მწყობრიდანაა გამოსული. ქსელის განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი აბონენტების, დედაქალაქის მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის.
დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციობას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ტარიფის გაზრდა ალბათ მოსალოდნელი იყო, რადგან ლარის კურსი უკვე დიდი ხანია ეცემა და დოლარში ნაყიდი პროდუქტი გაძვირდებოდა.
„მოგეხსენებათ, ყველა კატეგორიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია, ანუ გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე. შესაბამისად, კომპანიებს აქვთ უფლება, მარეგულირებლის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები, როცა საქმე ეხება კომერციულ მომხმარებელს, მაგრამ ეს ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ მომხმარებლებს, ასე მოიქცა „თბილისი ენერჯიც“. როდესაც პროდუქტს, რომელიც უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს, უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ და ვაწვდით ლარში, პარალელურად, კურსთაშორის სხვაობა იზრდება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ალბათ ფასზეც უნდა აისახოს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ „საქმის კურსში“ და იქვე დასძინა, რომ განსხვავებით კომერციული ტარიფისა, საყოფაცხოვრებო ნაწილში გაზგამანაწილებელ კომპანიებს ნაკლები თავისუფლება აქვთ, რადგან ამ შემთხვევაში ტარიფს 3 წლით სემეკი ადგენს და ის შარშან დამტკიცდა.
სამართლებრივად „თბილისი ენერჯის“ ქმედება სწორია, მაგრამ რამდენად ადეკვატური იყო დრო, რომელიც კომპანიამ შეარჩია? ვეფხვაძე აზრით, ეს რთული სათქმელია, რადგან ისიც ბიზნესია.
„აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი კომპანიის, ორი სხვადასხვა სექტორის ინტერესები, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რატომ გააკეთა ახლა და არა სხვა დროს, რადგან კომპანიას თავისი ფინანსური ანგარიშები აქვს და არსებობს პრობლემები, რაც ერთი დღის წარმოქმნილი არ არის. ბოლო 2-3 წელია გაცვლითი კურსის ვარდნა მიდის. ეს ყველაფერი აწვება ბიზნესს, გვაწვება ჩვენ, რადგან ჩვენ გვიწევს დამატებითი თანხის გადახდა.
როცა ლარის კურსი ეცემოდა, მახსოვს განცხადებები, რომ ეს მთავარი არ არის, რადგან მთავარია ინფლაცია, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ კურსი საბოლოოდ არის მთავარი და ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში ძვირდება და გაძვირდება კიდეც. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ გაზგამანაწილებელმა გაზარდა ტარიფი, არამედ ის, თუ რატომ ეცემა ლარის კურსი“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ახალმა ინფორმაციამ მეწრამეები შოკში ჩააგდო. გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის სანდრო რატიშვილის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, „მწარმოებლების კარებზე ბოქლომები უნდა ჩამოეკიდოს“.
„ეს არის კატასტროფა, მოულოდნელი რამეა და ნიშნავს წარმოებების დახურვას. წარმოუდგენელი რამეა, აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს ყოვლად მიუღებელია და ამ გადაწყვეტილების დაშვება არაფრით შეიძლება. მით უმეტეს დამძიმებული პანდემიური ვითარების გამო ამ მასშტაბით გადასახადის გაზრდა ნიშნავს ყველა წარმოებაზე დიდი ბოქლომის ჩამოკიდებას. მსგავსი გადაწყვეტილების არათუ აღსრულება, არამედ წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
რისთვის გვყავს მთავრობა? რისთვის ვირჩევთ ხელისუფლებას? ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა. მართალია, ეს კერძო კომპანიაა, მაგრამ არ არის ჩვეულებრივი კერძო კომპანია, ეს არის ბუნებრივი მონოპოლისტი, რომელიც ახორციელებს კონკრეტული პროდუქტის მიწოდებას კონკრეტულ ბაზარზე. არსებობს მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც მსგავს საკითხებს არეგულირებენ და სწორედ მათი მეშვეობით უნდა მოაგვაროს საკითხი მთავრობამ“, - განაცხადა რატიშვილმა.
მისი აზრით, უნდა შეიქმნას პლატფორმა ასოციაციების ბაზაზე, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.